საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრი ომარ გურჯიძე (69 კგ) ბაქოში დღეს დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია. გიორგი ლეჟავასა (50 კგ) და ავთანდილ კენჭაძეს (58 კგ) კი ბრინჯაოს მედალს თითო გამარჯვება აშორებთ.
ფინალის გზაზე ომარ გურჯიძემ ამერიკელი ჯეკ ბასი, ირანელი რეზა როსტამალი მოზაფარიჯუვბარი და ბულგარელი საბრი საბრიევი ჩამოიცილა. ხოლო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად უკრაინელ სერგეი დრამარეცკის დაუპირისპირდება.
გიორგი ლეჟავა “ბრინჯაოს ფინალში” ძირითადი ნახევარფინალიდან გადაერთო, ირანელ ალი ფარვიზ მოჰამადზადენაგარჩისთან წაგებით. იქამდე უზბეკ დოსტონბეკ ბოზოროვს და მონღოლ ხიშიგბატ ხუვაგტბაატარს სძლია. გადამწყვეტ შეხვედრაში კი უკრაინელ ანდრეი ვაცენკოს შეხვდება.
ავთანდილ კენჭაძემ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი პირველსავე მოწინააღმდეგესთან – რუს ტაიმურაზ გურიევთან მარცხით დაკარგა და მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ფინალში ჭიდაობა გაინაღდა, კენჭაძე დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. სამხრეთაფრიკელ იან კომბრინკს აჯობა და მესამე ადგილს ირანელი სამირ სატარ ვავარის ძლევაღა აშორებს.
დღესვე აზერბაიჯანულ ხალიჩაზე შმაგი თოდუა (42 კგ) და თორნიკე ბასილაშვილიც (85 კგ) გავიდნენ, მაგრამ ორივე პირველივე წრიდან გამოეთიშა ტურნირს. თოდუა მონღოლ ცოგბაკრახ ცევეენსურენთან დამარცხდა, ხოლო ბასილაშვილი – ბელარუს ვადიმ შერშანთან.
ოთარ მაღლაკელიძე