დღეს 15 წელი შესრულდა “ლივერპულის” ლეგენდარული მთავარი მწვრთნელის, ბობ პეისლის გარდაცვალებიდან. იგი მერსისაიდელთა ყველა დროის საუკეთესო დამრიგებლადაა აღიარებული, ამიტომაც გადავწყვიტეთ გულშემატკივრებისთვის პეისლის სამწვრთნელო კარიერის შესახებ მოგვეთხრო.
1974 წელს, ბილ შენკლიმ “ლივერპულის” მთავარმწვრთნელობაზე უარი თქვა. მის ნაცვლად ენფილდელთა გაძღოლა მთავარი მწვრთნელის თანაშემწეს, ბობ პეისლის მიანდეს. პეისლის დამრიგებლობით გუნდის პირველი სეზონი ნაკლებად დამაჯერებელი (“ლივერპულის” საზომის გათვალისწინებით) გამოდგა. “ლივერპული” ჩემპიონობისთვის ბოლომდე კი იბრძოდა, მაგრამ “მიდლსბროსთან” გაუთვალისწინებელმა მარცხმა მერსისაიდელთა პირველობას ხაზი გადაუსვა. პეისლის არც თასებზე გაუმართლა. ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასზე მერსისაიდელებმა “იფსვიჩთან” წააგეს, ლიგის თასზე კი ენფილდელებს გზა “მიდლსბრომ” მოუჭრა. “ლივერპულს” არც საევროთასო არენაზე ჰქონია საქმე დასაკვეხნად. მართალია, გუნდმა საერთაშორისო არენაზე ყველაზე დიდი ანგარიშით იმარჯვა (თასების თასის საწყის ეტაპზე ენფილდელებმა ნორვეგიულ “სტრომსგოდსეტს” 11:0 მოუგეს), მაგრამ მერვედფინალში პეისლის გუნდი ბუდაპეშტის “ფერენცვაროშმა” დაამარცხა. ერთი სიტყვით, 1974-75 წლების სეზონი პეისლის სამთავარმწვრთნელო კარიერაში ერთადერთია, როდესაც იგი უტიტულოდ დარჩა. თუმცა, ბობის მუშაობით “ლივერპული” კიდევ უფრო იკრებდა ძალას, რამაც საბოლოოდ დაუმარცხებელი გუნდის ჩამოყალიბება მოახდინა. პეისლი თანმიმდევრული იყო საკადრო პოლიტიკის გატარებისას. იგი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა “გრანდიოზულ ტრანსფერებს” და გამიზნული სელექციის მომხრე გახლდათ. გუნდში მხოლოდ ის ფეხბურთელები აჰყავდათ, რომელთაც სამწვრთნელო შტაბი კარგა ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, საბოლოო სიტყვა კი პეისლის ეკუთვნოდა. 1975 წელს, “ნიუკასლიდან” გუნდში ტერი მაკდერმოტი მივიდა, მომდევნო სეზონის დასაწყისიდან “იფსვიჩი” “ლივერპულზე” დევიდ ჯონსონმა გაცვალა, 1977 წლის გაზაფხულზე კი, ჰამბურგში წასული კევინ კიგანი, “სელტიკიდან” “ენფილდზე” მიწვეულმა კენი დალგლიშმა (შოტლანდიელის სატრანსფერო თანხა 440 ათასი გირვანქა იყო) შეცვალა. ამავე პერიოდში მივიდნენ “ლივერპულში” გრემ სუნესი, ალან კენედი, ფილ ნილი და ტერი მაკდერმოტი. პეისლიმ რეი კენედი თავდამსხმელობიდან მარცხენა ნახევარმცველად დახია და ამ პოზიციაზე მოთამაშე ექსფორვარდი “დიდი ლევერპულის” შეუცვლელი წევრი გახდა. ბობს შესაშური სასელექციო ნიჭი ჰქონდა. მან ახალგაზრდა ჯიმი კეისში გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ამოიცნო და “საუთ ლივერპულისგან” 10 ათას გირვანქად შეიძინა. წარუმატებელ სამთავარმწვრთნელო დებიუტს კი ბობმა ტრიუმფულიც მიაყოლა – 1976 წელს, “ლივერპული” მეცხრედ გახადა ინგლისის ჩემპიონი და შენკლის მსგავსად, უეფას თასი მოაგებინა. თითქმის ათწლეულის განმავლობაში ენფილდელებს არც საშინაო და არც საერთაშორისო სარბიელზე ბადალი არ ჰყავდათ, თანაც გუნდი ტიტულებს მაყურებლისთვის მიმზიდველი, შედეგიანი ასპარეზობით იგებდა. რად ღირს თუნდაც 1978-79 წლების სეზონის პირველ დივიზიონში “ლივერპულის” მიერ ნაჩვენები თამაში – ბობ პეისლის ბიჭებმა 42 საჩემპიონატო შეხვედრაში 85 გოლი გაიტანეს, მეტოქეებს კი მხოლოდ 16-ჯერ დართეს საკუთარი კარის აღების ნება.
ამასობაში კი ბობ პეისლი და “ლივერპული” ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ სანუკვარ მიზნამდე – ჩემპიონთა თასის დაუფლებამდე. 1977 წლის ადრეულ გაზაფხულზე, ამ ტურნირის მეოთხედფინალში, მერსისაიდელებს დიდი ბრძოლა იმ დროისთვის ძლიერმა და სიმპათიურმა “სენტ ეტიენმა” გაუმართა. საფრანგეთში მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს და გუნდები უმძიმესი განმეორებითი პაექრობისთვის განეწყვნენ. მოლოდინი გამართლდა. “ენფილდზე” კიგანმა “ლივერპული” დააწინაურა, მაგრამ ნახევარმცველ და კაპიტან მიშელ ლიარკეს წინამძღოლობით, “მწვანეები” დიდი ძალებით შეტევაზე გადავიდნენ და ანგარიშიც გააყაიმეს. ნახევარფინალში გასასვლელად, პეისლის ბიჭებს მინიმუმ 2 ბურთი უნდა გაეტანათ. მეორე ტაიმში რეი კენედიმ თავისი გუნდი წინ გაიყვანა, ასპარეზობის მიწურულს კი ბობს მერამდენედ გაუმართლა შეცვლაზე შესულმა ფეარკლაფმა, რომლის ზუსტმა დარტყმამ “ლივერპული” “ციურიხზე” “გაიყვანა”. აღმავლობის გზაზე მდგარმა გუნდმა შვეიცარიული ბარიერი უპრობლემოდ გადალახა (3:1, 3:0) და 25 მაისს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე, მიონხენგლადბახის “ბორუსიასთან” საომრად გაემზადა. ფინალის წინ გერმანელები ფავორიტებად ითვლებოდნენ. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ბერტი ფოგთსი, რაინერ ბონჰოფი, იუპ ჰაინკესი, ჰერბერტ ვიმერი, აგრეთვე, ული შტილიკე, დანიელი ვარსკვლავი ალან სიმონსენი და მათი დამრიგებელი, უდო ლატეკი მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად იყვნენ განწყობილნი, “ლივერპულს” კი საკადრო სირთულე შეექმნა - თავდასხმაში კიგანის პარტნიორი, ტრავმირებული ჯონ ტოშაკი საფინალო განაცხადში ვერ მოხვდა. დაიწყო თამაში და პეისლის ბიჭებმა ყველა წინასაფინალო წინასწარმეტყველება გააქარწყლეს. მართალია, მეორე ტაიმის დასაწყისში სიმონსენმა დიდოსტატური დრიბლინგითა და დარტყმით ტერი მაკდერმოტის გოლი გაქვითა, რასაც, გარკვეული დროით, მიონხენგლადბახელთა მიერ სათამაშო უპირატესობის მოპოვებაც მოჰყვა, მაგრამ “ლივერპულმა” თანდათან კვლავ იპყრო ხელთ თამაშის სადავეები და ტომი სმიტისა და ფილ ნილის გოლებით პირველად მოიგო ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო ტიტული. ბობ პეისლი კი პირველი ინგლისელი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიპოვა. მალე “ლივერპული” კიგანმა დატოვა და ბედის ირონიით, კევინმა “ჰამბურგის” შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი მერსისაიდელთა წინააღმდეგ ჩაატარა. ევროპის სუპერთასზე პეისლის გუნდმა ჩრდილოგერმანული კლუბი გაანადგურა. ჰამბურგში მეტოქეები 1:1 დაზავდნენ, “ენფილდზე” კი “ლივერპულმა” 6:0 მოიგო.
ბობ პეისლის მთავარმწვრთნელობით “ლივერპულმა” სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, 6-ჯერ ინგლისის პირველობა, თითოჯერ უეფას თასი და ევროპის სუპერთასი, სამჯერ ინგლისის ლიგის თასი, 5-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, 1976, 1977, 1979, 1980, 1982 და 1983 წლებში ინგლისის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, 1983-ის 23 მაისს კი, ვალმოხდილმა გუნდის დამრიგებლის პოსტი დატოვა და “ლივერპულის” მწვრთნელ-კონსულტანტი გახდა. კიდევ 11 წელი მოღვაწეობდა პეისლი მერსისაიდელთა საკეთილდღეოდ, 1996 წლის 14 თებერვალს კი, ალცჰეიმერის დაავადებით გარდაიცვალა.
გოჩა კაჭარავა