სტატიები

14:51 | 4.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ეს ხომ უკვე ნანახი გვქონდა?

ეს ხომ უკვე ნანახი გვქონდა... არ ვიცით, ვინ ელოდა სპლიტის "პოლიუდზე" სხვაგვარ თამაშს და რატომ ელოდა - ნუთუ ვერ დავიმახსოვრეთ, რომ ნაკრებს არათუ მეტოქის ნახევარზე, რაგბის ენაზე, "ოცდაორის" ზონაში ბურთის შენარჩუნებაც კი უჭირს. არ შეიძლება, ასეთი ფეხბურთი გემოვნებიან გულშემატკივარს მოსწონდეს, მაგრამ როცა თავს ზემოთ ძალა არაა...
ნანახი გვქონდა, უბრალოდ, სერიალის გაგრძელება იყო. მაგრამ ეს სერიალი როდის დაიწყო, ნამდვილად არ მახსოვს... უბრალოდ, მეშინია, "სანტა ბარბარასავით” არ გაგრძელდეს დაუსრულებლად. თემურ ქეცბაიას დროს რომ არ დაწყებულა, ესეც ვიცი.
როგორ, პირველად ვნახეთ საკუთარ ნახევარზე ჩაკეტილი საქართველოს ნაკრები? გაიხსენეთ საფრანგეთი-საქართველო კლაუს ტოპმიოლერის დროს, ან უფრო ნათელი მაგალითი 2009 წელს, როცა ექტორ რაულ კუპერის გუნდმა სტუმრად პირველივე წუთზე გაუტანა ირლანდიას და მერე ცალკარა წავიდა. რა განსხვავება იყო? არაფერი, უბრალოდ, ირლანდიამ მსაჯის დახმარებით მოატრიალა თამაში, ხორვატები კი ბრიტანელებზე მძლავრები, შეტევებში ფანტაზიით მოთამაშეები არიან და მსაჯი არ დასჭირვებიათ. ესაა მთელი ფილოსოფია...
მაგრამ არც ტოპმიოლერ-კუპერის დროს რომ არ დაწყებულა, ეგაა მთელი უბედურება. თავი და თავი ბავშვთა ფეხბურთიდან მოდის - 90-იან წლებში ვიღაც "პროფესორმა" თქვა, ტექნიკა ისედაც მოჭარბებული გვაქვს ქართველებს და დროა, სხვა რამეებში მოვმაგრდეთო. კარგად ვიცი,  ბავშვთა სკოლებში (ყველაზე არ ვამბობთ, რა თქმა უნდა) გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა 100 მეტრის ცამეტ წამში გარბენას, ვიდრე ბავშვის ბურთთან მოფერებას, იმპროვიზაციას... იმიტომაცაა, ტექნიკური ფეხბურთელების დეფიციტი რომ გვაქვს. და ვინმე თუ გოჩა ხოჯავას, ლევან ყენიასა და სხვების არყოფნას ახსენებს, ხორვატთა დანაკლისსაც შეხედოს.
ისმის კითხვა - რა ქნას ქეცბაიამ? თამაშის შეცვლა რომ მოუწევს, ეს ორჯერ ორია. უახლოესი შესარჩევის მატჩები ლატვიასთან და მალტასთან გვაქვს, იქ კი, სპლიტური ვარჯიში არ გამოდგება. დიახ, ეს იყო ვარჯიში ბურთის მოგერიებაში, ოღონდ ქართველ ფეხბურთელებს სახეზე ეტყობოდათ, რომ ეს ვარჯიში ძალიან არ სიამოვნებდათ. ეს იყო წვალება.
ცალკე თემაა ბურთის დაცვიდან ამოტანის პრობლემა. კი ბატონო, ამოიტან, მაგრამ ვის აუტან? ვინ გაიქცევა? ვინ ამოგასუნთქებს? სანამ ალექსანდრე იაშვილი მინდორზე იყო, როგორღაც თავისი გამოცდილების ხარჯზე ახერხებდა ორი მცველის დაკავებას, მაგრამ დაღლილობისგან ენა ამოუვარდა 33 წლის კაცს და დააკვირდებოდით, როგორი დაცლილი მივიდა სათადარიგოთა სკამთან. ლადო დვალიშვილი კი საერთოდ მოწყვეტილი იყო გუნდს, უკაცრიელ კუნძულს ჰგავდა, ვერავინ რომ ვერ ხედავს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზურაბ ხიზანიშვილს 10-ნომრიანი მაისურა ეცვა.
არადა, თითქოს რა არის თავშისაცემი - ხორვატიასთან ტოლ-სწორად დავრჩით და უეფას წესებით, მოვუგეთ კიდეც. ვედრან რუნიეს სიცოცხლეში როგორ დაავიწყდება საქართველოს ნაკრები, როცა თბილისსიც და სპლიტშიც ბურთი არ მოუგერიებია - აქაც და იქაც ერთხელ დაურტყეს, ანუ ასოთხმოც წუთში ორი დარტყმა და ორი გოლი.
15 წუთი იყო გასაძლები. შესაძლოა, გაგვეძლო, შესაძლოა, კიდევ ნახევარი საათი რომ ყოფილიყო, მაშინაც გაგვეძლო, მაგრამ საბოლოოდ ტაბლო ულმობელი გამოდგა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, ხორვატია 76-ე წუთამდე საქართველოს კი არა, ტაბლოს უფრო ეთამაშებოდა.
საკვირველი სხვა რამეც არის. კი ბატონო, დარიო სრნა ნებისმიერ ქართველ ფეხბურთელზე მაღალი კლასისაა, მაგრამ იმდენად მაღალი, რომ მოკლე მონაკვეთზე ათმეტრიანი ჩამორჩენა ამოუქაჩოს? ეს ქართველის შიშია, კონტრშეტევაზე გადასვლის შიში. კონტრშეტევის არანაირი ნასახი, მხოლოდ და მხოლოდ გაძლება. რატომღაც მეგონა, სანდრო გურული შევიდოდა შეცვლაზე, ტექნიკურია, გამქცევია, ჯარიმების აკიდება შეუძლია და ვინ იცის, ცოტა თვალებში გამოახედებდა ნაკრების თამაშს, მაგრამ შორიდან ძნელია ლაპარაკი - ქეცბაია წყვეტს და მან კიდევ ერთი "ჩამბეტონებელით", მურთაზ დაუშვილით სცადა გაძლება.
ნაკრებმა უკვე 7 მატჩი ჩაატარა შესარჩევში და შედეგში რომელი ჭკუათმყოფელი ვერ დაინახავს პროგრესს. ჯგუფში თითქმის ყველა ურთულესი შეხვედრა მოშორებულია და მოგება-წაგებები, პლუს ბურთების ბალანსიც თანაბარია. მარტივად ითვლება მეორე ადგილზე გასვლის შანსებიც - "ჯვაროსნებმა" სამივე დარჩენილი მატჩი უნდა მოიგონ, ხოლო საბერძნეთმა თბილისში ჩამოსვლამდე ოთხ შეხვედრაში შვიდ ქულაზე მეტი არ უნდა დააგროვოს და თბილისში თავისთავად უნდა წააგოს. იქ ისრაელიც ჩასაფრებულია, მაგრამ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი საბერძნეთია. ანუ, შანსი არის, მაგრამ მცირე და არა პრაქტიკული, რადგან სამივეც რომ მოიგო, შესაძლოა, მაინც ვერ გახვიდე.
და კიდევ, საშინელებაა, როცა გაშვებული გოლი ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს ბრალდება. თან, სხვადასხვა ვერსიებით... ვისაც ვინ არ მოსწონს, იმას აბრალებს. დავიჯეროთ, მხოლოდ გოლებშია საქმე? ასეთი ჩაწოდებები, როგორიც გაშვებული გოლებისას იყო, სხვა ეპიზოდებშიც ხშირად ვიხილეთ, უბრალოდ, სხვა შემთხვევაში არ გავიდა, ამ ორში კი მშვენივრად მოთამაშე გიორგი ლორია უძლური აღმოჩნდა.
მე თქვენ გეტყვით, "კედელივით" იყო საქართველოს ნაკრები და ლოგიკიდან ამოვარდნილი გოლები გაუშვა...
მაგრამ რა გვიკვირს, როცა ხორვატიასთან შინ მოგებული მატჩის შემდეგ,  ფეხბურთში ერთ-ერთი ვითომ კომპეტენტური პიროვნება დაძმარებული იყო და ჩიოდა, ეს ფეხბურთელი რატომ ათამაშა ქეცბაიამ და ის რატომ არაო... წარმოიდგინეთ, ხორვატიასთან მოგების შემდეგ!
ჰოდა, ეს მერკანტილური ინტერესები კიდევ უფრო წელსქვემოთ ურტყამს საქართველოს ნაკრებს.
და მაინც, ნაკრებს გამხნევება სჭირდება. ათასჯერ გაგონილ-გაცვეთილისა არ იყოს, ბიჭებმა ყველაფერი დადეს, მაგრამ იმის ძახილი, რომ ყველაფერი კარგად არის, არაფერს გვიშველის, თამაშის განხილვა "მადლობის წერილი" არაა და ჭირის დამალვა უარეს ჭირამდე მიგვიყვანს.
 

 

ილია ნანობაშვილი
 

0.153359