არგენტინის ნაკრების ფორვარდს ერნან კრესპოს ტიტულები ერთბაშად 6 კლუბის (“რივერ პლეიტი”, “პარმა”, “ლაციო”, “ჩელსი”, “მილანი”, “ინტერი”) რიგებში გამოსვლისას მოუპოვებია, სამშობლოს ეროვნული გუნდის 64 მატჩში კი 35 გოლი გაუტანია. კრესპო ამჟამად “პარმას” ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელია და მას ინტერვიუ La Gazzetta dello Sport-მა ჩამოართვა.
- მწვრთნელის რანგში თავს როგორ გრძნობთ?
- მშვენივრად. ვერ ვიტან წაგებას და ჩემ შეგირდებსაც ამავე სულისკვეთებით ვზრდი. მათგან მონდომებას და ხასიათის სიმტკიცეს ვითხოვ. სხვაგვარად ფეხბურთში დიდ სიმაღლეებს ვერ მიაღწევ.
- რომელი სპეციალისტები არიან თქვენთვის მაგალითის მიმცემნი?
- ბევრი მწვრთნელის მუშაობას სკურპულოზურად ვაკვირდები, ვსწავლობ მათი მუშაობის სტილს, შემდეგ კი ვცდილობ ეს გამოცდილება გავიზიარო. მიბაძვას რაც შეეხება, რაღაც ელემენტების აღებას კარლო ანჩელოტის, ჟოზე მოურინიუს და მარსელო ბიელსას საქმიანობიდან ვცდილობ.
- მოდით სათითაოდ გვითხარით, უპირველესად რა მოგწონთ ამ ტრიოდან?
- ანჩელოტი ყოველთვის მშვიდადაა, ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვას მუდმივად ახერხებს. მოურინიუს რაც შეეხება, პორტუგალიელის წვრთნის სისტემა მომწონს. ამ მხრივ სეუ ჟოზე სხვებზე ერთი თავით მაღლაა. ამასთან, მოურინიუ ბრწყინვალე ფსიქოლოგია. ბიელსას ხელში ნებისმიერი ფეხბურთელი თავის მაქსიმუმს ავლენს. თუკი რომელიმე მოთამაშე სხვა დამრიგებლის ხელში შესაძლებლობათა 70 პროცენტს იყენებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სენიორ მარსელოს დამრიგებლობისას 30 პროცენტითაც მოუმატებს.
- თანამედროვე ფეხბურთში ერნან კრესპო როგორ ითამაშებდა?
- არ მიყვარს სხვადასხვა ეპოქის ფეხბურთელთა შედარება, მაგრამ ერთს მაინც მოგახსენებთ. როდესაც მინდორზე გავდიოდი ჩემ წინააღმდეგ კანავარო, მალდინი, ნესტა, ტურამი თამაშობდნენ. მიხვდით, რას ვგულისხმობ? არ მომწონს როდესაც ერთმანეთს მარადონას და მესის ადარებენ. მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მარადონას სიდიადის აღსაწერად სიტყვები და ფანტაზია არ მეყოფა...
- “მილანმა” აქცენტი ფერნანდო ტორესზე გააკეთა. თქვენი აზრით, სწორი არჩევანია?
- ტორესი ბრწყინვალე ფორვარდია, რომელსაც მოწინააღმდეგის მცველები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავს. ფერნანდო ძალინ საშიშია საჯარიმო მოედანზე და იმის გათვალისწინებით, “როსონერის” კარგი შუა ხაზი რომ ჰყავს, ესპანელმა, წესითა და რიგით, მაღალი შედეგიანობა უნდა აჩვენოს.
- იტალიური ფეხბურთის აღორძინების გწამთ?
- თხუთმეტიოდე წლის წინ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები აპენინის ნახევარკუნძულზე მიდიოდნენ სათამაშოდ. სადღეისოდ კი იმაზე ოცნებაც არ შეგვიძლია, კრიშტიანუ რონალდუ ან ლეო მესი სერია A-ში რომ იასპარეზებენ. ჩემი აზრით, საუკეთესო გამოსავალი საკუთარი ტალანტების მოძიება და აღზრდაა. ამ ეტაპზე იტალიაში მომუშავე სპეციალისტების უმთავრესი ამოცანა ექსპორტზე მუშაობა უნდა იყოს. ეს “კალჩოს” იმიჯს აამაღლებს და თანდათან პროგრესსაც მივაღწევთ. ხედავთ, პირველ პირში ვსაუბრობ, რადგანაც გარკვეულწილად თავს იტალიელად ვგრძნობ.