კალათბურთი

13:24 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი მოდუნდა და კინაღამ დაისაჯა

2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე ესპანეთმა მოსამზადებელ მატჩში მაკედონიას უმასპინძლა და 66:61 იმარჯვა, თუმცა კი, ნერვიულობის გადატანა მოუხდა.

სანტიაგო დე კომპოსტელაში გამართული შეხვედრა მასპინძელთათვის იღბლიანად დაიწყო. ხუან ანტონიო ორენგას შეგირდები ვითარებას სრულად აკონტროლებდნენ და შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თამაშის განახლების შემდეგ კი 40:21 დაწინაურდნენ და თითქოს ყველაფერი გარკვეული გახლდათ...

თუმცა, ასე არ ფიქრობდნენ მაკედონიელები, რომელთაც მცირე-მცირე “გაქცევებით” ესპანელთა უპირატესობიდან არაფერი დატოვეს და დასკვნით მეოთხედში ანგარიში თანაბარი (56:56) გახდა.

ეს მით უფრო მოულოდნელი გახლდათ, რომ საკუთარ თავს არ ჰგავდა მაკედონიელთა ერთ-ერთი ლიდერი პერო ანტიჩი. მან თამაშიდან ყველა სროლა გააცუდა და ორადორ ქულას გამორჩა.

სამაგიეროდ, კარგად გაისარჯნენ პეროს თანაგუნდელები, რომელთაგან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად ხუთმა უწია, საუკეთესო კი მაკედონიელთა ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი ბო მაკკალები იყო – 10 ქულა, 8 პასი, 4 ჩაჭრა.

მიუხედავად ამისა, ბოლო სიტყვა მაინც მასპინძლების იყო. ესპანელებმა დარჩენილ წუთებში თამაში სათავისოდ კიდევ ერთხელ “მოატრიალეს” და მეტოქეს 5 ქულის სხვაობით სძლიეს, რაშიც დიდი წვლილი მარკ გასოლმა დაიდო.

ნბა-ში გამობრძმედილმა კალათბურთელმა 17 ქულას 8 მოხსნა და 4 დაფარება წაამატა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო ეფექტურობის კოეფიციენტი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მარკმა 6-ვე საჯარიმო ჩააგდო და საერთოდაც ამ კომპონენტში მასპინძლებს აშკარა უპირატესობა ჰქონდათ: 26-დან 20 საჯარიმო გამოიყენეს მეტოქის 8 საჯარიმოს (9-დან) წილ.

ესპანელთა გამარჯვება სწორედ საჯარიმოებმა განაპირობა, თორემ ზუსტ ორქულიანებსა (14 42-დან) და სამქულიანებში (6 17-დან) მათ მაკედონიელებზე უარესი მაჩვენებლები ჰქონდათ. აქვე ვთქვათ, რომ მოხსნებში სრული თანაფარდობა (41:41) გახლათ, პასებში სტუმრებმა იმარჯვეს (17:14), ჩაჭრებსა (10:8) და ბლოკ-შოტებში (6:1) კი ესპანელები დომინირებდნენ.

ორენგას ბიჭები, რომელთაც ჯერ არცერთი საკონტროლო მატჩი არ წაუგიათ, დღეს, ლეონში მაკედონიელებს კიდევ ერთხელ ეთამაშებიან, 23 აგვისტოს მადრიდში საფრანგეთს მიიღებენ, 28-29-ში კი მურსიასა და სარაგოსაში დიდ ბრიტანეთს უმასპინძლებენ და მოსამზადებელ ციკლსაც დაასრულებენ.

 

ესპანეთი – მაკედონია 66:61 (21:13, 17:8, 13:24, 15:16)

ესპანეთი: როდრიგესი (25 წ. 7 ქ. 5 მ. 4 პ.), კალდერონი (19 წ. 10 ქ.), კლავერი (26 წ. 7 ქ. 3 მ. 3 ჩ.), სან ემეტერიო (12 წ. 3 ქ. 5 მ.), მ.გასოლი (30 წ. 17 ქ. 8 მ. 4 დ.); აგილარი (14 წ. 3 ქ. 4 მ.), ფერნანდესი (8 წ.), რეი (10 წ. 2 ქ.), რუბიო (19 წ. 3 ქ. 5 მ. 4 პ.), ლული (23 წ. 8 ქ.), მუმბრუ (14 წ. 6 ქ. 3 მ.).

მწვრთნელი: ხუან ანტონიო ორენგა.

0.149945