ინტერვიუები

10:41 | 4.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ესეკიელ გარაი: “ყველა მატჩს ერთნაირი მოტივაციით ვთამაშობთ”


“ელ კლასიკოში” მარცხმა, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებს გული კი დასწყვიტა, მაგრამ საფეხბურთო ცხოვრება ერთ ადგილას არ დგას და ხვალ, “სამეფო კლუბი”, პრიმერა დივიზიონის მორიგ მატჩში, “ალმერიასთან” შეეცდება სამი ქულის მოპოვებას. კასტილიელთა ახალგაზრდა მცველის, ესეკიელ გარაის მტკიცებით, გუნდი სწორ გზას ადგას და უახლოესი ტურის მატჩებში შეეცდება ლა ლიგას გათამაშების ცხრილში მოწინავე პოზიციის დაბრუნებას.

- კრიშტიანუ რონალდუ და კაკა, გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობენ. რამდენად მნიშვნელოვანია მათი არყოფნა “რეალისთვის”?
- ორივე ჩვენი საკვანძო მოთამაშეა, ამიტომაც მოუთმენლად ველით მათ მიერ სპორტული ფორმის სრულფასოვნად აღდგენას. იმედია, რონალდუცა და კაკაც მალე გუნდთან ერთად სრულფასოვან მზადებას გაივლიან.
- “ბარსელონასთან” წაგებამ, გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხომ არ გააუარესა?
- “ელ კლასიკოში” მარცხი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ პესიმიზმის საფუძველს არ იძლევა. “რეალი” სწორ გზას ადგას, რის დამტკიცებასაც შაბათს, “ალმერიას” წინააღმდეგ თამაშისას შევეცდებით.
- სერხიო რამოსის აზრით, “კამპ ნოუზე” მეორე ტაიმში ინიციატივის დათმობა, ფიზიკურ მომზადებასთან კავშირში არაა. ეთანხმებით თანაგუნდელის ამგვარ პოზიციას?
- სავსებით. “რეალის” ნებისმიერი ფეხბურთელი ფუნქციონალურად ბრწყინვალედაა მომზადებული. “ელ კლასიკოს” მსვლელობისას, მწვრთნელის დავალებების ზუსტად შესრულებას და სამი ქულის მოპოვებას ვლამობდით. სამწუხაროდ, ვერ შევძელით.
- “ალმერიასთანაც” ისეთივე მოტივაციით გახვალთ საასპარეზოდ, როგორც ბარსელონაში?
- ყველა მატჩს ერთნაირი მოტივაციით ვთამაშობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეხის დაცდენა არ აგვცდება. არადა, გრძელ სატურნირო დისტანციაზე, ქულების გაფლანგვის უფლება არ გვაქვს. ყოველმხრივ შევეცდებით, “ბარსელონას” ქულათა სხვაობის გაზრდის საშუალება არ მივცეთ და შეძლებისდაგვარად, კატალონიელთა გადასწრებაც მოვახერხოთ.
 

 

0.116768