ერვინ კაზაკოვსკი ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი არ არის, მაგრამ თურმე “ვიტესის” გენერალურ დირექტორს ბევრი რამ აკავშირებს საქართველოსთან. რამდენიმე დღის წინათ მას “გაზეტა.რუ”-ს ჟურნალისტი ესაუბრა.
“კაზაკოვსკი არაორდინალური კაცია. გერმანულად, ჰოლანდიურად, ინგლისურად, რუსულად და ცოტა ქართულადაც ლაპარაკობს. ტაჯიკეთში დაიბადა, ახლა კი არნემში, წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, “ვიტესის” მფლობელის - მერაბ ჟორდანიას “მარჯვენა ხელია”.
“დუშანბეში დავიბადე, შვიდი წლისა კი ბებია-ბაბუასთან გერმანიაში გავემგზავრე, -ყვება კაზაკოვსკი, - წყნარად, ჩემთვის ვცხოვრობდი. მაგრამ, ერთხელ ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ ზაარბრიუკენში, მოძმე ქალაქ თბილისიდან რამდენიმე დღით ბავშვები უნდა ჩამოსულიყვნენ, რომლებიც სხვადასხვა ოჯახებში იცხოვრებდნენ. ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ქართველებისთვის ემასპინძლათ. შედეგად ჩვენთან 35 წლის ქართველი კაცები ჩამოვიდნენ, რომლებთანაც მალე დავმეგობრდით. წასვლისას კარგი ქართული გამოსამშვიდობებელი საღამო გამართეს. მანამდეც მეპატიჟებოდნენ თბილისში, მაგრამ უარს ვამბობდი. მაგრამ ამ საღამოზე ულამაზესი ქართველი გოგონა გავიცანი და ორ კვირაში თბილისში ვიყავი. მაშინ 24 წლის გახლდით.”
ჩამოსულთაგან ერთ-ერთი “ბავშვი” მალე თბილისის “დინამოს” სტრუქტურაში მოხვდა და კაზაკოვსკის ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ქართველი ფეხბურთელების უცხოეთში მოწყობა. შედეგად, მალე პირველი ხმაურიანი ქართული ტრანსფერი შედგა, თანაც ვინმე კი არა, საუბარი თვით გიორგი ქინქლაძეზეა. “დიახ, ეს მე გავაკეთე”- ამაყობს “ვიტესის” გენდირექტორი, რომელიც კლუბში მისვლამდე ინტერიერების დიზაინით იყო დაკავებული. “ეს კაბინეტიც ჩემი გაფორმებულია” – გვანიშნებს თავის ფართო ოთახზე.
90-იანი წლების შუაში გერმანიაში თითქმის ყველა ქართული ტრანსფერი მისი ნახელავია. თანაც, როგორც ამბობს, ნულიდან დაიწყო: უბრალოდ, კლუბებში რეკავდა და შეხვედრაზე უთანხმებოდა. სწორედ მაშინ გაიცნო ჟორდანია, რომელიც 1992 წელს თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი გახდა. 6 წლის შემდეგ, როცა ჟორდანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავკაცად აირჩიეს, კაზაკოვსკი მას ამხანაგური მატჩების მოწყობასა და ეკიპირების შეძენაში ეხმარებოდა.
შემდეგ, როცა ჟორდანია დროებით ჩამოშორდა ფეხბურთს, კაზაკოვსკიმაც სხვა სფეროში გადაინაცვლა. 2010 წელს კი ჟორდანიამ ევროპული კლუბის შეძენა გადაწყვიტა და ერვინიც მის გვერდით გაჩნდა. თანაც, თურმე 1 მილიონ ევროდ ნაყიდი “ვიტესი” ერთადერთი ვარიანტი არ ყოფილა, მოლაპარაკება ჰქონიათ “ალკმაართან” და ლიეჟის “სტანდარდთანაც”, მაგრამ არნემში უფრო მოეწონათ. რომ არა ჟორდანია, 2011 წელს კლუბი გაკოტრდებოდაო, - ამბობს კაზაკოვსკი. თავიდან ახალი პატრონები ადგილობრივმა გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა ფრთხილად მიიღეს, მაგრამ, მალევე ურთიერთობა დათბა – “ვიტესს” არ დაუწყია დიდი ფულის ხარჯვა ტრანსფერებზე. პირიქით, აქცენტი ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებზე გაკეთდა. მაგალითად, შარშანდელი სეზონის ერთ-ერთ მატჩში, “ვიტესის” ფეხბურთელების საშუალო ასაკი 21 წელი იყო, რაც ეროვნული რეკორდია. მალე ახალი საწვრთნელი ბაზაც გაიხსნება, ბავშთა აკადემიაც წარმატებით მუშაობს.
ერთი, რასაც ჰოლანდიელი ჟურნალისტები ვერაფრით ხვდებიან – საიდან აქვს ჟორდანიას კლუბის შესანახი ფული. ვარაუდობენ, რომ სპონსორი რომან აბრამოვიჩია, რომელთანაც ჟორდანიას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. “დიახ, ისინი მეგობრობენ, მაგრამ ფულის შესახებ მერაბს ჰკითხეთ”, – დაუძვრა კითხვას კაზაკოვსკი.
აქვე გთავაზობთ ამონარიდს მერაბ ჟორდანიას ინტერვიუდან, რომელიც მან ასევე “გაზეტას”- კორესპონდენტს მისცა: “აბრამოვიჩთან მიმართებაში ასეთი ჭორები ჩვეულებრივი ამბავია. თუ სადმე მეგობრები ჰყავს, ყველა ფიქრობს, რომ მას იქ თავისი ინტერესი აქვს. მაგრამ ასე არ არის. მე “ვიტესის” ასპროცენტიანი მფლობელი გახლავართ, - ამბობს ჟორდანია, - საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უძრავი ქონების ბიზნესი მაქვს, რაც საშუალებას მაძლევს, კლუბი შევინახო. აბრამოვიჩთან ვმეგობრობ, მაგრამ “ჩელსისთან” მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვაქვს, რომელიც ორივე მხარისთვის სასარგებლოა”.
მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა