ჩოგბურთი

23:43 | 7.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ენდი მარეი – უიმბლდონის შოტლანდიელი ტრიუმფატორი

 ენდი მარეიმ უიმბლდონის ფინალში რეიტინგსიის სერბ ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს 6:4, 7:5, 6:4 მოუგო და 1936 წლიდან მოყოლებული პირველი ბრიტანელი გახდა, რომელმაც საშინაო მეიჯორის საჩემპიონო წოდება მოიპოვა. შეგახსენებთ, შოტლანდიელი შარშანაც გავიდა უიმბლდონის ფინალში, მაგრამ პირველობისთვის გადამწყვეტი მატჩი როჯერ ფედერერთან დათმო.

“ნოვაკის წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია და როდესაც სხვა მეტოქეების გატეხვას ვახერხებდი, ჯოკოვიჩი ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა. ასევე იყო დღესაც. განსაკუთრებით მესამე სეტის მეათე გეიმის მსვლელობისას გამიჭირდა. ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. საერთოდაც, ურთულესი ფიანლი გამოვიდა, ცხელოდა და ბოლოსკენ ძალიან დავიღალე. ვერც კი გეტყვით, როგორ მოვიპოვე დასკვნითი ქულები. გადამწყვეტი გათამაშებების გახსენება არცკი შემიძლია”, - განაცხადა პირველი საუიმბლდონე ტიტულის დასაკუთრების შემდეგ ენდი მარეიმ.

მისგან განსხვავებით, ჯოკოვიჩი დაღონებული გამოიყურებოდა, თუმცა თავი მაინც ღირსეულად ეჭირა: “ვულოცავ ენდის. მან ჩემპიონობა სავსებით დაიმსახურა. მარეისთან ერთად, მთელ ბრიტანეთსაც ვულოცავ. ბოლომდე დავიხარჯე და ამგვარ ფინალში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია”.

დღევანდელი მოგების შემდეგ მარეიმ ჯოკოვიჩთან ურთიერთშეხვედრებისას ჩამორჩენა ოდნავ შეამცირა – 8:11. ენდიმ მეორე სადიდსლემო ტურნირი მოიგო, უიმბლდონზე მიღწეულმა ტრიუმფმა კი მარეის 2000 სარეიტინგო ქულა და მილიონ 600 ათასი გირვანქა მოუტანა.  

0.113548