ჩოგბურთი

16:14 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ადგილი საუკეთესო პოზიციამდე

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო პოზიცია კვლავაც სოფო შაფათავას გააჩნია. იგი 297 ქულით 195-ე ადგილზეა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს ერთადერთი პოზიციით ჩამორჩება.

195 (198). სოფო შაფათავა – 297 ქულა; 332 (327). ეკატერინე გორგოძე – 117; 381 (353). ოქსანა კალაშნიკოვა – 96; 489 (493). სოფო ქვაცაბაია – 65; 635 (631). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 38; 869 (874). მარიამ ბოლქვაძე – 16; 1263 (1265). თამარ ჭალაგანიძე – 3;

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში შაფათავა ბაქოს 250-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში უნდა გამოსულიყო, თუმცა, უკრაინელ კატერინა ბონდარენკოსთან სათამაშოდ არ გასულა და მის მეტოქეს გამარჯვება უბრძოლველად ერგო.

სამაგიეროდ, აზერბაიჯანულ შეჯიბრზე ძალები სცადა ჭალაგანიძემ, რომელიც პირველ წრეში უზბეკ ნიგინა აბდურაიმოვასთან 2:6, 2:6 დამარცხდა.

წყვილებში თამარი აზერბაიჯანელ ზულეიხა საფაროვასთან გახლავთ შეამხანაგებული და უკრაინის სახელით მოთამაშე ოლეკსანდრა კორაშვილს და ჩეხ ტერეზა მარტინცოვას გაეჯიბრება.

ცნობისთვის, წყვილთა შორის პირველი რეიტინგი კალაშნიკოვას და უკრაინელ ოლგა სავჩუკს გააჩნიათ და ისინი ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან. აღსანიშნავია, რომ წყვილთა განახლებულ კლასიფიკაციაში ოქსანა 54-ე ადგილზეა.

100-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში. კვალიფიკაციაში სოფო ქვაცაბაია იაპონელ კიოკა ოკამურასთან 6:7 (2:7), 6:7 (3:7) დამარცხდა, ძირითად ბადეში კი ეკატერინე გორგოძე “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ ეკატერინა კლიუევას გაეჯიბრება.

წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია თურქ სოილუს და ხორვატ ვრლიჩს ეთამაშებიან.

გერმანულ ობერშტაუფენში 35-ათასიან ჩელენჯერში ჩაებმება ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. იგი საწყის რაუნდში ჩეხ იან ჰაიეკს დაუპირისპირდება. წყვილებში ბასილაშვილი და ჰოლანდიელი რომანო ფრანცენი ბრაზილიელებს – გემს და სოუზას გაეჯიბრებიან.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ახალ რეიტინგში ბასილაშვილს 247 ქულით მე-100 პოზიცია უკავია.

0.11816