სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
რაგბი

16:20 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ეროვნული” სრული მასშტაბით ბრუნდება

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი ხვალიდან სრული მასშტაბით განახლდება.

სატურნირო ცხრილში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რეგულარული გათამაშების დასრულებამდე დარჩენილ ხუთ ტურში, ყველა თამაში დიდი მნიშვნელობას იძენს. ამაში დასარწმუნებულად სჯობს გადავხედოთ სანაკრებო მატჩების გამო მივიწყებულ დებულებას.

18 ტურის შემდეგ პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები, პლეი ოფის პირველი ეტაპისგან ისვენებენ, მეორე ეტაპზე ურთიერთშეხვედრაში არკვევენ ფინალისტის ვინაობას, დამარცხებულს კი, იქ მოხვედრის შანსი კიდევ რჩება. პლეი ოფის პირველი ეტაპზე მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს, ერთმატჩიან დუელში უმასპინძლებს. მეორე ეტაპზე გამარჯვებულები ერთმანეთს ხვდებიან და უკვე იქ მოგებული, პირველ-მეორეადგილოსანთა შორის გამართული მატჩის დამარცხებულს ფინალის საგზურისთვის ეთამაშება. ამავდროულად, მეცხრე ადგილზე გასული პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან, ხოლო მეათე პირველი ლიგის გამარჯვებულთან უკვე ორრაუნდიან ბრძოლაში არკვევს, თუ ვინ ითამაშებს მომავალ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში.

რა გასაკვირია, რომ ხუთი ტურით ადრე არცერთი ადგილის ბედი გარკვეული არაა, მაგრამ გუნდების დონისა და სიმჭიდროვიდან გამომდინარე, ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბული იქნება. მე-14-ე ტური ბათუმში გაიხსნება და იქ ერთმანეთს აუტსაიდერი გუნდები ეთამაშებიან. 14 საათზე ზღვისპირელები ანგისაზე სატურნირო ცხრილის მეზობელს და ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “აკადემიას” დაუხვდებიან.

“ბათუმი” ლეგიონერებით თუ ქართველი მორაგბეებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა. გუნდს შესათამაშებლად გარკვეული დრო დაჭირდა და 2014 წლის პირველი ორ მატჩი, რომელიც სტუმრად ლიდერებთან ჩაატარა, უშანსო წაგებით დაასრულა. სამაგიეროდ, მათ ერთი კვირის წინ ექვსეულისვის მებრძოლი “არმაზი” უქულოდ დატოვეს (26:12), “აკადემიას” ქულებით გაუტოლდნენ, თანაც მეტოქეებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და ახლა სამიზნედ მერვე ადგილი ამოიღეს. აკადემიელებს შევსება არ მიუღიათ, მაგრამ წელს ჩატარებულ ორივე მატჩში ბოლომდე იბრძოლეს და მათდა სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში სულ ბოლოს გაშვებული ლელოებით 2-2 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. ახლა მათი მოტივაცია კიდევ უფრო მეტი იქნება და ანგისაზეც დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდება. “აკადემიას” განვლილ 14 მატჩში ერთადერთი მოგება აქვს და ეს გამარჯვება სწორედ “ბათუმთან”, პირველ წრეში მოიპოვა - 15:12.

ხუთშაბათს, 16 საათზე, “არმაზი” ქუთაისის “აიას” “შევარდენზე” მასპინძლობს. ეს გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან. ქუთაისელებს რეგულარული გათამაშების პირველ ადგილზე დასრულება სურთ, თბილისელებს კი, ჯერ ექვსეულში შესასვლელად უწევთ ბრძოლა. მათ წელს ორი თამაში ჩაატარეს და ორივეში დამარცხდნენ, მაგრამ “ჯიქებს” მხოლოდ ოთხი ქულით რომ ჩამორჩებიან და ორი თამაში ნაკლები აქვთ ჩატარებული, პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვთ. “აია” ბრწყინვალე ფორმაშია და წელს ორივე თამაში პრემიელური ქულით მოიგო, მაგრამ “არმაზსის” მოტივაციაც მაღალია. გარდა 4-ქულიანი მნიშვნელობისა, თბილისელებს პირველ წრეში ქუთაისში 3:28 განცდილი მარცხისთვისაც სურთ რევანშის აღება. სამაგიეროდ, “აიას” მოგებით მინიმუმ ორი დღით გალიდერება შეუძლიათ და ამისათვის თავის მხრივ მაქსიმუმს გაიღებენ.

ხუთშაბათის კიდევ ერთ ჯახში რუსთავის “ხარები” ბოლნისის “ყოჩებს” დაუხვდება. ბოლნისელებმა ზედიზედ ოთხი თამაშის მოგებით, მათ შორის ერთი მოქმედ ჩემპიონ “ლელოსთან”, ხოლო ორი უშუალო კონკურენტებთან (“არმაზი” და “ჯიქები”), ექვსეულში მოხვედრის პერსპექტივა გაიმყარა და ახლა უფრო მეტზე - რეგულარული პირველობის ოთხეულში დასრულებაზე ფიქრობს. მაგრამ სხვაობა ისეთი არაა, ჩაგდებულმა თამაშმა მასზე გავლენა რომ არ იქონიოს და ახალი მიზნების გარდა, ძველის შესანარჩუნებლად, დაგეგმილი ქულების აღება მნიშვნელოვანია.

თავის მხრივ, “ხარებს” გადათამაშებიდან თავის დაღწევა სურს, წელს ორივე მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და ახლა დაწყებულის კარგად გაგრძელებას ეცდება. მათ ჯერ “ჯიქები” დაამარცხეს, რითაც თავისის გარდა, გარკვეულწილად “ყოჩების” საქმეც გააკეთეს, მერე კი, უშუალო კონკურენტ “აკადემიას” ბოლო წუთზე გატანილი ლელოს შემდეგ, ზუსტად შესრულებული გარდასახვით აჯობეს. იმის გამო, რომ ბათუმელების სუნთქვამ არ შეაწუხოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მათი კონკურენტები ერთმანეთს ეთამაშებიან, რუსთაველები საკუთარი მოედნის უპირატესობის გამოყენებას ბოლომდე ეცდებიან. პირველ წრეში “ყოჩებმა” “ხარებს” 27:14 აჯობა.

ერთი დღის გამოტოვებით, შაბათს, 22 მარტს, ტურის დარჩენილი ორი თამაში გაიმართება. მათგან პირველი 15 საათზე “ავჭალაზე” დაიწყება. ბოლო წლების უპრინციპულეს ჯახში, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის “ლოკომოტივი”, მოქმედ ჩემპიონს და ლიდერ “ლელოს” დაუხვდება. ამ გუნდებს შორის გამართული მატჩები, მუდამ პრინციპულობით გამოირჩეოდა და პირველ წრეში ლელოელებმა მეტოქე 20:14 დაამარცხეს.

ის, რომ მომავალი თამაში ტურის სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით ორი დღის შემდეგ გაიმართება, ვფიქრობ, მის მსვლელობაზე გარკვეულ გავლენას იქონიებს. შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ამ თამაშს “ლელო” ლიდერის სტატუსით ვეღარ შეხვდეს და მას “აიამ” გადაასწროს, ან “ლოკომოტივი” იყოს შაბათს ექვსეულს მიღმა. შეიძლება ისეც მოხდეს, ორივე გუნდი ამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდეს. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში დაძაბული თამაშის მოლოდინი უნდა გვქონდეს და არც ისაა გამორიცხული, სამომავლოდ იგივე დაპირისპირება ფინალში ვიხილოთ.

16 საათზე “შევარდენზე” “ჯიქები” “არმიას” ეთამაშება. ამ ეტაპზე “ჯიქები” ექვსეულში კია, მაგრამ ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, აქედან ორი უშუალო კონკურენტებთან, მათ “აკადემია” საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე გატანილი ლელოთი 5:3 დაამარცხეს და ექვსეულში არიან, მაგრამ კონკურენტებზე ორით მეტი თამაში აქვთ ჩატარებული და გაორმაგებული მონდომება მოუწევთ. არადა, “არმია” ის გუნდი არაა, რაიმე იოლად დათმოს. მათ შვიდმატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხეს, ახლახანს ბელეკში რუსეთის ვიცე-ჩემპიონი “ენისეი” დაამარცხეს და შემადგენლობითაც სხვებზე უკეთეს მდგომარეობაში არიან.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არაა, რომ ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად სწორედ არმიელები მიიჩნევიან და მათ ამ თამაშის მოგებით ლიდერობის მოპოვების თუ არა, საამისოდ საუკეთესო შანსის შენარჩუნების შესაძლებლობა მაინც ექნებათ და ამისათვის მაქსიმუმს გაიღებენ. და მაინც, “ჯიქები” მებრძოლი გუნდია, მათ პირველ წრეში “არმიასთან” 18:18 ითამაშეს და უშანსოდ არც ამჯერად იქნებიან.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი

XIV ტური

20 მარტი

ბათუმი. ანგისა. 14 საათი

ბათუმი (ბათუმი) - აკადემია (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 16 საათი

არმაზი (თბილისი) - აია (ქუთაისი)

რუსთავი. “ახალი”. 16 საათი

ხარები (რუსთავი) - ყოჩები (ბოლნისი)

22 მარტი

თბილისი. “ავჭალა”. 15 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 16 საათი

ჯიქები (თბილისი) - არმია (თბილისი)

 

1                 ლელო                                13            10           0              3                 373-153             49
2 აია 13 10 0 3 292-158 46
3 არმია 13 9 1 3 363-212 45
4 ლოკომოტივი 13 9 0 4 298-235 40
5 ყოჩები 13 8 1 4 284-243 38
6 ჯიქები 15 6 2 7 261-232 35
7 არმაზი 13 7 0 6 220-253 31
8 ხარები 14 3 0 11 179-344 15
9 აკადემია 14 1 0 13 151-333 10
10 ბათუმი 13 2 0 11 188-446 10

 


სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.109349