კალათბურთი

19:33 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთში სრული შემადგენლობით ივარჯიშა

დღეს, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა კეჩკემეტის მეში იშტვანის არენაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა. დარბაზი იმდენად ახლოსაა სასტუმროსთან, სადაც ქართველები (და უნგრეთის ნაკრებიც) ცხოვრობენ, რომ მასპინძლებმა თავდაპირველად საჭიროდ არ ჩათვალეს, ავტობუსი გამოეყოთ.

ჩვენი დელეგაციის მოთხოვნით, უნგრელებმა საქართველოს ნაკრებს ავტობუსი გამოუყო და იგორ კოკოშკოვის გუნდი ადგილობრვი დროით 11:15 საათზე სავარჯიშოდ გაემართა.

დარბაზი დაახლოებით 2 ათას მაყურებელს იტევს და იგი ცნობილი უნგრელი ძალოსნის – მეში იშტვანის სახელს ატარებს.

საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ტრავმა მოირჩინა ოთო ფხაკაძემ, რომელმაც თბილისში, ერთ-ერთი ვარჯიშისას ფეხი ამოიბრუნა და ჩეხეთთან მატჩი გამოტოვა. ფხაკაძემ დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა და ახლა მწვრთნელი გადაწყვეტს, შეიყვანს თუ არა მას ხვალინდელი თამაშის განაცხადში.

სრულ მზადყოფნაშია ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც ჩეხეთთან 30 წუთი კი ითამაშა, მაგრამ წელის ტკივილის გამო ისე ვერ ირჯებოდა, როგორც მაყურებელი შეაჩვია. ერთი სიტყვით, იგორ კოკოშკოვის განკარგულებაში მყოფი 14-ივე კალათბურთელი მზადყოფნაშია და ხვალ გაირკვევა, მათგან რომელი 12 შევა უნგრეთთან მატჩის განაცხადში.

კეჩკემეტს პატარა არ ეთმის, თუმცა ის მაინც პროვინციულ ქალაქად ითვლება. კეჩკემეტი უნგრეთის 2 დიდ ქალაქ – ბუდაპეშტსა და სეგედს შორის მდებარეობს და ცნობილი იმითაა, რომ აქ გერმანელებს მერსედეს-ბენცის ქარხანა აქვთ და მსოფლიოში ცნობილ ავტომობილებს აწარმოებენ.

კითხვაზე, თუ რატომ ტარდება ეროვნული გუნდის თამაში კეჩკემეტში და არა ვთქვათ, დედაქალაქში, საქართველოს ნაკრებზე მიმაგრებულმა გიდმა გვიასუხა, მეში იშტვანის დარბაზის დაქირავება იაფია, ხოლო დედაქალაქში დიდ დარბაზს დიდი თანხები უნდაო.

კეჩკემეტში დიდი საკალათბურთო აქტივობა არ შეინიშნება. ქალაქი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, მოქალაქეების უმეტესობამ არც კი იცის, რომ ხვალ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება. ბილეთის ფასი 1500 ფორინტი, ანუ 5 ევროა და დღეს, შუადღისთვის 400 ცალი იყო გაყიდული.

უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის დროით 13 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს.

ვარჯიშის შემდეგ ჩვენი ნაკრების წევრებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

თორნიკე შენგელია: “შესარჩევი ეტაპი ახლახან დაიწყო და რამდენად კარგადაა გუნდი მომზადებული, უნგრეთთან მატჩშიც გამოჩნდება. რაც შეეხება 13 აგვისტოს მეტოქეს, პორტუგალიაში გამარჯვებით უნგრელებმა დაგვანახეს, რომ ჯგუფში ფავორიტები მხოლოდ ქართველები და ჩეხები არ არიან – მეორე ტურის წინ ხომ ჩვენ და უნგრეთს გვაქვს თითო მოგება”.

ბექა ბურჯანაძე: “საწყისი მატჩების შემდეგ ჩვენს ჯგუფში ორი ლიდერი გამოიკვეთა – უნგრეთი და საქართველო. სწორედ ეს ორი გუნდი ითამაშებს 13 აგვისტოს და გამარჯვებული დიდ უპირატესობასაც მიიღებს. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ უნგრეთიდან გამარჯვება წამოვიღოთ. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებში საბრძოლო განწყობაა”.

ზაზა ფაჩულია: “ჩვენი გუნდისთვის ეს პირველი გასვლითი შეხვედრაა. შინ მოვიგეთ. სტუმრად წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ორივე გუნდი კარგ განწყობაზეა, რადგან ცხრილში თითო მოგება უწერიათ. თუმცა, ჩვენ კარგი დისციპლინით, ერთმანეთის დახმარებით, როგორც – დაცვაში, ასევე – შეტევაში, ყველანაირად ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. თუ ეს მოვახერხეთ, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას ძალიან მივუახლოვდებით”.

კოტე ტუღუში (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “სასიამოვნოა, რომ ტრავმების გარეშე ვივარჯიშეთ და იმედი მაქვს, ციკლის დასრულებამდეც არაფერი შეიცვლება. უნგრეთმა პორტუგალიაში მოიგო. მისი თამაში უკვე განვიხილეთ, დავრწმუნდით, რომ სერიოზული გუნდია და წარმატების მისაღწევად დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს”.

https://www.youtube.com/watch?v=CbHPVoLYxHI

www.gbf.ge

0.152699