გასულ სეზონში “ბაიამ” ბევრი რამ გადაიტანა – უფინანსობა, ფეხბურთელების წასვლა, ორი წამყვანი მოთამაშის ტოტალიზატორების სკანდალში გახვევა, ნასესხები ფულით თამაშებზე სიარული. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ზუგდიდელებმა არა მხოლოდ უმაღლეს ლიგაში შეინარჩუნეს ადგილი, არამედ, ხელი კინაღამ ხუთეულსაც გამოჰკრეს. გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, ელგუჯა ქომეთიანისთვის ყოველმხრივ რთული სეზონი აღმოჩნდა, მაგრამ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში მან აღნიშნა, რომ განვლილ ჩემპიონატში “ბაიას” გამოსვლას წარმატებულად თვლის.
ელგუჯა ქომეთიანი: “ეს სეზონი ჩვენთვის წარმატებული იყო. გამომდინარე იქიდან, რომ სეზონის განმავლობაში რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ვიყავით და გუნდი 21-22-მა ფეხბურთელმა დატოვა, უმაღლეს ლიგაში ადგილი მაინც შევინარჩუნეთ. სეზონის დაწყებამდე, მიზნად ევროტურნირებზე გასვლა ნამდვილად არ გვქონია და უმაღლესში დარჩენა გვინდოდა, რაც მოვახერხეთ კიდეც. შეგვეძლო უკეთესი შედეგიც გვეჩვენებინა და მე-4 ადგილზე გავსულიყავით”.
- განვლილი სეზონის განმავლობაში “ბაიას” ფინანსურ მგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, მე-6 ადგილის დაკავება საკმაოდ კარგ და ამავე დროს, მოულოდნელ შედეგად უნდა ჩაითვალოს...
- გეთანხმებით. ჩვენი ფინანსური მდგომარების გათვალისწინებით, უმაღლეს ლიგაში ადგილი არ უნდა შეგვენარჩუნებინა. შესაძლოა, ვინც გუნდის გამოსვლას თვალს გვერდიდან ადევნებდა, მისთვის ეს შედეგი მოულოდნელი იყო, მაგრამ არა ჩემთვის, რადგან ამ ახალგაზრდა ბიჭების პოტენციალი ვიცოდი. “ბაიას” საფეხბურთო სკოლა ისეა აწყობილი, რომ მისი აღსაზრდელები თავის სიტყვას დიდ ფეხბურთში იტყვიან. ჩვენ გასულ სეზონში ძირითადად 1989, 1990 და 1991 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს ვეყრდნობოდით და მე-6 ადგილზე გასვლა ნამდვილად კარგი შედეგი იყო.
- გაჭირვების მიუხედავად, განვლილმა პერიოდმა წარმოაჩინა, რომ ზუგდიდში ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები იზრდებიან...
- რა თქმა უნდა. “ბაიას” საფეხბურთო სკოლაში იდეალური სამუშაო პირობებია. განვლილ სეზონში, მწვრთნელების ნამუშევარი გამოჩნდა კიდეც. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები გუნდს უმაღლეს ლიგაში დაემატნენ, ხელწამოსაკრავი არც დუბლები გვყავდა და არც ჭაბუკთა ლიგის გუნდი. “ბაიას” აღზრდილები საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში გამოდიან. ეს მწვრთნელების მუშაობის შედეგია. მათმა შრომამ ნაყოფი გამოიღო.
- ასეთ რთულ მდგომარეობაში მყოფი გუნდი უმაღლეს ლიგაში უპრობლემოდ დარჩა და უფრო მაღალი ადგილიც შეეძლო დაეკავებინა. “ბაიამ” ამის გაკეთება რის ხარჯზე მოახერხა?
- ეს არის ჩვენი თავდადებული შრომის შედეგი – სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების. ჩვენ ვთქვით, რომ ერთმანეთს მხარში უნდა დავდგომოდით და რაც არ უნდა ყოფილიყო, კი არ გვეწუწუნა, არამედ, საქმე გვეკეთებინა. სეზონის დასრულებამდე, რაც შეგვეძლო, ყველაფერი “ჩავდეთ” და შედეგიც მივიღეთ. მსურს, ამისთვის მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს – სეზონის განმავლობაში წასულებს და მათ შემცვლელად მოსულებს, ასევე, იმ მწვრთნელებს, რომლებმაც “ბაიას” ასაკობრივი გუნდებიდან მოთამაშეები მოგვაწოდეს.
- ფინანსურ გაჭირვებასთან ერთად, სეზონის მიწურულს “ბაიას” ფეხბურთელების – როინ ონიანისა და ლევან ვართაგავას ტოტალიზატორების სკანდალში გახვევა, ბუნებრივია, როგორც კლუბისთვის, აგრეთვე, თქვენთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო...
- რაც მოხდა, კლუბისთვის სამარცხვინო იყო და ძალიან გული მწყდება. ისე განვიცადე, რომ ფიზიკურად ძალიან ცუდად გავხდი. არ მეგონა, თუ გადავიტანდი. ჩემს გუნდში ასეთი სიბინძურე ვერანაირად ვერ წარმომედგინა. ზემოთ კი ვთქვი, სეზონს წარმატებულად ვთვლი-მეთქი, მაგრამ ამ ფაქტის გამო, დღემდე შეურაცხყოფილი ვარ და კიდევ ერთხელ მსურს, რომ ყველას ბოდიში მოვუხადო.
- ახალი სეზონისთვის მზადებას როდის იწყებთ? გუნდის შემადგენლობაში რა ცვლილებები მოხდა?
- ჯერჯერობით, მხოლოდ ირაკლი ქობალიამ დაგვტოვა, რომელიც რუსთავის “ოლიმპში” იჯარით გადავიდა და გუნდს ევროპის ლიგაზე დაეხმარება. ამ ეტაპზე, დაფინასების მხრივ არანაირი პერსპექტივა არ ჩანს და ალბათ, უახლოეს დღეებში ბევრი რამ გაირკვევა. ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე სხვა კლუბების მხრიდან მოთხოვნაა, მაგრამ გუნდის ბირთვის შენარჩუნება გვინდა. ამიტომ, მათ ვთხოვეთ, რომ 20 ივნისამდე მოითმინონ, ვიდრე დაფინანსების საკითხი გადაწყდება. თუ პრობლემები არ მოგვარდა, ისინი წავლენ. არადა, ერთი მოთამაშის დანაკლისის შევსებაც გაგვიჭირდება. ძალიან ძნელია, რომ სეზონის განმავლობაში 1994-1995 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს დაეყრდნო.
- იმედია, გასული სეზონის მსგავსად, თამაშებზე სიარული ნასესხები ფულით არ მოგიწევთ...
- მეც უკვე მომბეზრდა ამდენი წუწუნი. ნაცნობ-მეგობრები მირეკავენ და მეკითხებიან გუნდის ამბავს. ერთი და იგივე პრობლემებზე საუბარი უკვე მრცხვენია. იმედია, ამ დღეებში ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება.
ლაშა თაბაგარი