ინტერვიუები

15:39 | 26.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკო პრეციოზი: “შეტევის დამაგვირგვინებელი თავდამსხმელი გვჭირდება”

21 დეკემბერს იტალიის სერია A-ს გადატანილი, პირველ ტურში “ჯენოა” ნეაპოლში, იქაურ “ნაპოლისთან” გამანადგურებელი ანგარიშით, 1:6 დამარცხდა. ასპარეზობის დასრულების შემდეგ ჩრდილოიტალიელთა პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ მთავარმწვრთნელობიდან ალბერტო მალეზანის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო და მის ნაცვლად “როსობლუს” დამრიგებლად პასკუალე მარინო დანიშნა.

- სულ რამდენიმე ტური წინ აცხადებდით, რომ ალბერტო მალეზანის ენდობოდით, “ჯენოას” სამომავლო პროექტი მას უკავშირდებოდა და მთავარი მწვრთნელის გადაყენებას არათუ მიმდინარე სეზონის მსვლელობისას, უახლოესი წლების განმავლობაში არ აპირებდით. დავიჯეროთ, მხოლოდ “ნაპოლისთან” გამანადგურებელი ანგარიშით წაგება იყო მიზეზი მალეზანის დათხოვნისა?
- გითხრათ სიმართლე, ალბერტოს სამწვრთნელო ხედვისა დ მიდგომის ცალკეული დეტალები თავიდანვე არ მომწონდა, მაგრამ მან გარკვეული დადებითი სამუშაო გასწია და მის გაშვებას არ ვჩქარობდი. პირიქით, ვადასტურებ ჩემ სიტყვებს იმის თაობაზე, რომ მალეზანის “ჯენოას” მომავალს ვუკავშირებდი. ეს განწყობა ერთი საღამოს განმავლობაში რადიკალურად შემეცვალა. ჩემი გუნდი ასე დამცირებული ადრე არასდროს მენახა. 21 დაგროვილი ქულისთვის მალეზანის მადლობა გადავუხადე, გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მივიღე, რაც “ნაპოლიმ” მესამე გოლი გაგვიტანა. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს სპონტანური, აწონ-დაწონვის გარეშე მხოლოდ ემოციით მიღებული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ნამდვილად ვერ შევეგუები “ჯენოას” ამგვარ გამასხარავებას.
- გამოდის, დამრიგებელს მხოლოდ ერთადერთი სამარცხვინო მარცხის გამო დაემშვიდობეთ...
- ასეა. ალბერტო სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილის გამო არ გამითავისუფლებია. ვერაფრით ვერ ავიტანე ნეაპოლის “სან პაოლოზე” გუნდის მიერ ნაჩვენები უსუსური ასპარეზობა. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში “ჯენოას” ერთ მატჩში 6 გოლი საკუთარ კარში არასდროს გაეშვა. ჯერ კიდევ არ გადამივიდა გაწბილებისა და გაბრაზების გრძნობა – ხომ გახსოვთ მეექვსე გოლი ნეაპოლელებმა ჩვენთვის როგორი დამაცირებელი ჟესტით აღნიშნეს.
- ახალ მთავარ მწვრთნელზე. პასკუალე მარინოზე არჩევანი რა კრიტერიუმით გააკეთეთ?
- ხშირად მეკითხებიან, რატომ დავნიშნე მარინო “ჯენოას” ახალ დამრიგებლად. პასუხი ამგვარია – 22 წელია ფეხბურთში ვარ და ვფიქრობ საკმარისი გამოცდილება მაქვს მიღებული, რათა გუნდს შესაფერისი მწვრთნელი შევურჩიო. “ჯენოას” აღორძინების პროექტს ამიერიდან პასკუალე მარინოს ვუკავშირებ.
- საამისოდ გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას არ აპირებთ?
- იანვარში აუცილებლად შევიძენთ ახალ ფეხბურთელებს. ტრანსფერების საკითხს პასკუალე მარინოსთან მოთათბირების შემდეგ გადავწყვეტთ. ჯერჯერობით, მთავარ მწვრთნელთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. ისე, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, უპირველესად შეტევის დამაგვირგვინებელი თავდამსხმელი გვჭირდება. პრინციპში, ამას გულშემატკივრები და ჟურნალისტებიც კარგად ხვდებიან. თქვენმა კოლეგებმა უკვე დაწერეს, რომ დიეგო მილიტოს შეძენას ვაპირებთ. არგენტინელ ფორვარდს სიამოვნებით ავიყვანდით, მაგრამ საამისო ფინანსური შესაძლებლობა “ჯენოას” არ აქვს. მილიტო ისეთ ხელფასს მოგვთხოვს, რომლის გადახდასაც მხოლოდ სამი თვის განმავლობაში შევძლებთ. ერთი სიტყვით, აუცილებლად შევიძენთ ფეხბურთელს, რომელსაც გუნდის მიერ შექმნილი ხელსაყრელი სიტუაციების გოლად გარდასახვის უნარი აქვს.
- ჩვენი ინფორმაციით, “ჯენოას” თვალთახედვის არეალში ბორიელო, ამაური და ჯილარდინო არიან...
- თქვენ მიერ ჩამოთვლილ მოთამაშეთაგან, ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ჩვენი წევრი გახდება. ჩემ სიტყვებს ისე ნუ გაიგებთ, თითქოს, რომელიმეს ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ ამ ტრიოს “ჯენოას” მაისურის მორგების კანდიდატად ჩათვლა ნამდვილად შეიძლება. ყველაზე პრობლემატური ბორიელოს გენუაში გადმოსვლის საქმეა. ბოლო დროს გავრცელებული ცნობის თანახმად, ერთ დროს “ჯენოას” ფორვარდი ტურინის “იუვენტუსს” შეუთანხმდა და ადვილი შესაძლებელია, “რომადან” სწორედ “ბებერ სინიორაში” წავიდეს და არა ჩვენთან.

გოჩა კაჭარავა


 

0.119659