ერნან კრესპო, ენრიკო კიეზა, არიელ ორტეგა, ფაბიო კანავარო, ჯიჯი ბუფონი, ლილიან ტიურამი, ადრიანო... ეს ბიჭები მხოლოდ ნაწილია იმ ფეხბურთელებისა, რომლებსაც ”პარმაში” უთამაშიათ და სიხარულით არაერთხელ აუცრემლებიათ “ენიო ტარდინის” ტრიბუნებზე მსხდომი ემილიელები. დღეს “პარმა” რიგით, არაფრით გამორჩეულ იტალიურ გუნდად იქცა და იტალიური ფეხბურთის მოყვარულები მასზე მხოლოდ დარდითა და ნოსტალგიით საუბრობენ. ემილიელთა მზე მაშინ ჩაესვენა, როდესაც “პარმას” ოდინდელ სპონსორს, რძის პორდუქტების მწარმოებელ იტალიურ კომპანია “პარმელატს” იტალიის მთავრობამ შეპირებული 30 მილიონ დოლიარიანი კრედიტი არ მისცა, რამაც კომპანია გაკოტრებამდე, პარმა კი დაჩაჩანაკებამდე მიიყვანა. ამის მიუხედავად, ”ლურჯ-ყვითლები” ერთ-ერთი ის გამონაკლისი კლუბია, რომელიც თითქმის ყველაში დღემდე სიმპატიას იმსახურებს და თუკი ლეგენდარული ლილიან ტურამის სიტყვებს დავიმოწმებთ: ”მხოლოდ იტალიაში კი არა,. მთელს მსოფლიოში არ მოიძებნება გუნდი, რომელიც სხვა გუნდის ქომაგებს “პარმასავით” უყვართ”. განა ბევრ კლუბს გაუზრდია და დაუფრთიანებია ისეთი დიდი ვარსკვლავები, რაც ამ პატარა ემილიურმა გუნდმა გააკეთა. განა ბევრი პატარა გუნდის ქომაგს ჰქონია ბედნიერება, სტადიონზე ერთად ეხილა კრესპო-კიეზას დუეტი და სრულიად ახალგაზრდა ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც გამოჩენიდან პირველსავე წელს ისეთი სასწაულები ჩაიდინა და იმდენ თავდმასხმელს გაუმწარა სიყრმე, რომ მაშინდელ შეხვედრებზე დღესაც აღტაცებით ვლაპარაკობთ.
იმ წელს, როდესაც “პარმამ” იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და აპენინებზე ყველა აალაპარაკა, გადავწყვიტე რადაც კი არ უნდა დამჯდომოდა, ამ გუნდის მაისური მეშოვნა. მაისურის ყიდვის სურვილი იცოცხლეთ, დიდი მქონდა. თბილისში მდებარე სპორტული მაღაზია და ბაზარ-ბაზრობა არ დამიტოვებია, მაგრამ მაისურის შეძენას ვინ ჩივის, ზოგან არც კი გაეგოთ ”პარმა“ რა ხილი იყო. ერთმა გამყიდველმა ისიც კი მითხრა: ”შენ ბიძია აქ ჩვენს გასამასხარავებლად დადიხარ? პარმები და პალმები რაღა უბედურებააო...” მოკლედ, ბევრი ვიწვალე და მეგობრებიც ვაწვალე. სამწუხაროდ მაშინ არავის ვიცნობდი ისეთს, იტალიაში რომ წასულიყო. ევროპის სხვა ქალაქებში წამსვლელები კი პატარა ემილიური კლუბის მაისურს ვერც ერთ მაღაზიაში ვერ პოულობდნენ. ბოლოს, როდესაც მეც დავიღალე, სხვებიც დავღალე და წარწერა “პარმელატით” დამშვენებული მაისურის ძებნას კარგად ხნის შეშვებული ვიყავი, ეს ჩემი ახირება სრულიად შემთხვევით ისევ გამახსენდა. ერთხელაც, კარგა გვიანი ღამე იყო და წერეთლის გამზირზე მიმავალს შორიდანვე მეცა თვალში ერთი კაცი, რომელიც სადღეღამისო მაღაზიასთან დაყენებულ მანქანაში ახლადნაყიდი პროდუქტებით სავსე ჩანთას ტენიდა. მივუახლოვდი და ძალიან გამიხარდა, როცა დავინახე, რომ კაცს არც მეტი არც ნაკლები, ჩემთვის ესოდენ საოცნებო “პარმას” მაისური ეცვა. მაისურის მფლობელი ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელსაც ფეხბურთის ბევრი არაფერი გაეგებოდა და “პარმას” მაისურიც მეგობარს უჩუქებია. რა არ შევთავაზე, რაში არ ვუცვლიდი, მაგრამ რაკი მაისური მეგობრის ნაჩუქარი იყო, არაფრით არ მონდომა მასთან შელევა. რას ვიზამდი, წამოვედი ეგრე გაბრაზებული და ნაწყენი. ეს კაცი შარშან ქუჩაში შემთხვევით გადამეყარა. თავად რას მიცნობდა, მე კი ეგრევე ვიცანი... მოურიდებლად მივედი და “პარმას” მაისურის ამბავი გავახსენე. “ააა... ის ყვითელი “მაიკა”? ის ხომ ზღვაზე დამრჩა და ვიღაცამ მომპარა. ეგ საიდანღა გახსოვდა კაცო“ - მითხრა და ისე ჩქარა გამეცალა, ალბათ იფიქრა, “ეს ძალიან ახირებული ვინმე ჩანს და რაიმე შარს არ გადამყაროსო“. ახლა ინტერნეტით გამოწერიდან დაწყებული, უშუალოდ მაღაზიებში შეკვეთით დამთავრებული, უამრავი მეთოდი არსებობს, რომ ნებისმიერი ზომის, ფორმისა და ფირმის სპორტული მაისური იშოვნო. მარტო მაისური კი არა, თქვენ ფული ამოიჯიბეთ და თავად ლეო მესიც კი გაიხდის თავის ბუცს, სათუთად შეახვევს და ისე გამოგიგზავნით თბილისში თუ ქუთაისში. მაგრამ, ახლა ”პარმას“ მაისურის ძებნის პერიოდი კარგა ხანია ჩავლილი მაქვს და ნამდვილად არ ვაპირებ “შერლოკ ჰოლმსობის“ ხელახლა დაწყებას. იმაში კი უნდა გამოგიტყდეთ, რომ ფეხბურთის ქართველი ქომაგებიდან განსაკუთრებულ პატივს პატარა, შედარებით უცნობი, მაგრამ სხვანაირად ლამაზი და გულმისავალი კლუბების ქომაგებს ვცემ. იმედია ასეთი ქომაგები ჩვენში, მომავალ თაობებშიც ბევრნი იქნებიან. აი მათ კი, ნამდვილად აღარ დასჭირდებათ “პარმას“, “ლიდსის“, “ჰოფენჰაიმის“ და სხვა უჯიგრესი კლუბების მაისურებზე ჩემდენი ჯახირი. რაც მართალია, მართალია - მომავალ თაობას ამაში ნამდვილად გაუმართლა!
ლევან სეფისკვერაძე