სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:01 | 25.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულის მეორე წრეც განახლდება

 

ოთხშაბათს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე განახლდება. კიდევ 4 ტური და შემდეგ მონაწილეები ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყოფიან. შემდგომ ეტაპზე გუნდებს მოგროვილი ქულები გადაჰყვებათ და ამიტომ ახლა ყოველ ქულას ოქროს ფასი ედება.

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ჩიხურა (საჩხერე)

26 თებერვალი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 14:00

პირველ წრეში: 1:2

“სპარტაკმა” წლევანდელი სეზონი ცუდად დაიწყო, კარგა ხანს გავარდნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებოდა, მაგრამ დამრიგებლად კახა კაჭარავას მისვლის შემდეგ, ვითარება შეიცვალა. გუნდს ჟინი მოემატა და ბოლო ადგილს თავი დააღწია, თუმცა სახიფათო ზონას ჯერაც არ დაშორებია. ზამთარში ცხინვალელებმა რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი დაიმატეს. მათგან რუსთავიდან წასულ ლევან კაკუბავასა და დავით მაისაშვილს, ზუგდიდელებს: ირაკლი ეხვაიასა და ვალიკო ტყემალაძეს, ასევე დინამოელ ლაშა პარუნაშვილს გამოვარჩევდით, რომელიც მანამდე ბოლნისის “სიონში” იყო განათხოვრებული.

“ჩიხურას” ზამთარში უცხოური შეკრება არ გაუვლია, დაფინანსებას ელოდა და დაუგვიანდა, თუმცა ზემოიმერლებს კვლავაც სერიოზული გეგმები აქვთ და სავარაუდოდ, ისტორიაში პირველად რომელიმე სინჯის მედლებს მოიპოვებენ. შესვენებისას საჩხერელებმა ორი ძალიან კარგი ფეხბურთელი დაკარგეს: ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი დიმიტრი ტატანაშვილი “ზესტაფონში” გადავიდა, მცველი გიორგი რეხვიაშვილი კი “დინამოში” დაბრუნდა. თუმცა შევსებაც სოლიდური აქვთ – სამი დინამოელი: ლევან ხმალაძე, გივი კვარაცხელია და ელგუჯა გრიგალაშვილი ამიერიდან ზემოიმერელთა ღირსებას დაიცავენ. სხვათა შორის, საქართველოს თასის ამასწინანდელ მატჩში, “სიონის” წინააღმდეგ, საჩხერელთაგან სწორედ ყოფილმა დინამოელებმა გამოიჩინეს თავი – გრიგალაშვილის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი ხმალაძემ ზუსტად გარდასახა.A

“ჩიხურას” პრესსამსახურის ცნობით, ცხინვალელებთან მათ ტრავმირებული საბა ლომია დააკლდებათ.KMA 

დილა (გორი) – გურია (ლანჩხუთი)

26 თებერვალი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: ნიკოლოზ ჯიშკარიანი (“დილა”); ვილი ისიანი (“გურია”)

პირველ წრეში: 0:2

“დილაშიც” მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გუნდის მთავარი მწვრთნელის, რამაზ სოღოლაშვილის თქმით, გუნდიდან 15 ფეხბურთელი წავიდა, რომელთაგან 10-11 ძირითადის ბირთვში მოიაზრებოდა. თუმცა ქართლელებმა დაახლოებით ამდენივე მოთამაშე დაიმატეს. მათ შორის ცნობილი გვარებიცაა: სერგი ორბელაძე, ლევან კორღალიძე, გიორგი ბერიაშვილი, ლუკა რაზმაძე, კობა შალამბერიძე, ალექსანდრე კოშკაძე, დავით რაჟამაშვილი. ასე რომ, გორელები კვლავაც საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ.

“გურია” ყველაზე უცნაური და საინტერესო გუნდია ჩვენ ჩემპიონატში. სეზონის დაწყების წინ ფინანსური კრიზისის გამო მისი რიგები თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა, მაგრამ ლანჩხუთელებმა ხასიათი გამოავლინეს და ლიდერებშიც კი გაერივნენ. დაახლოებით იგივე განმეორდა ზამთარშიც. უამრავი მოთამაშე წავიდა, მაგრამ “ეჭვი გვაქვს” დავით მახარაძის ხელმძღვანელობით ისინი ტოლს არავის დაუდებენ. 

მეტალურგი (რუსთავი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

26 თებერვალი. რუსთავი. “ფოლადი.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: გიორგი ქავთარაძე (“მეტალუგი”); ირაკლი ღიბრაძე (“ვიტ ჯორჯია”)

პირველ წრეში: 2:5

გადახალისდა “მეტალურგიც.” ფინანსურმა პრობლემებმა კლუბის ხელმძღვანელობის თავდაპირველი გეგმები შეცვალა. შედეგად, მთავარი მწვრთნელი გელა სანაია და თითქმის მთელი ძირითადი შემადგენლობა გუნდიდან წავიდა. საშველად რუსთაველ კაცს, ვარლამ კილასონიას უხმეს, რომელსაც გუნდში ადრეც უმუშავია. ცოტა ხნის წინათ “მეტალურგმა” 11 ახალი ფეხბურთელი წარუდგინა საზოგადოებას, ასე რომ, მათ რეალურ მდგომარეობაზე საუბარიც ძნელი იქნება. ოთხი დღის წინათ სათასო მატჩში “დინამოს” წინააღმდეგ მათ ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ უფრო მაღალი კლასის წყალობით თბილისელებმა უპრობლემოდ გაიმარჯვეს (2:0).

“ვიტ ჯორჯია” ბოლო ტურებში ცოტა მოფერიანდა და ექვსეულში მოხვედრის შანსიც გაუჩნდა, თუმცა მომავალ მატჩებში მათ მეტად გაუჭირდებათ, რადგან ზამთარში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი, მათ შორის, კაპიტანი გიორგი ჯანელიძეც დაკარგეს, რომელიც კარიერას” დინამოში” აგრძელებს.

ტორპედო (ქუთაისი) – მერანი (მარტვილი)

26 თებერვალი. ქუთაისი. ცენტრალური. 14:00

პირველ წრეში: 3:0

“ტორპედოზე” რა უნდა ვთქვათ, კომპანია “ვისოლის” კლუბიდან წასვლის შემდეგ, გუნდი ფაქტობრივად, დაიშალა. საშველად ისევ ძირძველ ქუთაისელ რევაზ ძოძუაშვილს უხმეს და ”მიხიჩამაც” უკვე მერამდენედ, ნულიდან დაიწყო გუნდის შენება.

თავის მხრივ, “მერანიც” შეეცდება ახალი მწვრთნელის, 42 წლის ზურაბ იონანიძის ხელმძღანელობით ყველას დაუმტკიცოს, რომ მარტვილელთა ჩამოწერა ჯერ ნაადრევია. შეგახსენებთ, მარტვილელებმა წლევანდელი სეზონი კარგად დაიწყეს, საწყის ტურებში ლიდერების სიახლვეს ტრიალებდნენ და გამართულ ფეხბურთსაც თამაშობდნენ, მაგრამ მალხაზ ჟვანიას წასვლის შემდეგ ყველაფერი აირია, ჟვანიას ნაცვლად მისულმა კახა ჩხეტიანმა, ეგრემც ვერ იპოვნა წარმატების გასაღები, შედეგად, გუნდი ბოლო ადგილამდე დაქვეითდა. ახლა, დამრიგებლად “იონა” მიიყვანეს და მისი იმედი აქვთ.

დინამო (თბილისი) – სიონი (ბოლნისი)

26 თებერვალი. თბილისი. “დინამო არენა.” 17:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი რეხვიაშვილი (“დინამო”)

პირველ წრეში: 4:1

დინამოელთა ბანაკშიც დიდი ამბებია. მალხაზ ჟვანია ახალ გუნდს ქმნის, რომელიც შეტევაზე იქნება დაგეშილი და ლამაზ ფეხბურთს ითამაშებს. ასე ამბობენ თბილისელთა ხელმძღვანელები. ახალი ტაქტიკური სქემაც 4-3-3, რომელიც ოფიციალურად გამოაცხადეს, ამის დასტურია. ზამთარში, ჯამში, გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა შევსებაც სოლიდური მიიღეს, თუნდაც ოთარ მარცვალაძის დაბრუნება რად ღირს. საინტერესოა ჰოლანდიელი 27 წლის მცველის, იენს იანსეს გამოჩენაც, რომელსაც ერედივიზიონში გამოსვლის საკმაო გამოცდილება აქვს. იანსე პირველი ჰოლანდიელი იქნება, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს.

“სიონი” დღეისათვის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და თუ წინა წლებში უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოდა, წლეულს საშემოდგომო ეტაპის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე დგას და შესაძლოა, საპრიზო ადგილებისთვისაც იბრძოლოს. ეს წარმატებები, რა თქმა უნდა, უპირველესად, ლადო ბურდულს უკავშირდება. რომელიც გუნდში “ყველაფერია” -  დირექტორიც, მწვრთნელიც და ასე შემდეგ. მოსამზადებელი ეტაპი ბოლნისელებმა ნაყოფიერად გამოიყენეს, შარშანდელის მსგავსად, წლეულსაც იყვნენ თურქულ შეკრებაზე და რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართეს. გუნდი, ფაქტობრივად, დაკომპლექტებულია, ეგაა, მეკარის დამატება სურდათ, ლიტველ გრიბაუსკასთან ჰქონდათ მოლაპარაკება, მაგრამ მიზეზთა გამო, შეთანხმება ვერ მოხერხდა. ბოლო ინფორმაციით, ბოლნისელებმა 28 წლის კიპერი, ვლადიმერ ზუხბაია დაიმატეს, რომელიც შემოდგომაზე ცხინვალის “სპარტაკში” ირიცხებოდა.  

ზესტაფონი – ზუგდიდი

26 თებერვალი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

პირველ წრეში: 3:0

“ზესტაფონმა” წლეულს ჩემპიონატის ერთი მატჩი უკვე ითამაშა. 22 თებერვალს მე-17 ტურის გადატანილ შეხვედრაში შინ “სპარტაკს” 3:0 მოუგო და ცხრილში მესამე ადგილამდე აღზევდა. გია გეგუჩაძის დაბრუნების შემდეგ მარგველებს ახალი ამბიცია გაუჩნდათ და პრიზიორებში მოხვედრაზეც არ იტყოდნენ უარს.

ზუგდიდშიც, ფაქტობრივად, ახალი გუნდი კეთდება. გიორგი დარასელიას მთავარმწვრთნელად მისვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: შემადგენლობა, ფორმა, ლოგო და ალბათ თამაშიც. თუ როგორი ხელწერა აქვს ახლა გუნდს, ამას მალე ვნახავთ.

 

1      დინამო (თბ)                                                          18           13           3           2           42:13           42        
2 ჩიხურა 18 10 5 3 35:22 35
3 ზესტაფონი 18 8 4 6 22:15 28
4 დილა 18 7 7 4 23:15 28
5 სიონი 18 7 6 5 22:19 27
6 გურია 18 9 0 9 20:25 27
7 მეტალურგი 18 7 5 6 23:23 26
8 ვიტ ჯორჯია 18 7 4 7 25:23 25
9 ტორპედო 18 6 4 8 19:24 22
10 სპარტაკი 18 4 2 12 13:27 14
11 ზუგდიდი 18 3 5 10 8:24 14
12 მერანი 18 4 1 13 14:36 13

 

მეგოლეები:

13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”)

5 – ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117396