ფეხბურთი

1:03 | 6.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეს “ჯვაროსნები” იმ “ჯვაროსნებს დაემსგავსნენ

3 დღის წინათ, ირალანდიასთან სამარცხვინო მატჩის შემდეგ (0:4) ჩვენს ნაკრებს გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაცია სჭირდებოდა. თუმცა, ამჯერად, უკეთესი თამაშის მიუხედავად, ეს მაინც ვერ მოახერხა. საწყენია, რომ ის “ტრადიციაც” ირღვევა, როცა ვამბობდით, ქეცბაიას გუნდი აგებს, მაგრამ ბევრ გოლებს მაინც არ უშვებსო. ახლა ეს “ჯვაროსნები” იმ “ჯვაროსნებს” დაემსგავსნენ კუპერის ავადსახსენებელ დროს რომ გვახსოვს. ბოლო 3 მატჩში სამივე წაგება და 9 გაშვებული გოლიც ამის დასტურია. თანაც, ირლანდიის არ იყოს, ასეთი სუსტი დანიის ნაკრები კარგა ხანია აღარ გვინახავს. ეგ არის, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ყველა მეტოქე ჯერ ბავშვებივით გვათამამებს ხოლმე და ძალიან რომ გავცელქდებით, მყის ჩვენს ადგილზე გვაყენებს.

ქეცბაიამ სასტარტოში ცვლილებები მოახდინა. თავიდანვე ითამაშა თბილისის დინამოელმა ირაკლი ძარიამ და პოლონური “ლეგიის” შემტევმა ლადო დვალიშვილმა. შეცვლაზე შევიდა ფინური “ტურკუს” თავდამსხმელი ირაკლი სირბილაძე და სწორედ მის წამოწყებულ კომბინაციას მოჰყვა პირველი გოლი. დაუშვილს კი თავი არც ამჯერად გამოუჩენია არაფრით. წარუმატებელი გამოდგა ჭაბუკი ქუთაისელი მერაბ გიგაურის დებიუტიც. იუბილარმა (მერაბს 5 ივნისს შეუსრულდა 20 წელი) მინდორზე შესვლიდან მალევე მიიღო გაფრთხილება, ბოლოს კი მის უხეშობას მოჰყვა ის საბედისწერო ჯარიმა ასე ლამაზად რომ შეასრულა “აიაქსის” ახალგაზრდა შუახაზელმა კრისტიან ერიკსენმა.

თემურ ქეცბაიამ მატჩის წინ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდს უთხრა: „გულდასაწყვეტია, რომ წავაგეთ, მაგრამ წაგებასაც ხომ გააჩნია... სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიშით დავმარცხდით. პრინციპში, თამაშის ძირითადი დრო 10 კაცით ვითამაშეთ. ასეთი დონის სანაკრებო თამაშებში ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. ამას არავინ გაპატიებს. კარგი იქნებოდა, ამ თამაშისთვის მოსამზადებლად ცოტა მეტი დრო გვქონოდა, ვინაიდან დანიაც ძალიან რთული მეტოქე იქნება. მე დარწმუნებული ვარ, ბიჭები გამოვლენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ის თამაში ყველას დაავიწყონ და დანიასთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყველა მზადაა და ვეცდებით ჩვენს გულშემატკივრებთან რეაბილიტაცია მოვახდინოთ.“

პირველ ტაიმში მასპინძლებს ოდნავი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა სტუმრებს მათთვის არაფერი დაუთმიათ. მეორე ტაიმი კი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და ამან შედეგიც მალევე გამოიღო. სირბილაძე-კობახიძე-ძარიას კომბინაციას დინამოელთა 24 წლის ნახევარმცველის გოლი მოჰყვა. ეს ირაკლის პირველი გატანილი ბურთი გახლდათ ნაკრების მაისურით. გოლი ეფექტური გამოდგა, თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ეპიზოდში დანიელთა დაცვის ცენტრი აშკარად ჩავარდა.

სამაგიეროდ, 77-ე წუთზე ისეთი რამ მოხდა, რაც სამწუხაროდ ჩვენიანებს ხშირად ემართებათ ხოლმე. უწყინარ სიტუაციაში მეკარე ლორიამ ბურთი თამაშში შეიყვანა, თუმცა პირდაპირ ნიკლას პედერსენს მოარტყა და ამანც ერთი შეხებით შეაგდო - 1:1.

გოლმა მასპინძლები მადაზე მოიყვანა. რამდენჯერმე ისევ სახიფათოდ შეგვიტიეს და ბოლოსკენ გამარჯვებისაც გაიტანეს. ზემოთაც ვთქვით, გიგაურმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაარღვია თამაშის წესი და ერიკსენმა ულამაზესად, პირდაპირ 9-იანში გაუტანა ლორიას. 2:1 და კიდევ ერთი სირცხვილი.

 

დანია – საქართველო 2:1 (0:0)

5 ივნისი. ოლბორგი. “ნორდისკ არენა.”

დანია: ანდერსენი, პოულსენი (მაკიენოკი 75), ბეილანდი, იაკობსენი, ოკორე, სტოკჰოლმი (კვისტი 61), ციმლინგი (შონე 123), ერიკსენი, რომედალი (კრონ-დელი 46), ბრაითვაითი (პედერსენი 62), კორნელიუსი

მწვრთნელი: მორტენ ოლსენი

საქართველო: ლორია, ძარია (ლობჟანიძე 63), ხუბუტია, კაშია, ფოფხაძე, ხიზანიშვილი, კანკავა, დაუშვილი (გიგაური 73), კობახიძე (გელაშვილი 86), ანანიძე (თარგამაძე 63), დვალიშვილი (სირბილაძე 46)

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გოლი: 0:1 ძარია (52), 1:1 პედერსენი (77), 2:1 ერიკსენი (89)

გაფრთხილება: დაუშვილი (57), გიგაური (86)

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

0.121475