კალათბურთი

1:11 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში მხოლოდ სანიკიძემ და ბურჯანაძემ ითამაშეს

უკრაინაში ცინცაძემ ლიდერობა დათმო


ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” ტენერიფეში “იბეროსტარს” ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 78:75 იმარჯვა.

შერმადინი შეუძლოდ გახლდათ და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, სანიკიძე კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა, მოედანი უქულოდ დატოვა.

ვიქტორმა 12:21 წუთს ითამაშა და აქტივში 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა. ქართველმა ფორვარდმა 3 ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დააფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

სარაგოსულმა კლუბმა 8 მარცხის წილ მე-11 გამარჯვება იზეიმა და მე-6 ადგილზე მყარად დამკვიდრდა.

9 მოგება და 10 მარცხი გააჩნია ბექა ბურჯანაძის “კახასოლს”, რომელიც ამჯერად მალაგაში “უნიკახას”  ესტუმრა და უიმედოდ – 76:89 დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი მოედანზე მხოლოდ 01:17 წუთი გამოჩნდა და გასაკვირი არაა, რომ ყველა გრაფაში ნულიანები ჰქონდა.

უკრაინულ სუპერლიგაში ცენტრალური დაპირისპირება შედგა იუჟნის “ხიმიკს” და გიორგი ცინცაძის “დონეცკს” შორის.

ბრძოლა არ ყოფილა. იუჟნელებმა უმთავრესი კონკურენტი 97:76 გაანადგურეს, ქართველმა უკანახაზელმა კი თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო და 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, 4 შეცდომა დაუშვა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

“დონეცკს” მე-18 მატჩში 15 მოგება შერჩა და პირველი ადგილი სწორედ “ხიმიკს” დაუთმო.

0.119007