გულშემატკივრის სვეტი

14:47 | 25.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის წელი

ბავშვობიდან მოყოლებული, ესპანეთსა და ესპანელებზე, ძირითადად, ნიჰილისტური პასაჟები მომისმენია. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, ბევრი ფიქრობდა, რომ ესპანელები მეტად უცნაური ხალხი იყვნენ და დიდ წარმატებებს მათთან არაფერი ჰქონდა საერთო. გაქიაქების საგნად, განსაკუთრებით, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები იყო ქცეული, რომელსაც არათუ მსოფლიოს ჩემპიონობამდე, ფინალისტის სტატუსამდეც კი ვერ მიეღწია. “დამიჯერე რა, ესპანეთის ნაკრები ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს, რადგან მაგათ გუნდში ყველა თავისი კუთხისას მიერეკება და ასეთი გუნდი ჩემპიონობაზე არც კი უნდა ოცნებობდეს“, – დღესაც ყურში ჩამესმის ერთი ჩემი მეგობრის მიერ 2008 წელს ნათქვამი სიტყვები, როდესაც ევროპის ჩემპიონატი იწყებოდა და სხვადასხვა გუნდების საჩემპიონო შანსებზე ვსაუბრობდით. სწორედ 2008 წელი გახდა წყალგამყოფი დამარცხებულ და გაბაიბურებულ პირინეელებსა და დღევანდელ ესპანელ სპორტსმენებს შორის, რომლებმაც არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ სპორტის სხვა ბევრ სახეობაშიც მოიდგეს წელი.
აწ უკვე მიწურული 2011 წელიც თავისუფლად შეგვიძლია, რომ “ესპანელთა წლად“ დავასახელოთ. დავიწყოთ იმით, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში “ბარსელონამ” გაამართლა „მითი“ მისი უძლეველობის შესახებ და ჩემპიონთა ლიგის თასს ისე დაეუფლა, არავინ დაეჭვებულა კატალონიელთა ღირსეულ ჩემპიონობაში. ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, ბომბარდირად და მწვრთნელად, რა თქმა უნდა, კატალონიური გუნდის ხალხი - ლეო მესი და პეპ გვარდიოლა წარმოჩინდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ლეო მესიმ 2011 წელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის რანგში დაიწყო და მას ამ ტიტულს ასევე ესპანეთში მობურთალი 2 ფეხბურთელი, ინიესტა და ჩავი ეცილებოდნენ, რომლებიც შესაბამისად, მე-2 და მე-3 ადგილზე გავიდნენ.
ამას გარდა, მიმდინარე წელს ესპანელებმა კალათბურთშიც იპირველეს და მეფე ხუან კარლოსის სამეფოს ევროპის ჩემპიონის თასი შემატეს. თუკი გულდასმით ადევნებდით თვალს სულ რამდენიმე თვის წინათ დასრულებულ საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატს, ალბათ, დაგვეთანხმებით იმაში, რომ ძმები გასოლებისა და მათი მეგობრების გუნდი თავიდანვე გამოკვეთილი ფავორიტი იყო და უძლეველი ესპანეთის ნაკრების ჩემპიონობა ბუნებრივი და ლოგიკურია.
2011 წელს, ესპანელებმა არც ჩოგბურთში შეირცხვინეს თავი. ფინალში არგენტინის გუნდის 3:1 ძლევის შემდეგ, ესპანელები დევისის თასს დაეუფლნენ და ამ სახეობაშიც კიდე ერთხელ დაადასტურეს, თუ რა შეუძლია ამ საოცარ ხალხს.
ესპანელთათვის გასულ წელს მხოლოდ ის იყო განსაკუთრებულად გულდასაწყვეტი, რომ ესპანური და მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდამ, რაფაელ ნადალმა ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა. სხვა მხრივ კი, სპორტის მოყვარული პირინეელები, ძირითადად, ზეიმსა და გამარჯვების თანმხლებ გულის დამატკბობ ტაშ-ფანდურში იყვნენ.
როდესაც 2011 წელზე ვსაუბრობთ, არ მინდა იფიქროთ, რომ სამხრეთ აფრიკაში ”ფურია როხას” შარშანდელი დიდი ტრიუმფი ამ ერთმა წელმა გააფერმკრთალა. ესპანეთის ნაკრებს საქართველოში მთლად იმდენი ქომაგი ალბათ არ ჰყავს, როგორც ბრაზილიას, არგენტინას ან იტალიას და მათი დიდი ნაწილი ესპანელთა გულშემატკივარი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გახდა, მაგრამ შარშან რომელი გუნდისთვისაც კი არ უნდა გვექომაგა, ალბათ, ყველა ვაღიარებთ, რომ ესპანელებმა დიდებულად იჩემპიონეს და ამ გუნდმა სწორედ ის ფეხბურთი აჩვენა, მსოფლიოს ჩემპიონობისათვის რომაა შესაფერისი.
ფაქტია, რომ ეს დიდი წარმატებები ესპანელთა თავზე ციდან არ ჩამობერტყილა და აქამდე, ბევრი შრომისა და მონდომების შედეგად მივიდნენ.
მსოფლიოში არსებული ჯერაც დაუმარცხებელი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, პრობლემები მხოფლიოს არაერთ წარმატებულ ქვეყანას და მათ შორის ესპანეთსაც შეექმნა. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ საბერძნეთის შემდეგ, ეკონომიკური კრიზისი მთელი ძალით თავს იტალიასა და ესპანეთს დაატყდება. იგივე ეკონომისტებმა ესპანელებს ურჩიეს, რომ სხვადასხვა ”დამატებითი ხარჯები” და მათ შორის სპორტში, სპორტსმენების ხელფასების სახით ჩადებული ფინანსები შეამცირონ, რადგან ეს კიდევ დამატებით პრობლემებს უქმნის ესპანეთის არც ისე მონოლითურ ეკონომიკას. ამის მიუხედავად, ესპანეთის პრემიერი აცხდებს, რომ სპორტი მათი ხალხისათვის ისეთი აუცილებელია, როგორც საჭმელი და სპორტსმენებისათვის ხელფასების შეკვეცა ესპანეთს კარგს არაფერს მოუტანს. ეკონომისტები ესპანეთის პრემიერის მოსაზრებას რა თქმა უნდა მარტივად გააბათილებენ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რაოდენ ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხალხისა და ქვეყნის პრიორიტეტად სპორტს თვლის. გასაგებია, რომ დღეს ესპანეთს ფეხბურთშიც, კალათბურთსა და ჩოგბურთშიც საოცრად ნიჭიერი თაობა ჰყავს, მაგრამ როდესაც ნიჭს გვერდით ღირსეული ადამიანები უდგანან, დიდი წარმატებებიც მაშინ მიიღწევა!
 

ლევან სეფისკვერაძე

 

0.140325