დღეს მოსკოვში ჭიდაობაში ევროპის ერთა თასის გათამაშება დაიწყო და 11 ნოემბრამდე გასტანს. სამდღიანი გუნდური ტურნირის პირველი დღე ქალებისაა. ხვალ კი წინასწარი შეხვედრებით საქმეში ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავე მამაკაცები ჩაერთვებიან.
დებულების თანახმად, ერთა თასზე მონაწილეობას ორივე საჭიდაო სტილსა და ქალთა ჭიდაობაში ის ნაკრებები იღებენ, რომლებიც ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო ექვსეულში შევიდნენ. საქართველოს მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები წარმოადგენს, რომელმაც ევროპირველობაზე დაგროვებული ქულებით მეორე ადგილი დაიკავა. ბერძენ-რომაელები კი მხოლოდ მე-9 ადგილზე გავიდნენ.
ოლიმპიური წელია, თან სეზონიც სრულდება და რუსეთში ტიტულოვანი მოჭიდავეების ჩაყვანისგან თითქმის ყველა მონაწილე ნაკრების თავკაცმა თავი შეიკავა. ანალოგიურად მოიქცნენ ქართველი სპეციალისტებიც და განაცხადი ახალგაზრდული ნაკრების წევრებით შეავსეს. მოსკოვში ტრისტან ჩირგაძე (55 კგ), ბექა ლომთაძე (60 კგ), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66 კგ), ჯუმბერ ყველაშვილი (74 კგ), თორნიკე სვანიძე (84 კგ), გიორგი მეშვილდიშვილი (96 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) იჭიდავებენ.
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ერთა თასისთვის საქართველოს ნაკრებთან ერთად რუსეთის, ბულგარეთის, თურქეთის, უკრაინისა და ბელარუსის ნაკრებები ჩაერთვებიან. ეს ექვსი გუნდი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შემდეგ პირველ ადგილზე გასულები 11 ნოემბერს ერთმანეთს ფინალში დაეჭიდებიან, ხოლო მეორეადგილოსნები საბოლოო მესამე პოზიციის დასაკავებლად იბრძოლებენ.
ოთარ მაღლაკელიძე