“ვიტ ჯორჯიამ” ჩემპიონატის ბოლო მატჩები ძლიერად ჩაატარა. თბილისის “დინამოსთან” 1:0 მოგებას ქუთაისის “ტორპედოსთან” 5:0-იც მიაყოლა. მშვენივრად წარმოაჩინა თავი 21 წლის ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემაც, რომელსაც “ტორპედოსთან”, როგორც იტყვიან, ყველაფერი გამოსდიოდა. ლობჯანიძემ რამდენიმე სხვა შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი – ფიზიკურადაც ძლიერია და ტექნიკაც აქვს.
“მსოფლიო სპორტი” ელგუჯას დაუკავშირდა:
- ამ სეზონში პროგრესი გაქვთ. რის ხარჯზე?
- ადრე ამდენი სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, შემდეგ კი ნელ-ნელა მოვუმატე. გოლების გატანაც დავიწყე, რამაც თავდაჯერება შემმატა.
- 5 გატანილი გოლი გაქვთ ამ სეზონში. რომელს გამოარჩევდით?
- ალბათ, “მეტალურგთან” თავით გატანილს. იმ მატჩში, რომელიც 5:2 მოვიგეთ. იმ მატჩში კიდევ ერთი გავიტანე.
- “ტორპედოსთან” შეცვლაზე შეხვედით, გოლი გაიტანეთ და არაერთხელ შექმენით მომენტი...
- მწვრთნელმა დამავალა, რომ სიღრმიდან მეთამაშა და ბევრი მემოძრავა. საბედნიეროდ, გამომივიდა.
- როგორც ვიცით, ბევრნი “ჟიგიჩას” გეძახიან. ეს სიმაღლის გამო?
- დიახ. ალბათ, სერბ თავდამსხმელ ჟიგიჩს მამსგავსებენ.
- ბავშვობაში კალათბურთზეც ხომ არ გივლიათ?
- არა. სულ ფეხბურთზე. ჩემი ძმაა კალათბურთელი: საბა ლობჯანიძე, რომელიც “ოლიმპში” თამაშობს.
- სად დადიოდით ფეხბურთზე?
- თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში. 17 წლის ვიყავი, როცა “ვიტ ჯორჯიამ” ამიყვანა. 2 წელია, რაც ძირითად გუნდში ვარ.
- ბავშვობაშიც თავდამსხმელი იყავით?
- არა, საყრდენად ვთამაშობდი, თუმცა გოლები ხშირად გამქონდა და წინ გადამიყვანეს. მეც უფრო შეტევაში მინდოდა.
- საქართველოს ჩემპიონატში თქვენთვის ყველაზე უხერხული მცველი რომელია?
- ასე ვერ გეტყვით, მაგრამ პირადად მე ტანმაღალ მცველებთან შედარებით მიადვილდება თამაში.
- რატომ?
- მიუხედავად სიმაღლისა (193 სმ), ნელი არ ვარ. ამიტომაც, ხშირად უპირატესობას ვგრძნობ ხოლმე.
- რაც “ვიტ ჯორჯიაში” ხართ, რომელიმე სხვა კლუბისგან თუ გქონიათ წინადადება?
- იყო საუბრები, თუმცა როგორც ჩანს, ბოლომდე არ მისულა საქმე.
- როდემდე გაქვთ კლუბთან კონტრაქტი?
- 2 წელი დამრჩა.
- როგორ ფიქრობთ, “ვიტ ჯორჯიას” შეუძლია ექვსეულში შესვლა?
- გააჩნია, როგორი შემადგენლობა გვეყოლება. შანსიც ამის შემდეგ გამოჩნდება, ჯერ კი რთულია ლაპარაკი.