რაგბი

19:28 | 29.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერთი თვის შემდეგ წრის ბოლო ტურით

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ერთთვიანი შესვენების შემდეგ განახლდება და კვირას პირველი წრეც დასრულდება.

2013 წლის ბოლომდე, ზამთრის დიდი შესვენებამდე გუნდებს კიდევ ოთხ-ოთხი თამაშის ჩატარება მოუწევთ და სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს ეს ერთი თვე ვინ როგორ გამოიყენა. უშუალოდ მე-9 ტურს რაც შეეხება, ის შაბათს, 30 ნოემბერს რუსთავის ახალ სტადიონზე დაიწყება და მომდევნო დღეს ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრით იქვე დასრულდება.

თანმიმდევრობით რომ მივყვეთ, 30 ნოემბერს რუსთავის ახალ სტადიონზე “ხარები” თბილისის “არმაზს” დაუხვდება და ეს თამაში 14:00 საათზე დაიწყება. წლეულს ეს გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან - რუსთაველების ამოცანა უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა, ხოლო “არმაზი” საპრიზო ადგილებს უმიზნებს. მიუხედავად ამისა, თამაში დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს.

ათი დღის წინ “ხარებმა” გადადებულ მატჩში “აკადემია” რომ დაამარცხა, პირველი გამარჯვება მოიპოვა, სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწია და ახლა მიღწეულის განვრცობას ეცდება. გადადებული თამაში, ოღონდ ნოემბრის პირველ რიცხვში მოილია “არმაზმაც” და “ლელოსთან” უშანსოდ დამარცხდა (3:28). ზოგადად, არმაზელებს სუსტ მეტოქეებთან სათანადო განწყობის შექმნა უჭირთ, რის გამოც კიდევ ერთ აუტსაიდერ “აკადემიას” მხოლოდ ბოლო წამზე გატანილი ჯარიმის წყალობით ძლიეს.

პირველ სათამაშო დღეს ტურის ცენტრალური მატჩი “ავჭალის” სტადიონზე გაიმართება და მასში ჩემპიონი “ლელო” ვიცე-ჩემპიონ “არმიას” დაუპირისპირდება. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა პირველ ტურში “ყოჩებთან” განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ ყველა თამაში მოიგეს და ერთპიროვნული ლიდერები არიან, ხოლო “არმიამ” რვიდან მხოლოდ ოთხი თამაში მოიგო. გადადებულ ტურში, ორი კვირის წინ მათ “ბათუმი” პრემიალური ქულით დაამარცხეს (59:21) და მხოლოდ ამის ხარჯზე შეძლეს საპლეიოფო ექვსეულში დაბრუნება, მაგრამ სხვაობა ძალზედ მცირეა და ამ პოზიციას შენარჩუნება უნდა.

მომავალ თამაშს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება, რაც 7-კაცა ნაკრების დუბაის ტურნირზე მონაწილეობითაა გამოწვეული. “ლელოს” მომავალ მატჩში შუამარბი დაჩი კოპაძე ვერ დაეხმარება, აი არმიელთა დანაკლისი კი, უფრო სოლიდურია. ქვეყნის ღირსების დასაცავად მათ სამი მორაგბე მიავლინეს - გიორგი აფციაური, გიორგი კალმახელიძე და ბახვა კობახიძე. თამაში 16 დაიწყება.

ზუსტად ამ დროს, ქალაქის მეორე ბოლოში კიდევ ერთი თამაში იწყება. გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფი “აკადემია” “შევარდენზე” საჩემპიონო ამბიციის მქონე ქუთაისის “აიას” მასპინძლობს. აკადემიელებმა გადადებული თამაშის წაგებით სიტუაცია გაირთულეს, ხოლო ქუთაისელები ჯერჯერობით მესამე ადგილზე არიან და რეგულარული პირველობის რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დასრულება სურთ, რათა პლეი ოფებს უკეთეს პოზიციაში შეხვდნენ. “აკადემიამ” 7-კაცა ნაკრებში საბა შუბითიძე მიავლინა, “აიას” კი იქ ოთხი წარმომადგენელი ყავს - რევაზ ჯინჭველაშვილი, ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე, ბადრი დანგაძე. ამ ოთხიდან პირველი სამი უკანახაზელია და მათი ნაკლებობა და თბილისში თამაში აკადემიელებს გამარჯვების გარკვეულ შანსს უტოვებს.

კვირას ორი თამაშია - ბათუმში და რუსთავში. ზღვისპირეთში აუტსაიდერი “ბათუმი” 15 საათზე საპლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად მებრძოლ “ჯიქებს” მასპინლობს. ბათუმელები რთულ დღეში არიან და ნებისმიერ მეტოქესთან, მით უმეტეს საკუთარ მოედანზე, მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლონ, მაგრამ “ჯიქები” ძალიან კარგ სეზონს ატარებს. აუტსაიდერთა სამეულიდან მათ “ხარები” და “აკადემია” პირწმინდად დაჯაბნეს და ახლაც პრემიალური ქულით მოგების იმედი აქვთ. ეს მებრძოლი გუნდი უქულოდ მხოლოდ ერთი შეხვედრიდან გამოვიდა (“ლელოსთან” 9:19), დანარჩენ შემთხვევებში კი, სულ სამი წაგებიდან ორჯერ პრემიალური ქულა აიღო და ორი მატჩიც ფრედ დაასრულა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ექბსეულს მიღმა სწორედ ეს გუნდია და მათთვის გამარჯვებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. “ჯიქებს” ნაკრენში მივლინებული დიმიტრი კალანდაძე დააკლდება.

ტურის დასკვნითი მატჩი რუსთავის ახალ სტადიონზე 1 დეკემბერს, 16 საათზე დაიწყება. “ყოჩებს” თბილისის “ლოკომოტივის” მასპინძლობა ბოლნისში სურდა, მაგრამ უქმეებზე წვიმები რომაა გამოცხადებული, მათი მოედანი ატალახდება და ამიტომ, ეს შეხვედრა რუსთავში ჩატარდება. შარშანდელი ჩემპიონატის აუტსაიდერმა “ყოჩებმა” მორაგბეთა ნაწილი რომ დაიბრუნა, სეზონის სტარტზე ჩემპიონი დაამარცხა, მაგრამ გუნდს შეთამაშების პრობლემა ჰქონდა და ლიდერებთან თამაში უჭირდა. მიუხედავად ამისა, ისინი ამ ეტაპზე ექვსეულში არიან, თუმცა, მდევარს მხოლოდ ქულით უსწრებენ.

თავის მხრივ, “ლოკომოტივი” ძველი დიდების დასაბრუნებლად იბრძვის, განვლილი შვიდი თამაშიდან ხუთი მოიგო, ამჟამად მეორე პოზიციაზეა და რეგულარული პირველობის მოგებით პლეი ოფში უკეთესი მდგომარეობით გასვლას გეგმავს. ამ თამაშში “ყოჩებს” 7-კაცა ნაკრებში მივლინებული შავლეგ მახარაშვილი დააკლდება, მაგრამ წესით გუნდი უკეთ რომ უნდა იყოს შეთამაშებული, მაყურებელს ბოლომდე ბრძოლას პირდება.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. IX ტური

30 ნოემბერი

რუსთავი. ახალი. 14:00 საათი

ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი)

თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი

ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი

აკადემია (თბილისი) - აია (ქუთაისი)

1 დეკემბერი

ბათუმი. ანგისა. 15:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - ჯიქები (თბილისი)

რუსთავი. ახალი. 16:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

 

1.          ლელო                8          7         0         1         208-93       32                 
2. ლოკომოტივი                 8 6 0 2 187-131 28
3. აია 8 6 0 2 169-101       28
4. არმაზი 8 5 0 3 161-165 22
5. არმია 8 4 1 3 209-149 22
6. ყოჩები 8 4 1 3 196-170 21
7. ჯიქები 8 3 2 3 180-129 20
8. ხარები 8 1 0 7 103-211 6
9. აკადემია  8 1 0 7 82-203 6
10. ბათუმი  8 1 0 7 118-261 5
0.128728