პრიმერა დივიზიონის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა საუკეთესოები გამოავლინეს. ესპანეთში მოღვაწე მწვრთნელებისა და კაპიტნების რჩეულები ანდრეს ინიესტა, კრიშტიანუ რონალდუ, დიეგო სიმეონე, ფრანკ რიბერი და იუპ ჰაინკესი არიან.
გამოკითხულებს თავიანთი ფავორიტები შემდეგ ნომინაციებში უნდა დაესახელებინათ: საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი, ლა ლიგაში მოთამაშე საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი, ლა ლიგაში მომუმშავე საუკეთესო მწვრთნელი, სხვა ჩემპიონატში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელი და სხვა ჩემპიონატში მომუშავე საუკეთესო მწვრთნელი.
საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელის წოდება “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ მიიღო. საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, ხოლო პრიმერას საუკეთესო მწვრთნელად მადრიდის “ატლეტიკოს” დამრიგებელი, დიეგო სიმეონე აღიარეს. საზღვარგარეთ მოღვაწე საუკეთესო ფეხბურთელი “ბაიერნის” ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერი გახდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მიუნხენელთა ყოფილმა დამრიგებელმა, იუპ ჰაინკესმა მიიღო.