საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ყაზახეთის დედაქალაქში პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით ჩაატარა. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
“ასტანა არენაზე” ემურ ქეცბაიას გუნდმა 11 ფეხბურთელით ივარჯიშა. მათ შორის იყვნენ: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, დავით თარგამაძე, ლადო დვალიშვილი, ჯანო ანანიძე, გულვერდ თომაშვილი და დავით კვირკველია. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით გუნდმა ყაზახეთში ჩასვლის დღეს, 12 აგვისტოს მსუბუქად ივარჯიშა.
14 აგვისტოს დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაში გამოძახებული ლეგიონერები, ასტანაში, 13 აგვისტოს გამთენიისას ჩავიდნენ. ქეცბაია მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს, სრული, 20 კაციანი შემადგენლობით ქალაქის მთავარ ხელოვნურსაფარიან მოედანზე სამშაბათს, თბილისის დროით 16 საათზე ჩაატარებს. მოგვიანებით კი ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.
თემურ ქეცბაიამ ამხანაგური მატჩისთვის გორის „დილას“ ფეხბურთელი ლაშა გვალიაც გამოიძახა, თუმცა ფეხბურთელმა კლუბის ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ყაზახეთში გამგზავრება ვერ მოახერხა.
გუნდი ყაზახეთში სასტუმრო SOLUXE HOTEL ASTANA-ში იმყოფება.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 14 აგვისტოს, “ასტანა არენაზე”, თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.