1990 წლის 10-25 აპრილს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ საქართველოს პირველ ეროვნულ პირველობას უმასპინძლა.
ამ ისტორიული ფოტოს ავტორი ალექსანდრე კოტორაშვილია, რომელსაც წელს საიუბილეო 70 წელი შეუსრულდა და სულ მალე, 30 აპრილიდან მის პერსონალურ გამოფენასაც ვიხილავთ ფესტივალის KOLGA TBILISI PHOTO 2013 ფარგლებში.
ჩემპიონატში იმდროინდელი ყველა უძლიერესი ქართველი ქალი მოჭადრაკე მონაწილეობდა მაია ჩიბურდანიძის გარდა და მედიიდანაც დიდი ყურადღება ერგო. თითქმის ყველა ქართული საინფორმაციო საშუალება მიმოიხილავდა სატურნირო პერიპეტიებს.
ტურნირის დასაწყისში და პირველ ნახევარში ლეგენდარული ნონა ლიდერობდა, თუმცა ფინიშზე ცოტა წაიფორხილა და ჩემპიონობაც დათმო.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის გამარჯვებული ქეთევან არახამია მხოლოდ ორ პარტიაში დამარცხდა: ნონასთან და ნანა იოსელიანთან, ხოლო დანარჩენი 9 მეტოქე უმოწყალოდ გაანადგურა.
არახამია პირველ ადგილზე 11-დან 9 ქულით (9 გამარჯვება და 2 მარცხი) გავიდა და მთელი 1 ქულით გაასწრო ვერცხლის მედალოსან ნანა იოსელიანს.
www.gcf.org.ge