რაგბი

18:16 | 2.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ექვსი ერის თასის" გათამაშება დაიწყო

 

ევროპის ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ტურნირის - ექვსი ერის თასის 2014 წლის გათამაშება 1 თებერვალს, კარდიფსა და პარიზში დაიწყო.

მოქმედი ჩემპიონი უელსი იტალიას “მილენიუმზე” დაუხვდა და დებიუტში ისეთი თამაში აჩვენა, რომ სტუმრებს კარგის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდათ, მაგრამ იტალიელებმა მეორე ტაიმში ინიციატივის დაუფლება შეძლეს, ორი საპასუხო ლელო გაიტანეს და უფრო ცივსისხლიანები რომ ყოფილიყვნენ, ეგებ ისტორიული გამარჯვებაც ეზეიმათ, მაგრამ კარდიფი ისევ დამარცხებულებმა დატოვეს.

თამაში სამი წუთის დაწყებული იყო, როდესაც სტუმართა დებიუტანტმა ანჟელო ესპოზიტომ შეცდომა დაუშვა და ალექს კატბერტმა მომხვდური ლელოთო დასაჯა. ლეიგ ჰალფპენის გარდასახვას ტომაზო ალანმა ჯარიმით ათ წუთში უპასუხა, მაგრამ დაახლოებით 15 წუთში ჰალფპენიმ ჯარიმით 7-ქულიანი უპირატესობა აღადგინა. ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ვიდეორეფერიმ ჯორჯ ნორტის ლელო გააუქმა, თუმცა, ორიოდე წუთში სკოტ უილიმსმა ჯეიმი რობერტსის გადაცემით ისარგებლა და უელსელთა მეორე ლელო მაინც გაიტანა. ჰალფპენიმ ეს დარტყმაც ზუსტად შეასრულა - 17:3.

თამაში ახალი განახლებული იყო, როცა მიკელე კამპანიარომ ლელოთი სტუმრებს ხასიათი გამოუკეთა. გარდასახავა არაზუსტი იყო, მაგრამ მალე ჯარიმა ჰალფპენისაც გაუცუდდა. დრო იწურებოდა და 67-ე წუთზე ჰალფპენიმ ჯარიმით მეტოქისთვის იმედების გადაწურვა ჯარიმით განიზრახა, მაგრამ ორიოდე წუთში ამ სამ ქულას სტუმრებმა ლელოთი უპასუხეს. თავი კვლავ შუამარბმა კაპანიარომ გამოიჩინა და ამჯერად ალანის გარდასახვაც ზუსტი იყო. დარჩენილ 10 წუთში 5-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სრულიად შესაძლებელი იყო, მაგრამ ჰალფპენიმ თავისი შანსი 74-ე წუთზეც გამოიყენა და უელსმა 23:15 იმარჯვა.

მომავალ ტურში “დრაკონებს” დუბლინში, ირლანდიასთან ელით გასვლითი მატჩი და მწვრთნელს დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს სიტუაციის გამოსასწორებლად. თავის მხრივ, იტალიელები საფრანგეთს ეწვევიან, რომელთაც შარშან დასამახსოვრებელი მარცხი აგემეს.

“სტად ფრანსეზე” შეკრებილმა მაყურებელმა ნამდვილი თრილერი იხილა, რომლის ბედიც საფინალო სასტვენამდე ორიოდე წუთით ადრე ჟილ ფიკუმ გადაწყვიტა. არადა, დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა საქმე აქამდე თუ მივიდოდა. საწყისი ნახევარი საათი, ფრანგებმა საოცრად ჩაატარეს და მნიშვნელოვანი უპირატესობაც მოიპოვეს, მაგრამ მერე ინგლისელმა ფორვარდებმა მასპინძლები დაჩაგრეს და მნიშვნელოვან გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ...

ბურთი თამაშში ფრანგებმა შეიყვანეს, მისი დაუფლება თავადვე შეძლეს, მერე ფეხით გადაკიდებულს იოან უგე მიყვა, ოვალი მიწიდან მისთვის სასურველი ტრაქეტორიით ახტა, მაიკ ბრაუნი უსაქმოდ დარჩა და ალამთან ლელო გავიდა. ჟან-მარკ დიუსენმა რეალიზაცია ვერ გამოიყენა, თუმცა, ოუენ ფარელის ჯარიმას მე-10-ე წუთზე თავადაც ზუსტი დარტყმით უპასუხა. თამაშის ტემპი არც ამის შემდეგ შენელებულა და შვიდ წუთში უგემ უკვე დუბლი შეასრულა. დიუსენის გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო, მაგრამ 22-ე წუთზე ჯარიმა კვლავ ზუსტად შეასრულა და ანგარიში 16:3 გახდა.

ასეთი დონის გუნდების თამაშისას მსგავსი უპირატესობა სოლიდურია, მაგრამ ინგლისელებმა ტაიმის დასკვნით წუთებში უპირატესობის მოპოვება შეძლეს და მაიკ ბრაუნმა 36-ე წუთზე გატანილი ლელო ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირა - 8:16. დაიწყო მეორე ტაიმი და ვიდეორეფერიმ დააფიქსირა, რომ სტუმართა 9 ნომერი დენი კეირი ლელოს ხაზს ვერ მიწვდა, მაგრამ ფარელიმ ჯარიმის უპირატესობით ისარგებლა, ხოლო 48-ე წუთზე ბულ ვუნიპოლამ მეორე ლელოს შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა და ამჯერად თავი ლუტერ ბარელიმ გამოიჩინა, ხოლო ფარელიმ გარდასახვით ინგლისელები 18:16 დააწინაურა.

მეორე ნახევრის შუაში კეირის არეკნით სტუმართა უპირატესობა ხუთქულიანი გახდა, მერე შეცვლაზე შესულმა მაქსიმ მაშენომ და ალექს გუდმა ჯარიმები გაცვალეს და დასკვნითი 10 წუთის დროც დადგა. თითქოს, ინგლისელებს ცუდი არაფერი ემუქრებოდათ, მათი ფორვარდები მეტოქისას ჯაბნიდნენ და თამაშიც ფრანგთა ნახევარზე მიმდინარეობდა, მაგრამ სადაც ძალა საკმარისი არ აღმოჩნდა, იქ მასპინძლებმა ხერხი იხმარეს, საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ წამოწყებულმა მორიგმა იერიშმა გაამართლა, ფიკუ ფლანგზე გაიქცა, პასის იმიტაციით ბოლო მცველს თავგზა აუბნია და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, რის შემდეგაც მაშენოს გარდასახვის გამოყენება აღარ გაჭირვებია. 26:24 და საფრანგეთის ნაკრებმა თასისთვს ბრძოლაში ერთ-ერთი უმთავრესი მეტოქე გზიდან ჩამოიშორა. ახლა მათ აქვთ იმის შანსი, რომ შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ, გულშემატკივრები გაახარონ და ამისათვის მომავალ კვირას ანგარიში ჯერ იტალიას უნდა გაუსწორონ.

მანამდე, დღეს საღამოს, პირველი ტურის დასკვნით მატჩში ირლანდია შოტლანდიას უმასპინძლებს.

თეგებიექვსი ერი
0.233426