მსოფლიო კრივის საბჭომ (WBC), მექსიკელ ათლეტ - ხულიო სესარ ჩავეს-უმცროსს მარიხუანის მოხმარებისთვის, 100 ათასი დოლარის ღირებულების ჯარიმა დააკისრა. ამასთან, ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად საბჭომ სპორტსმენს, სარეაბილიტაციო ცენტრში დაწოლა ურჩია.
WBC-ის პრეზიდენტმა ხოსე სულაიმანმა განაცხადა, რომ რეაბილიტაციის შემდეგ 26 წლის სპორტსმენს რინგზე დაბრუნების უფლებას მისცემენ.
სესარ ჩავეს-უმცროსის დაჯარიმება 15 სექტემბერს, ლას ვეგასში ჩატარებული ჩხუბის შემდეგ გადაწყდა. მსოფლიო ჩემპიონმა პროფესიონალებს შორის საშუალო წონაში, არგენტინელ სერხიო მარტინესთან დაპირისპირებისას ტიტულის დაცვა ვერ შეძლო. ჩხუბის შემდეგ ჩატარებულმა დოპინგ-ტესტმა კი, ჩავესის სისხლში მარიხუანის კვალი გამოავლინა.
სესარმა სოციალურ ქსელ Twitter-ის მიკრობლოგში აღიარა, რომ არგენტინელ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირების წინ მარიხუანა მიიღო.
როგორც WBC-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, საბჭო საკუთარ სპორტსმენებს ენდობა და მათი საბოლოოდ რინგიდან მოკვეთას არ აპირებს. სულაიმანის თქმით, ახალგაზრდა მექსიკელი მოკრივე ამ პრობლემის დაძლევას შეძლებს და პროფესიულ სპორტში დაბრუნდება.
აქვე გეტყვით, რომ სესარის მიერ გადახდილი თანხა, ერთ-ერთ მექსიკურ კლინიკაში ჩაირიცხება, რომელიც ბავშვებს კიბოსგან განკურნებაში ეხმარება.