დუბაის ტურნირის ნახევარფინალში შოტლანდიელმა ენდი მარეიმ სადღეისოდ მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო, ფინალში კი პლანეტის ყველაზე ტიტულოვან ჩოგბურთელთან დამარცხდა. ამ შეხვედრის შემდეგ მარეი ჟურნალისტებს გაესაუბრა და მათ საკუთარი სამომავლო გეგმებიც გაუმხილა.
- ენდი, უპირველესად რის ხარჯზე მოახერხა ფედერერმა თქვენი ძლევა?
- შეცდომები საკმარისად დავუშვი, თუმცა, როჯერს ვერ დავუკარგავ იმას, რომ ჩემთან შედარებით უფრო აგრესიული იყო. ამასთან, შვეიცარიელს ცოტათი ბედმაც გაუღიმა. ეს განსაკუთრებით პირველ სეტს ეხება, მეორე პარტიაში კი უნდა ვაღიარო, ფედერერმა შანსი არ დამიტოვა.
- ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგეთ, მეორე დღეს კი გადამწყვეტ მატჩში როჯერ ფედერერთან (2) მოგიწიათ შებმა. რამდენად რეალურია მიჯრით ამ 2 დიდოსტატის დამარცხება?
- თუნდაც ერთი მათგანის ძლევა ურთულესი საქმეა, რომ არაფერი ვთქვა ზედიზედ მათ საჩოგბურთო კორტზე დაჩაგვრაზე. მაგრამ წარმოუდგენელი არაფერია და მეც ამ ამოცანის ადრე თუ გვიან აღსასრულებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებ.
- ფინალის შემდეგ პირად მწვრთნელს ივან ლენდლს თუ გაესაუბრეთ?
- მასთან ყოველი მატჩის შემდეგ ვსაუბრობ.
- ამჯერად რა შეცდომებზე მიგითითათ ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა?
- ჩვენ ერთობლივად ნაყოფიერად ვიმუშავეთ, რაც დუბაიში კარგად გამოჩნდა. ფორმის პიკს თანდათან ვუახლოვდები. ჩემი მიზანი ინდიან უელსსა და მაიამიში წარმატებით გამოსვლაა. წინა ტურნირები ცუდად ჩავატარე და ამჯერად ერთ-ერთი მათგანის მოგებასაც კი ვუმიზნებ.
- გულშემატკივრებს აინტერესებთ, გამოხვალთ თუ არა დევისის თასზე დიდი ბრიტანეთის სახელით. როდის მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას?
- ნაკრების კაპიტანი ლეონ სმიტი მაიამიში ჩამოსვლას აპირებს და სწორედ იქ გადაწყდება ჩემი დევისის თასზე ასპარეზობის საკითხი. ძალიან გადატვირთული საასპარეზო გრაფიკი მაქვს, ამიტომაც კიდევ ერთ შეჯიბრებაზე გამოსვლა ფიზიკურად ძალიან გამიჭირდება. თუმცა, ბრიტანეთის სახელით ჩემი გამოსვლა გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაა და ამ საკითხს ნათელი ამერიკული ტურნირების მსვლელობისას მოეფინება.
- როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებამდე “თავის დაზოგვას” არ აპირებს და ინტენსიურად იასპარეზებს. თქვენც ანალოგიურად დატვირთული პერიოდი გექნებათ?
- მოსაცლელად დრო ნამდვილად არ მექნება, მაგრამ რამდენად გავუძლებ ამგვარ რიტმს, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მთავარია, ტრავმა არ მივიღო, ფორმა და მოტივაცია არ დავკარგო. საკუთარ თავს ყოველთვის მაქსიმალურ მიზანს ვუსახავ. რაც დრო გადის, ფორმის პიკზე ყოფნა სულ უფრო და უფრო ძნელდება და მეტად მნიშვნელოვანია, მოტივაციის შენარჩუნება და მუდმივად ფსიქოლოგიურ მზადყოფნაში საკუთარი თავის მოყვანა.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ