ექტორ რაულ კუპერი XXI საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად მიიჩნეოდა, იმ დროს მისი “ვალენსია” ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებდა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა. “ვალენსიამდე” იყო წარმატებები “მალიორკაში”, მანამდე კი, არგენტინულ “ლანუსში”. მაგალითად, “მალიორკას” არათუ ევროპაში არ იცნობდნენ, ესპანეთშიც კი დავიწყებული ჰყავდათ, კუპერმა კი პრიმერა დივიზიონის დებიუტანტი პირველივე წელს ესპანეთის სამეფო თასის ფინალში გაიყვანა, შემდეგ თასების თასის ფინალში და პლუს, ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა.
დაახლოებით 2003 წლის შემდეგ კი, კუპერის სამწვრთნელო კარიერა დაღმა დაეშვა, ვერცერთი გუნდი ვერ ააყვავა, არადა, მისგან ყველა საოცრებას ელოდა.
ჭაღარა სპეციალისტის კარიერაში ყველაზე მუქი და სამარცხვინო ლაქა საქართველოს ნაკრებში მუშაობის პერიოდში იყო. გახსენებაც არ გვინდა... 55 წლის კუპერი ამ ზაფხულს ესპანური სანტანდერის “რასინგის” მწვრთნელი გახდა. კანტაბრიული კლუბი პრიმერა დივიზიონში ან ძლივს იძვრენს თავს გავარდნისგან, ან ცხრილის შუაშია ხოლმე. “რასინგისგან” მეტი არავის არასოდეს მოუთხოვია.
ახლა კი, კუპერის ინტერვიუ არგენტინულ გამოცემა Lanacion-თან:
- 19 წელია, მწვრთნელად მუშაობთ და თითქმის არ დაგისვენიათ. მშვიდად ცხოვრება არ შეგიძლიათ?
- ამ 19 წელიწადში მქონდა პატარა პაუზა, როდესაც “ინტერიდან” წავედი, თუმცა მართალი ხართ, დიდხანს არ შემისვენია. ზოგიერთი მწვრთნელისთვის ზეიმია, როცა არდადეგებია და ტურნირები არაა. ჩემთვის კი ასე არაა. ფეხბურთი საოცარი სპორტია და სანამ შეგიძლია, უნდა დატკბე. მოკლედ რომ ვთქვა, ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა.
- არ დაფიქრებულხართ არგენტინაში დაბრუნებაზე? მაგალითად, “ლანუსში” ჩამოსვლაზე, რომელსაც 1997 წელს კონმებოლის თასი მოაგებინეთ.
- დაბრუნებაზე მიფიქრია. საერთოდ, მწვრთნელმა ნებისმიერ წინადადებაზე უნდა იფიქროს, მაგრამ ჩავთვალე, რომ “ლანუსში” დაბრუნება ჯერ არ იყო საჭირო. რამდენიმე წლის წინ “ბოკა ხუნიორსიდან” მქონდა წინადადება, თუმცა იმ მომენტში ვიუარე.
- “რასინგს” ფინანსური პრობლემები ჰქონდა, გაკოტრების საშიშროებაც იყო და ამ დროს ასეთ კლუბში წახვედით. რატომ?
- საერთოდ, მწვრთნელმა სირთულეებს თვალებში უნდა შეხედოს. ვიცი, ესპანეთსი და ევროპის უმეტეს ქვეყნებში ფეხბურთელებს ფინანსურ პრობლემებზე ვერ აუხსნი, ისინი კარგად ცხოვრობენ, დიდ გასამრჯელოს იღებენ. ჩემთვის საინტერესო იყო პრიმერაში დაბრუნება, ეს საუცხოო ჩემპიონატია და რატომ უნდა მეთქვა უარი? “რასინგში” ფინანსური პრობლემები იყო და რჩება კიდეც, თუმცა გამოსწორებადია. მქონდა წინადადებები არაბეთიდან და საბერძნეთიდანაც, თუმცა “რასინგი” ვარჩიე. ესპანური პრიმერას ნოსტალგიის ბრალია.
- გულწრფელად გვითხარით, ახლაც ისეთი მოტივაცია გაქვთ, როგორიც 1997 წელს “მალიორკაში” მისვლისას?
- - დიახ. ისევე ძალიან მიყვარს ფეხბურთი, როგორც მოთამაშის კარიერის პირველ წლებში. არის დღეები, როცა ვფიქრობ, რომ გუნდში რაღაც არასწორად გავაკეთე და ამ დროს სტრესი მიპყრობს. მოვა დრო, მოტივაცია გამიქრება, მაგრამ არა ახლა... კიდევ ვამბობ, ახლა “რასინგში” ისე მივედი, თითქოს ეს ჩემი პირველი გუნდი იყოს სამწვრთნელო კარიერაში.
- გასულ სეზონში “რასინგს” თითქმის ბოლო ტურამდე ჰქონდა გავარდნის საფრთხე. არც ამას შეუშინებიხართ?
- ასე მუქადაც ნუ დახატავთ სურათს. ჩვენ გვყავს 6-7 გამოცდილი ფეხბურთელი, პლუს, პერსპექტიული ახალგაზრდები. “რასინგის” მიზანი პრიმერაში ადგილის შენარჩუნებაა და ლოგიკურია, რომ უფრო მეტზეც ვიფიქროთ. ფეხბურთია და წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება.
- ფიქრობთ, რომ “ბარსელონასა” და “რეალის” გარდა, ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ვერავინ ჩაერევა?
- ასე ვერ ვიტყვი. “ვალენსია” კარგი გუნდია, შეუძლია მომატება, თუმცა რა თქმა უნდა, ჯერ “ბარსა” და “რეალი” არიან, მერე კი სხვები. “ატლეტიკოს” სერხიო აგუეროს წასვლა ცოტა დაასუსტებს. გამოკვეთილია, “ბარსა” და “რეალი” ჩემპიონობისთვის, დანარჩენი 18 გუნდიდან ზოგი ჩემპიონთა ლიგაში, ზოგიც ევროპის ლიგაში გასასვლელად იბრძოლებს, ზოგს მხოლოდ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაც დააკმაყოფილებს. ჩვენ ვნახავთ “მალაგას”, სადაც დიდი ინვესტიციები ჩაიდო და ძლიერი ფეხბურთელებიც მივიდნენ. გამორიცხული არაა, “მალაგა” ევროსარბიელზე გავიდეს. “ბილბაოს” და “ესპანიოლსაც” კარგი გუნდები ჰყავთ, თუმცა მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა მეორე წრე ჩააგდო.
მოამზადა ილია ნანობაშვილმა