ქართველმა სამბისტმა ვაჟებმა მსოფლიოს პირველობის პირველი დღე ისე ჩაამთავრეს, სამეულს მიღმა არც ერთი მათგანი არ დარჩენილა. სპორტის სასახლეში დღეს დაწყებული ჩემპიონატი ჭაბუკთა ნაკრებმა 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს, ხოლო ახალგაზრდულმა – 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით აღნიშნეს და საქართველო ორივე ასაკობრივი ჯგუფის გუნდურ ჩათვლაში დაწინაურდა. ცნობისთვის ვაჟებში სულ 6 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები და სამეულს მიღმა არც ერთი ქართველი არ დარჩენილა.
ბადრი ჯანიაშვილის გაწვრთნილი ჭაბუკებიდან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გიორგი კაცია (60 კგ) და შმაგი შარიფაშვილი (75 კგ) ავიდნენ. ლერი ჯიხვაშვილმა კი მესამე ადგილი დაიკავა. კაციამ საჩემპიონო გზას ლიტველი ანდრიუს ბონდოროვასის წმინდად ძლევით შეუყვა, ყაზახი ბაკდაულეტ საბიტოვითა (5:0) და უზბეკი სარბონ ერნაზაროვით (მტკივნეულით) გააგრძელა და ბელარუსი სერგეი უშივეცით (2:0) დააგვირგვინა. შარიფაშვილმა ტაჯიკ აზიმზონ ბეგიჟონოვს სწრაფადვე მოუმთავრა საქმე, უკრაინელ ოლექსანდრ კალინჩუკს 1:0 აკმარა, ბელარუს ტიმაფეი ემილიანოვთან სულაც, 4:4 დაასრულა, მაგრამ აქტიურობით იმარჯვა. ფინალში კი რუსეთის სახელით მოჭიდავე გიორგი კორელს ორი უპასუხო ქულა აუღო.
ჯიხვაშვილი პირველსავე წრეში, მომავალ ჩემპიონთან – სომეხ გრიგორ მხითარიანთან პასიურობით დამარცხდა და პირდაპირ რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც რუს ეზენ კუიკოვს 4:1 სძლია.
ემილ რაშის შეგირდთაგან ყველაზე შედეგიანად ვახტანგ სარაჯიშვილი (82 კგ) გამოვიდა. ბელარუს ალექსეი კუშნირს, ყაზახ მერეკ ტურაშევსა და რუს დინარ შაფიგულინს ორ-ორი ქულით მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც უკრაინელი იური სკრიპალი მტკივნეული ილეთით ჩამოიცილა.
ახალგაზრდებში, 48 კილოგრამში მხოლოდ 6 მონაწილე მოგროვდა და გივი ნადარეიშვილს სამეულში შესაღწევად ერთი ბარიერის გადალახვაც ეყო. ყაზახი მადიარ ალდამჟაროვის ძლევის (3:1) შემდეგ, ნახევარფინალში რუს სერგეი ივანოვთან ვეღარას გახდა (4:7) და რადგან ამ რუსმა ჩემპიონატი სწორედ ნახევარფინალით დაიწყო, ნადარეიშვილს რეპეშაჟის ფინალში ჭიდაობა აღარ დასჭირვებია, ისე დაეუფლა ბრინჯაოს.
გიორგი ტაბატაძემ უზბეკი სიროჟიდინ ობიდოვი 6:3 დაამარცხა, ასევე 6 ქულა აუღო იაპონელ ტაკამიცუ მაცუისაც, ოღონდ მისთვის ქულაც არ დაუთმია. ნახევარფინალში კი ყაზახ ბაგდატ ჟარილგასოვთან 1:2 წააგო, თუმც რომ არა უსამართლო მსაჯობამა, ფინალის საგზურს ქართველი სამბისტი მოიპოვებდა. არც პროტესტმა გაჭრა და ტაბატაძემ რეპეშაჟის ფინალში გადაინაცვლა, სადაც ჯავრი ტაჯიკ კარიმდოდ უბაიდოვზე იყარა. ცნობისთვის, ამ შეხვედრაში ქართველი 1:7 მარცხდებოდა და ქულიანი და 2-ქულიანი ილეთებით ჯერ ანგარიში სათავისოდ შეატრიალა, ბოლოს კი სულაც 15-მდე ავიდა, ისე, რომ მეტოქისთვის მინიმალური შანსიც აღარ მიუცია.
გოგონათა შორისაც ორივე ასაკობრივ ჯგუფში სამ-სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. საქართველოს სახელით ლეიბზე მხოლოდ ერთი სპორტსმენი გავიდა. 18 წლამდელთა შორის მოჭიდავე ნინო მარტიაშვილმა (65 კგ) სულ ორი შეხვედრა ჩაატარა. ძირითად ბადეში ესტონელ ნატალია რაკთან წააგო წმინდად, შემდეგ კი რეპეშაჟში, მოლდოველ დორინფ მიხაილოვიჩთან მოჰყვა შებოჭვაზე. მარტიაშვილი საქართველოს სახელით მოჭიდავე ერთადერთი სამბისტი აღმოჩნდა, ვინც სამეულს მიღმა დარჩა, თუმც კონკურენტთა რაოდენობაში რომ გამართლებოდა, მედალს მოგების გარეშეც მოიპოვებდა. ასე მაგალითად, 20 წლამდე გოგონების სამივე წონასა და 18 წლამდელთა 40 კილოგრამში ზუსტად იმდენი მონაწილე მოგროვდა, რამდენი მედალიც თამაშდებოდა.
9 ოქტომბერს მედლების 16 კომპლექტი გათამაშდება. ახალგაზრდებში ლეიბზე 52, 68, 90 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე ვაჟები და 48, 60, 72 და +80-კილოგრამიანი გოგონები გავლენ. საქართველოს სახელით ვაჟა ლატარია (52 კგ), ზვიად კაპანაძე (68 კგ), ზაზა დავაძე (90 კგ), ლევან მუქერია (+100 კგ), დარინა აბულაძე (48 კგ), ნინო ოძელაშვილი (72 კგ) და თამარ ლომიძე (+80 კგ) იჭიდავებენ. 18 წლამდელთა შორის კი ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა 52, 65, 81 და +87 და გოგონათა 44, 56, 70 და +75 კილოგრამებში გამოვლინდებიან. ჩოხას გიორგი საჩალელი (52 კგ), გოჩა ვარძელაშვილი (65 კგ), ბექა რატიანი (81 კგ), სლავა რეზესიძე (+87 კგ), სოფო ბერიძე (56 კგ), თეა სუხიტაშვილი (70 კგ) და ელენე ქებაძე (+75 კგ) მოირგებენ. თუმც გოგონათა ქართულ განაცხადში შეიძლება მცირე ცვლილებები განხორციელდეს.
წინასწარი შეხვედრები ისევ დილის 10 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბრძოლები – 18 საათიდან.
სამბო
მსოფლიოს ჩემპიონატი
თბილისი. 8 ოქტომბერი
ვაჟები
ახალგაზრდები
48 კგ
1 სერგეი ივანოვი (რუსეთი)
2 ფუენტეს კასტელანოსი (ვენესუელა)
3 გივი ნადარეიშვილი (საქართველო)
3 ალი გულიევი (აზერბაიჯანი)
62 კგ
1 ვაე ტუტხალიანი (ბელარუსი)
2 ბაგდატ ჟარილგასოვი (ყაზახეთი)
3 გიორგი ტაბატაძე (საქართველო)
3 ვუგარ მამდოვი (აზერბაიჯანი)
82 კგ
1 ვახტანგ სარაჯიშვილი (საქართველო)
2 იური სკრიპალი (უკრაინა)
3 სუნატულა აზიმოვი (უზბეკეთი)
3 დინარ შაფიგულინი (რუსეთი)
ჭაბუკები
48 კგ
1 გრიგორ მხითარიანი (სომხეთი)
2 ჟტკსემბი ბოლატბეკი (ყაზახეთი)
3 ლერი ჯიხვაშვილი (საქართველო)
3 ტუგულდორ ჰიმეგი (მონღოლეთი)
60 კგ
1 გიორგი კაცია (საქართველო)
2 სერგეი უშივეცი (ბელარუსი)
3 არტურ ტე (ყირგიზეთი)
3 სარბონ ერნაზაროვი (უზბეკეთი)
75 კგ
1 შმაგი შარიფაშვილი (საქართველო)
2 გიორგი კორელი (რუსეთი)
3 ტიმაფეი ემილიანოვი (ბელარუსი)
3 მხერ კარაპეტიანი (სომხეთი)
გოგონები
18-წლამდელები
40 კგ
1 კრისტინა ბიკბერდინა (რუსეთი)
2 აიჟან ჟილკიბაევა (ყაზახეთი)
3 ვიდიანის მორენო (ვენესუელა)
3 ლიდია გრინიშაკი (უკრაინა)
52 კგ
1 გერგანა ვაცოვა (ბულგარეთი)
2 ირინა კალინოვსკა (უკრაინა)
3 აიგუნიმ ტუიტეკოვა (ყაზახეთი)
3 გაბრიელა ტაშკუ (მოლდოვა)
65 კგ
1 კრისტინა ჟუკავეცი (ბელარუსი)
2 ნატალია რაკი (ესტონეთი)
3 აიდანა ელეუსინოვა (ყაზახეთი)
3 საბინა ნურგალინა (რუსეთი)
20-წლამდელები
44 კგ
1 ეკატერინა ბურილოვა (რუსეთი)
2 ნადია კრეტოვა (უკრაინა)
3 ალენა მერეუტსი (მოლდოვა)
3 აიზიდა შალაპოვა (ყაზახეთი)
56 კგ
1 ალია ბიკუზინა (რუსეთი)
2 ტატიანა შმირი (უკრაინა)
3 სუდან მედინა (ვენესუელა)
3 მადინა ალიბეკოვა (ყაზახეთი)
68 კგ
1 ქსენია არტამონოვა (რუსეთი)
2 ვერონიკა კრუმგოლდე (ლატვია)
3 მერუერტ ოტებეკოვა (ყაზახეთი)
ოთარ მაღლაკელიძე