ახალი წლის დადგომამდე, ზუგდიდის “ბაიას” უჩინარმა მეპატრონემ გუნდის მთავარ მწვრთნელს უსიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა. ელგუჯა ქომეთიანს ტელეფონზე დაურეკეს და ამცნეს, რომ იგი “ბაიას” აღარ უთავკაცებდა. მოგვიანებით მას ის უთხრეს (ისიც ტელეფონის მეშვეობით), რომ გუნდში რჩება და ახალ მწვრთნელს, გოჩა ტყებუჩავას ასისტენტობას გაუწევს.
ცნობისათვის, ეს მიმდინარე სეზონში მე-10 შემთხვევაა, როცა უმაღლესი ლიგის გუნდს მწვრთნელი ეცვლება. იმ ქართული გუნდების იშვიათ გამონაკლისთა შორის, რომლებსაც ისევ ის კაცი თავკაცობს, ვინც სეზონის დასაწყისში, მარტვილის “მერანი”, თბილისის “ვიტ ჯორჯია” და “დინამოა” (გორის “დილას” მწვრთნელი 2-ჯერ შეეცვალა).
“მსოფლიო სპორტი” “ბაიას” ექსმთავარ და ახლანდელ მეორე მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანს ბოლო დღეების მოვლენათა შესახებ ესაუბრა.
- ბატონო ელგუჯა, როგორც გავიგეთ, “ბაიას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაგათავისუფლეს.
- დამირეკეს ახალ წლამდე და მითხრეს, “ბაიაში” გოჩა ტყებუჩავა ჩამოდის მთავარ მწვრთნელადო. დღეს შემომთავაზეს გუნდში დარჩენა და მეც დავთანხმდი - დავრჩები და თუ რამეს შევძლებ, გვერდით დავუდგები ახალ მწვრთნელს. ახლა განზე გადგომა არ მიმაჩნია სწორად, რადგან ზუგდიდს ჩემგან პატივისცემა ეკუთვნის.
- გასაგებია, რომ ვინც ფულს იხდის, გადაწყვეტილებასაც ის იღებს. ისიც ხომ არ უთქვამთ, რა მიზეზით გაგათავისუფლეს?
- მეც მაინტერესებდა, რა მიზეზით მოხდა ყველაფერი, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს. ადგილი სამუდამოდ არავის აქვს დაჯავშნული, მით უფრო მწვრთნელს, რომელიც ყოველთვის ჩემოდნებზე ზის და არ იცის, როდის ეტყვიან წადიო.
დღესაც ვერ ვხვდები, რა მოხდა. სეზონი ჩავარდნილად ჩათვალეს და ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, თუ რამე მიზანი იყო და ვერ შევასრულეთ? ასეთ რამეზე ლაპარაკიც არ ყოფილა.
მართალი გითხრათ, ცოტა გამიკვირდა. ადრე, სეზონის მიმდინარეობისას, როცა ჩვენი გუნდი მეორე-მესამე ადგილზე იყო, კი მქონდა წასვლის შესახებ განცხადება გაკეთებული. შინ “ვიტ ჯორჯიასთან” წაგების (18 სექტემბერს 0:1 - ფ.კ.) შემდეგ ვთქვი, რომ თუ ამ შედეგით უკმაყოფილონი ხართ, შეგიძლიათ, ახალი მწვრთნელი მოიყვანოთ-მეთქი. მაშინ შემცვლელის კანდიდატურებიც განიხილებოდა, მაგრამ მერე რატომღაც შეჩერდა ეს პროცესი.
მერე ჩემპიონატში გახშირებულმა ტრავმებმა შეგვიშალა ხელი და თუ სამეულში ვერ დავიმკვიდრეთ ადგილი, არც გასავარდნ ზონაში ვიმყოფებოდით. თუმცა, მჯერა, რომ არა წამყვანი ფეხბურთელების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ცოტათი მეტი ქულა გვექნებოდა, ვიდრე ახლა აქვს “ბაიას” (18 მატჩში დაგროვილი 24 ქულით, “ბაია” მე-6 ადგილზეა - ფ.კ.).
სიმართლე გითხრათ, მე თვითონ გაკვირვებული ვიყავი ასეთი შედეგით, რადგან ჩვენს გუნდს, ცხრილში მასზე წინ მდგომი კი არა, ჩამორჩენილ გუნდებზე უარესი მომზადების პირობები ჰქონდა. მიმაჩნია, რომ ის, რასაც ამ ეტაპისთვის “ბაიამ” მიაღწია, იყო მაქსიმუმი, მაგრამ როგორც ჩანს, სხვამ ჩათვალა, რომ უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა.
- თუ ქართულ სატრანსფერო ბაზარზე “ბაიას” ფეხბურთელთა ყველაზე ხშირ ხსენებას გავითვალისწინებთ, გუნდში საერთოდ რჩება ვინმე?
- დარჩენით ალბათ დარჩებიან, მაგრამ ძირითად ბირთვს წასვლა უნდა. გადაწყვეტილია გუგუჩიას, რიგვავას, სამუშიას წასვლა. წასვლა უნდათ ეხვაიას (“დილაში”), წურწუმიას (ფოთის “კოლხეთში”), სომხიშვილს. ასევე სტარტზე არიან აფაქიძე, სიხარულია. მიმაჩნია, რომ საამაყოა, როცა ჩვენი გუნდის ფეხბურთელებზე ასეთი მოთხოვნაა. ე.ი. ცუდად არ გვიმუშავია.
- ახალი გუნდის კონტურები თუ იკვეთება?
- დღეს (საუბარი 4 იანვარს ჩავწერეთ - ფ.კ.) საწვრთნელ ბაზაზე ვიყავი და იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი ჩამოვწერეთ, რომელი ადგილობრივი ფეხბურთელის იმედი უნდა გვქონდეს. ჯერ ერთადერთი ბოლომდე მიყვანილი მოლაპარაკება გვქონდა ლევან კუტალიასთან, რომელიც ბოსნიიდან გვიბრუნდება. ჩამოვა გოჩა ტყებუჩავა, მას საკუთარი მონახაზი ექნება, დავსხდებით და ახალი გუნდის შემადგენლობაც გამოიკვეთება.
- როდისაა გეგმაში გუნდის შეკრება?
- მანამდე 5 იანვარს მყავდა გუნდი დაბარებული. მოვლენ, შევიკრიბებით, დავილაპარაკებთ, ვინ რას აპირებს. როგორც ტყებუჩავასთან შევთანხმდით, 10 იანვრისთვის დავიბარებ გუნდს და მზადებასაც შევუდგებით.
ფრიდონ კერვალიშვილი