ინტერვიუები

22:46 | 25.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ერთი დღე “საბურთალოს” სკოლაში

დღესდღეობით, საქართველოში თუ ბავშვთა რომელიმე საფეხბურთო სკოლაზე იტყვი, კარგად აქვთ საქმე აწყობილი და ტალანტებს ზრდიანო, ერთ-ერთი უპირველესი, “საბურთალოა”. უბრალოდ, თვალი გადავავლოთ ასაკობრივ ნაკრებებს, თუ ვისი აღზრდილები არიან და სად თამაშობენ ეს ჭაბუკები. 1993 და 1994 წელს დაბადებულთა შორის, ყველაზე ბევრნი, სწორედ “საბურთალოელები” არიან. იგივეა ახლანდელ 17-წლამდე ნაკრებშიც, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნის.
როგორ მოხდა, რომ “საბურთალომ” სხვა, ძველ ტრადიციულ საფეხბურთო სკოლებს გაუსწრო? “მსოფლიო სპორტი” სკოლის დირექტორ კახა ჭუმბურიძეს ესაუბრა:
-    როგორც იცით, ადრე მხოლოდ მერიასთან ახლოს, იოსებიძის ქუჩაზე გვქონდა მოედნები, ახლა კი, სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გვაქვს სტადიონი “ბენდელა”. ერთი სტანდარტული ზომისაა, ხოლო მეორე პატარა (“ბენდელაზე” ცხინვალის “სპარტაკი” ატარებს საშინაო მატჩებს და ასე ხდებოდა გასულ სეზონშიც, როცა გუნდი უმაღლეს ლიგაში იყო).
-    იოსებიძის ქუჩაზე მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა ვარჯიშები იქაც ტარდება.
-    იქ სკოლის შენობა დაანგრიეს, რადგან ავარიული იყო. როცა მშენებლობა დასრულდება, იქაც გავაფართოვებთ მოედნებს.
-    ყველა ასაკობრივი ჯგუფი რომ ავიღოთ, სულ რამდენი ბავშვი ირიცხება “საბურთალოში”?
-    500-ზე მეტი. რაც წლები გადის, აქ მოსვლის მსურველთა რიცხვიც იზრდება. მაგალითად, წლეულს განსაკუთრებით... 12 წლიდან მოყოლებული, ყველა ის ბავშვი, რომელიც თავისი ასაკის I გუნდში ხვდება, გადასახადისგან გათავისუფლებულია. გამორჩეულად ნიჭიერებს, კონტრაქტი აქვთ ჩვენთან და ხელფასსაც იღებენ. მართალია, ეს, უბრალოდ, წამახალისებელი თანხაა 50 ლარიდან ზემოთ, მაგრამ ბავშვისთვის, დამეთანხმებით, სტიმულია. როგორც იცით, აქ სპორტული მედიცინის ცენტრიც არის. ბავშვს რამე თუ დაემართა სავარჯიშო-სათამაშო პროცესში, ჩვენ ვმკურნალობთ.
-    რამდენი მწვრთელია დასაქმებული?
-    35. ზოგიერთ მწვრთნელს 2 ჯგუფი ჰყავს, თუმცა, თითო მწვრთნელი დღეში, მაქსიმუმ 2 ვარჯიშს ატარებს. გვყავს უფროსი მწვრთნელებიც: მაგალითად 6-9 წლამდე ბავშვების ყველა ჯგუფს ერთი კაცი კურირებს, 9-12 და 12-15 წლისებს კიდევ სხვები. მთლიანად სკოლის უფროსი მწვრთნელი გახლავთ თემურ შალამბერიძე, რომელიც გორის “დილას” თავკაცობდა.
-    მუშაობის პრინციპზე გვითხარით. ანუ, რის ხარჯზე გახდა “საბურთალო” წარმატებული საფეხბურთო სკოლა?
-    “იბერია ბიზნეს ჯგუფი” და მისი ხელმძღვანელი ტარიელ ხეჩიკაშვილი არაფერს იშურებენ. დაფინანსება მათგან მოდის, სწორედ ამით აშენდა “ბენდელას” სტადიონი და სამედიცინო ცენტრი. გასახდელებია, გათბობაა, ბავშვს ვარჯიშის შემდეგ შეუძლია შხაპის მიღება. როგორც უკვე ვთქვი, გვყავს მწვრთნელთა საბჭო. მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ვიწრო სპეციალიზაცია. შეუძლებელია, ერთმა მწვრთნელმა იცოდეს ყველაფერი: ზოგი ბავშვების კოორდინაციაზე მუშაობს, ზოგი ტექნიკის დახვეწაზე, ზოგი ფიზიკურ მომზადებაზე. და მწვრთნელიც იზრდება ბავშვთან ერთად – ეს ბუნებრივი პროცესია. შედეგიც არის. ყველა ასაკობრივ ნაკრებში გვყავს მოთამაშეთა დიდი ჯგუფი, მაგალითად, 1996 წელს დაბადებულებშიც. ავტობუსი გვემსახურება. კიდევ ვიტყვი, რომ ჩვენ კადრებს არ ვბერავთ და “ნეტავ, ბავშვი ჩვენთან მოვიდეს” პრინციპით არ ვმუშაობთ. წლეულს შემცირებაც მოგვიწია, რადგან ძალიან ბევრი მსურველი იყო. 12 წლის ზემოთ, თითო ასაკში მხოლოდ 2 გუნდი გვყავს, 1995 წელს დაბადებულებში კი – მხოლოდ ერთი.    
-    არ შეიძლება, “საბურთალოს” უფროსი ასაკის გუნდიც ჰყავდეს? ამაზე თუ მუშაობთ?
-    ეს დაგეგმილი გვაქვს და შესაძლოა, ჩვენი 1996 წელს დაბადებულთა გუნდი მომავალი სეზონიდან I ლიგაში გამოვიდეს. თავის დროზე, თბილისის “დინამოს” 9 ფეხბურთელი მივაწოდეთ (პარუნაშვილი, ტვილდიანი, პაპავა და ა.შ). აქვე დავამატებ, რომ ჩვენი პარტნიორია არნემის “ვიტესი”, მის მეპატრონე მერაბ ჟორდანიასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს. “ვიტესის” 1996 წელს დაბადებულთა გუნდიც იყო ჩამოსული თბილისში ტურნირზე სათამაშოდ. უბრალოდ, ოფიციალური ხელშეკრულება არაა გაფორმებული ჩვენსა და “ვიტესს” შორის, თორემ ვთანამშრომლობთ ყველანაირად – ეკიპირება, მწვრთნელთა სტაჟირება... როგორც იცით, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია, სწორედ “საბურთალოს” აღზრდილები არიან.
-    რეგიონებიდან მოგყავთ ბავშვები? ამ მხრივ რამდენად ინტენსიურად მუშაობთ?
-    დიახ. აი, თუნდაც 1996 წელს დაბადებულებში ბევრი ბავშვი რეგიონიდანაა. ჩამოგვყავს და შემდეგ სკოლა უზრუნველყოფს მათ ხარჯებს.
აქვე ვთქვათ, რომ “საბურთალოს” სკოლაში 6-9 წლამდე ბავშვებს ნოდარ ჭელიძე კურირებს, 9-12 წალმდე ვოვა მუსერიძე, ხოლო 9-12 წლამდე თემურ ფოცხვერია. სწორედ ფოცხვერიას ხელში გაიზარდნენ 1993 წელს დაბადებული ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები: ყაზაიშვილი, ჭანტურია, პარუნაშვილი, პაპავა, ტვილდიანი და სხვებიც...
ჩვენ ნოდარ ჭელიძესაც ვესაუბრეთ, რომელიც, როგორც ვთქვით, პატარებს, 9 წლამდე ბავშვებს კურირებს. ჭელიძე ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი ფეხბურთელი გახლავთ – მისი უფროსი ვაჟი ლაშა, საჩხერის “ჩიხურაში” თამაშობს, ხოლო გიორგიმ რამდენიმე წლის წინ დაასრულა კარიერა. გიორგი ჭელიძე, გეცოდინებათ, საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრების თავდამსხმელი გახლდათ, ერთ დროს, მოსკოვის “ლოკომოტივშიც” გახლდათ.
ამჟამად, გიორგიც მწვრთნელია “საბურთალოს” სკოლაში – 1996 წელს დაბადებულებში გიორგი დევდარიანის, 1997 წელს დაბადებულებში კი დავით კევლიშვილის ასისტენტი გახლავთ.
ნოდარ ჭელიძე: - 6-9 წლის ბავშვებთან მუშაობა, ალბათ, განსაკუთრებულ ნერვებსაც მოითხოვს.              
-    მთავარია ინტერესი და საქმის სიყვარული. ჩემს დროს ბავშვს ეზო ჰქონდა, დღეს კი, ეზოს ფეხბურთის ელემენტებმა იკლო. ჩვენ არ ვზღუდავთ ბავშვებს. ის ფეხბურთზე რომ დადის, უნდა გაერთოს და ამასთან, საფეხბურთო ელემენტები უნდა მიიღოს მცირე დოზით. ბავშვმა ბავშვობა უნდა გაიაროს.
-    თუმცა, სხვა სკოლებში მინახავს, 7 წლის ბავშვს მშობელი საშინლად ტუქსავს არაზუსტი პასისთვის და ა.შ.  
-    “საბურთალოში” ეს გამორიცხულია. აქ კვალიფიცირებული მწვრთნელები არიან შერჩეულნი. როდესაც მშობელი ვარჯიშისას და თამაშისას საქმეში ერევა, წყნარად ვეკითხები: “ბავშვს მათემატიკის გაკვეთილზე ესწრები?”. მეუბნება, რომ არა, რადგან მათემატიკა არ ვიციო. ამის შემდეგ ისევ ვეკითხები: “კი, მაგრამ ფეხბურთი იცი?”. არ შეიძლება, 6 და 12 წლის ბავშვსაც ერთი და იგივე ასწავლო. იმიტომაცაა, რომ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა მწვრთნელები ვმუშაობთ. არადა, ხშირად მოდიან აქ ბავშვები, არასაჭირო რაღაცები რომ იციან. ყველა მშობელს მეგობრულ რჩევას ვაძლევ, ნუ გამოფიტავენ შვილებს.
-    თქვენ თქვით, ბავშვს დღეს ეზოს ფეხბურთი არ აქვსო, არადა, ახლა რომ მოედნებია, ადრე სანატრელი იყო. დანგრეულ ასფალტზეც ვთამაშობდით.  
-    კომპიუტერი, ცეკვა, სიმღერა და ახლა კიდევ ფეხბურთი – როგორ შეიძლება, ბავშვმა ყველაფერზე იაროს. ხშირად ხდება, ბავშვი გამოფიტული მოდის ვარჯიშზე. ანუ, ეზოსთვის დრო აღარ რჩება.
-    როგორც ვიცით, 14 წლამდე ბავშვთა გუნდებში, შედეგს ყურადღება არ ექცევა.
-    სწორი მიდგომაა. ასეა ჩვენთანაც. მთელი აქცენტი ბავშვთა განვითარებაზე, სწორად გაზრდაზეა გადატანილი. კარგია, რომ ხელმძრვანელობას სწორედ ასეთი კურსი აქვს აღებული. აქ ყველა ბავშვი აღრიცხული გვყავს და მწვრთნელთა საბჭოც იმას ცდილობს, თითოეულის ცვლილებები არ გამოგვეპაროს.   


ილია ნანობაშვილი
 

0.10473