სტამბოლში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში უკვე ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კი ერთადერთი მედალია. 84 კილოგრამში მოჭიდავე დათო მარსაგიშვილმა ევროპირველობაზე მოგებულ ვერცხლს მსოფლიოს ბრინჯაო მიამატა და შესაბამისად, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც გაინაღდა. ოლიმპიური საგზური მალხაზ ზარქუამაც (60 კგ) მიიღო, რომელმაც რეპეშაჟის ფინალში წააგო და მსოფლიოს ჩემპიონატი მეხუთე ადგილით დაასრულა. ქართული შვიდეულის ყველაზე ტიტულოვანი წევრი, გიორგი გოგშელიძე (96 კგ) კი პირველსავე წრეში დამარცხდა, ყაზახეთის სახელით მოჭიდავე ტაიმურაზ ტიგიევთან.
ტიგიევი ის სპორტსმენია, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე გოგშელიძეს ნახევარფინალში, ბინძური ჭიდაობით და მსაჯების დახმარებით რომ მოუგო. ქართველმა რევანშის აღება ამჯერად ვერ შეძლო. სამპერიოდიანი დაძაბული შეხვედრის შემდეგ მეთექვსმეტედფინალში ტიგიევი გავიდა. ცოტა ხანში მან ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, რუსი ჰაჯიმურატ გაცალოვიც გამოთიშა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას, მაგრამ ნახევარფინალში, თურქ სერჰატ ბალჩისთან წააგო და გოგშელიძეს ბრინჯაოსკენ მიმავალი გზაც გადაუკეტა.
დათო მარსაგიშვილი ჩემპიონატში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ემზარ ბედინეიშვილს ორ პერიოდში მოუგო. ასევე ორ პერიოდში აჯობა რუმინელ გეორგიტა სტეფანსაც. მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოჭიდავე იბრაგიმ ალდატოვთან სამპერიოდიან შეხვედრაში დამარცხდა და მას შემდეგ, რაც ალდატოვი ფინალში გავიდა, რეპეშაჟში გადაერთო. ბრინჯაოს გზაზე მარსაგიშვილმა ორი ადვილი გამარჯვება მოიპოვა – ბელარუს ამარჰადი მაჰამედაუსთან და ლატვიელ არმანდს ზვირბულისთან.
ზარქუა პირველსავე წრეში პუერტორიკოელ ფრანკლინ გომეს მატოსთან დამარცხდა და ალბათ ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის იმედიც უმალ გადაეწურა, რადგან პუერტორიკოელის ფინალში გასვლა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ... გომეს მატოსმა შეუძლებელი შეძლო და ქართველს დამამშვიდებელი ეტაპის გზა გაუხსნა. ჩრდილოკორეელი იონგ მიონგ ლის, სამხრეთკორეელი სეუნგ-ჩულ ლისა და აზერბაიჯანელი ზელიმხან ჰუსეინოვის ძლევის შემდეგ ზარქუა “ბრინჯაოს ფინალში” გავიდა და ოლიმპიური ლიცენზია გაინაღდა. მედლამდე კი ყაზახმა დაურენ ჟუმაგაზიევმა არ მიუშვა.
60 კილოგრამში მსოფლიოს ჩემპიონი რუსი ბესიკ კუდუხოვი გახდა, 84-ში ყველას აზერბაიჯანელმა შარიფ შარიფოვმა აჯობა, ხოლო 96-ში – ირანელმა რეზა მოჰამად ალი იაზდანიმ.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონაში: 66, 74 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან. შალვა მუზიაშვილი (66 კგ) ტურნირს ბელარუს აალი შაბანაუსთან შეხვედრით გახსნის, დავით ხუციშვილი (74 კგ) კამერუნელ რომეო ჯოუმესის შეხვდება, ხოლო დავით მოძმანაშვილი (120 კგ) – ირანელ ფარიდ პაპოუ მასუმი ვალადის.
თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
სტამბოლი
17 სექტემბერი
60 კგ
1 ბესიკ კუდუხოვი (რუსეთი)
2 ფრანკლინ გომეს მატოსი (პუერტო რიკო)
3 კენიჩი იუმოტო (იაპონია)
3 დაურენ ჟუმაგაზიევი (ყაზახეთი)
5 მალხაზ ზარქუა (საქართველო)
84 კგ
1 შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი)
2 იბრაგიმ ალდატოვი (უკრაინა)
3 დათო მარსაგიშვილი (საქართველო)
3 ალბერტ სარიტოვი (რუსეთი)
96 კგ
1 რეზა მუჰამედ ალი იაზდანი (ირანი)
2 სერჰატ ბალჩი (თურქეთი)
3 რუსლან შეიხაუ (ბელარუსი)
3 ჯაკობ სტეფან ვარნერი (აშშ)
ოთარ მაღლაკელიძე