სლოვენიაში მიმდინარე საკალათბურთო ევროპირველობის ბოლო დღეს, ფინალის წინ, მესამე ადგილისთვის ბრძოლა გაიმართა. "სტოჟიცე-არენაზე" ესპანეთის და ხორვატიის ნაკრებები ერთმანეთის პირისპირ ტურნირზე უკვე მეორედ წარსდგნენ. პირველი მოგებული მატჩის მსგავსად (68:40), პირინელებმა რეპეშას გუნდი ამჯერადაც იოლად დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
მატჩში ანგარიში სარიჩმა ორქულიანი სროლით გახსნა. ამის შემდეგ ხორვატები მოდუნდნენ და ესპანელებმაც 11-ქულიანი გაქცევა მოაწყეს. რეპეშას შეგირდებმა, პირველი მეოთხედის ბოლოსკენ, რუდეზისა და ბოგდანოვიჩის კარგი თამაშის წყალობით, ანგარიშში სხვაობის მცირედით შემცირება შეძლეს (18:23).
მეორე მეოთხედის ნახევარი გასული იყო, როდესაც ტურნირზე ხორვატთა მთავარმა მექულემ, ბოიან ბოგდანოვიჩმა ზედიზედ ორი სამქულიანი სროლა განახორციელა და ხორვატები წინ გაიყვანა (28:27). ბოგდანოვიჩი პირველ ტაიმში შეუჩერებელი იყო. “ფენერბახჩეს” კალათბურთელმა პირველ ტაიმში 19 ქულა მიითვალა. ესპანელთაგან საუკეთესო, 14 ქულით სერხიო ლული აღმოჩნდა. მადრიდის რეალის მოთამაშემ ბოლო წამზე სამქულიანი ზუსტად ესროლა და პირინელები შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გაიყვანა (47:36).
მესამე მეოთხედში, ესპანეთის ნაკრებმა უპირატესობა კვლავ გაზარდა და უკანასკნელ ათწუთეულს 15-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. ბოლო მეოთხედში, ხორვატიას დაღლილობა დაეტყო. ესპანელები 35-ე წუთისთვის 25 ქულითაც კი იგებდნენ და უკვე ნათელი იყო ბრინჯაოს მედლის მფლობელის ვინაობა. ბოლო წუთები ფორმალურ შეტევებში წარიმართა და საბოლოოდ, მატჩი აწ უკვე ევროპის ექს-ჩემპიონებმა 92:66 მოიგეს. ესპანელებმა ევრობასკეტის ისტორიაში ბრინჯაოს მედლები მესამედ დაისაკუთრეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე სერხიო ლული გახდა. ესმანელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 26 წუთში 21 ქულა და თითო-თითო მოხსნა და პასი მიამატა.
როგორც აღმოჩნდა, ხორვატებს ამ ევრობასკეტზე ბედი არ სწყალობს. რეპეშას შეგირდებმა, ტურნირის პირველი და ბოლო მატჩიც ესპანეთთან წააგეს. მიუხედავად მარცხისა, ხორვატებს ერთი მონაგარი მაინც აქვთ: მათ ესპანეთში გასამართი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.
გვიან საღამოს, ლიტვასა და საფრანგეთს შორის მატჩში, "ბებერი კონტინენტის" 2013 წლის ჩემპიონი გამოვლინდება. ბალტიისპირელები მეოთხედ შეეცდებიან გაჩემპიონებას, ფრანგები კი, მოგების შემთხვევაში, უმთავრეს ტიტულს პირველად მოიპოვებენ.
ლუბლიანა. "სტოჟიცე-არენა". 6 050 მაყურებელი
ესპანეთი _ ხორვატია 92:66 (23:18, 24:18, 16:12, 29:18)
ესპანეთი: აგილარი (1მ), ფერნანდესი (8ქ. 4მ. 3პ), როდრიგესი (2ქ. 1მ. 3პ), რეი (4ქ. 1მ), კალდერონი (8ქ. 1პ), რუბიო (6ქ. 2მ. 6პ), კლავერი (16ქ. 6. 1პ), სან ემეტერიო (5ქ. 5მ. 3პ), ლული (21ქ. 1მ. 1პ), გასოლი (17ქ. 8მ. 2პ), გაბრიელი (5ქ. 1მ).
მწვრთნელი: ხუან ორენგა
ხორვატია: ტომიჩი (1ქ. 2მ. 2პ), ანდრიჩი (2ქ. 1მ), დრაპერი (5ქ. 3მ. 4პ), ბოგდანოვიჩი (22ქ. 4მ. 1პ), სარიჩი (6ქ. 4მ. 1პ), რუდეზი (5ქ. 1მ. 2პ), უკიჩი (12ქ. 4მ. 4პ), სიმონი (3ქ. 3მ), დელასი (2ქ. 1მ), ზორიჩი (8ქ. 6პ).
მწვრთნელი: იასმინ რეპეშა
გიორგი ბალახაძე
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma