ფიგურულად მოციგურავე ელენე გედევანიშვილი პირველი ქართველია, საქართველოს სპორტის ამ სახეობაში მედალი რომ მოუტანა. ტალინში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე 20 წლის გედევანიშვილმა მოკლე პროგრამა მე-4 ადგილით დაასრულა, თავისუფალ პროგრამაში კი სულაც, მე-2 შედეგი აჩვენა და ორი დღის ჯამში ბრინჯაოს მედალი
მოიპოვა. ევროპირველობაში მონაწილეობა სულ 33 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს. “ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეებთან მიწევდა ბრძოლა, მაგრამ კარგად გამოვედი და გამიმართლა კიდეც. ასეთი წარმატებისთვის აქამდე არასოდეს მიმიღწევია. თან საქართველოსთვისაც ისტორიული იყო ეს შედეგი და ამის გაფიქრებისას კიდევ უფრო მეტად ბედნიერი ვარ. ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადე, მაგრამ მედალს მაინც არ ველოდი. პირველი დღის შემდეგ ჩემს წინ მდგომ კონკურენტებს არც ისე პატარა სხვაობით ჩამოვრჩებოდი. თავისუფალ პროგრამაში მაინც მობილიზებული გავედი და საბოლოოდ იღბალიც დამეხმარა” – განაცხადა ელენე გედევანიშვილმა.
ქართველმა მოციგურავემ მოკლე კომენტარი უახლოეს სამომავლო გეგმაზეც გააკეთა:
“ახლა ისევ ამერიკაში დავბრუნდები და ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის განვაგრძობ მზადებას. კარგ ფორმაში ვარ და ვეცდები, ოლიმპიადაზეც წარმატებას მივაღწიო”.
ოთარ მაღლაკელიძე