ფეხბურთი

3:58 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ელ კლასიკო“ – სანახაობა „ბერნაბეუზე“

საფეხბურთო სამყაროსთვის ნანატრი 23 მარტი, „სანტიაგო ბერნაბეუ“, „ელ კლასიკო“ და მოსალოდნელზე მეტი სანახაობა. ის, რაც „რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებას ყოველთვის თან სდევდა: გოლები, შეხლა-შემოხლა, პენალტები, წითელ-ყვითელი ბარათები და... მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებებიც. თამამად შეიძლება ითქვას, ნეიტრალური გულშემატკივრისთვის, დღევანდელი „ელ კლასიკო“ უკანასკნელი წლების მადრიდულ-კატალონიურ დაპირისპირებებს შორის საუკეთესო იყო.

მატჩის დებიუტში, კარიმ ბენზემამ და ლიონელ მესიმ სახიფათო დარტყმები გაცვალეს, მაგრამ მიზანს ვერცერთმა მათგანმა მიაღწია. მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა სწრაფი გოლის გატანა მაინც მოახერხეს - ლიონელ მესიმ ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ანდრეს ინიესტას უპასა, მარცხენა ფრთაზე გამწესებულმა ესპანელმა კი, ძლიერად დაჰკრა და „ბარსელონა“ წინ გაიყვანა. თამაში გაიხსნა და „რეალმაც“ შეუტია, რამაც შედეგი მე-20 წუთზე მოიტანა - ანხელ დი მარიას ჩაწოდებულ ბურთს კარიმ ბენზემამ თავი დაუხვედრა და წონასწორობაც აღდგა. სულ მალე, დი მარიამ ბენზემას კიდევ ერთი კარგი პასი გაუკეთა და ფრანგსაც დუბლის გაფორმება არ გასჭირვებია - 2:1.

ამგვარად, მოედანზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. „ბარსელონა“ მდევრის როლში აღმოჩნდა და ისღა დარჩენოდა, შეეტია. კატალონიელთა მთავარი მიზანი ანგარიშის პირველ ტაიმში გათანაბრება იყო და ამას მიაღწიეს კიდეც - მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მესიმ მადრიდელთა კარი დალაშქრა და გუნდები გასახდელში საყაიმო ანგარიშით გაიყვანა.

„ელ კლასიკოს“ მეორე ტაიმი ერთგვარ „პენალტების სერიად“ იქცა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 55-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა „ბარსელონას“ კარში არარსებული თერთმეტმეტრიანი დანიშნა. დანიელ ალვესმა კრიშტიანუ რონალდუზე თამაშის წესები ნამდვილად დაარღვია, მაგრამ ეს საჯარიმოს გარეთ მოხდა. ამაში განმეორებითი ჩვენება და ფოტომასალაც იოლად დაგვარწმუნებს. ასე იყო თუ ისე, პენალტის ნიშნულთან კრიშტიანუ რონალდუ მივიდა და „რეალი“ კიდევ ერთხელ დააწინაურა - 3:2.

მადრიდელთა უპირატესობამ 10 წუთს გასტანა. 65-ე წუთზე, ლიონელ მესის ბრწყინვალე გადაცემის შედეგად, ნეიმარი მადრიდელთა საჯარიმოში აღმოჩნდა, მაგრამ სერხიო რამოსმა ბრაზილიელი თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა და პენალტი დაინიშნა. პლუს ამას, არბიტრმა ესპანელი მოედნიდან გააძევა. მსაჯის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა ამ ეპიზოდშიც შეიძლება, მაგრამ ასე იყო თუ ისე, ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა - მესიმ 11 მეტრიდან ზუსტად დაარტყა.

კატალონიელებმა რიცხვობრივი უპირატესობა ხელთ იგდეს და იგრძნეს, რომ 3 ქულა არცთუ შორს იყო. „ბარსას“ თავკაცმა ხერარდო მარტინომ ცვლილებები განახორციელა და შეტევის ხაზი გააძლიერა. 84-ე წუთზე, პენალტი უკვე ანდრეს ინიესტას წაქცევისთვის დაინიშნა. ბურთთან კვლავ მესი მივიდა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა, რითაც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ იქცა. საგულისხმოა, რომ არგენტინელმა „ელ კლასიკოში“ ჰეთ-თრიქის შესრულება მეორედ მოახერხა.

კაცნაკლულმა მადრიდელებმა მატჩში გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლეს და „სეზონის მატჩში“ 3:4 დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, პრიმერას სატუნრირო ცხრილს კვლავ მადრიდული კლუბები - „რეალი“ და „ატლეტიკო“ ლიდერობენ, „ბარსელონა“ კი, მათ ქულით ჩამორჩება.

დიეგო სიმეონეს დამოძღვრილი „ატლეტიკო“ ანდალუსიის მხარეში ჩავიდა და „ბეტისს“ 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გაბიმ და დიეგო კოსტამ თითო ზუსტი დარტყმა მიითვალეს და ტაბლოზე 0:2 დააფიქსირეს. „ვილიარეალთან“ არცთუ იოლ შეხვედრაში იმარჯვა „ვალენსიამ“. პირველი ტაიმის უკანასკნელ 10 წუთში, ხავი ფუეგომ დუბლი შეასრულა და „ღამურებს“ სოლიდური უპირატესობა მოუტანა. მატჩის მიწურულს, მექსიკელმა ჯოვანი დოს სანტოსმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ „ვილიარეალმა“ ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხა - 2:1. ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა „სევილიამაც“, რომელმაც 3 ქულა „ოსასუნასთან“ საგარეო შეხვედრაში მოიპოვა. „ვალენსიას“ მსგავსად, პირველი ტაიმი „სევილიამაც“ 2-ბურთიანი უპირატესობით მოიგო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ხავიერ აკუნიას მიერ გატანილმა გოლმა ანდალუსიელებს ბევრი ვერაფერი დააკლო - 1:2.

 

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 85500

რეალი - ბარსელონა 3:4 (2:2)

რეალი: ლოპესი, რამოსი, პეპე, მარსელო, კარვახალი, ალონსო, მოდრიჩი (მორატა 90), ბეილი, დი მარია (ისკო 86), რონალდუ, ბენზემა (ვარანი 66).

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, პიკე, ჟორდი ალბა, მასკერანო, ფაბრეგასი (სანჩესი 78), ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, მესი, ნაიმარი (პედრო 68).

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

გოლები: 0:1 ინიესტა (7), 1:1 ბენზემა (20), 2:1 ბენზემა (24), 2:2 მესი (42), 3:2 რონალდუ (55პ.), 3:3 მესი (65პ.), 3:4 მესი (84პ.)

გაფრთხილებები: დი მარია (35), პეპე (43), ალონსო (85), რონალდუ (86), მოდრიჩი (88) - ფაბრეგასი (43), ბუსკეტსი (66)

არში დარტყმა: 13 (8) – 17 (6) ჯარიმა: 24 - 12 კუთხური: 1 - 5 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 32% - 68%

 

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 32000

ბეტისი - ატლეტიკო 0:2 (0:0)

ბეტისი: ადანი, ჩიკა, პაულანი, ამაია (ნონო 27), ფიგერასი, ნ’დიაიე, რეიესი (მატილია 75), ხუანფრანი, კარლოსი (მაბვატი 70), როდრიგესი, მოლინა.

მწვრთნელი: გაბრიელ უმბერტო კალდერონი

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, გაბი, სუარესი, გარსია (დიეგო 60), თურანი (ვილია 65), კოკე (სოსა 83), კოსტა.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 გაბი (58), 0:2 კოსტა (64)

გაფრთხილებები: როდრიგესი (29), მოლინა 61), მაბვატი (88) - ლუისი (41), დიეგო (89)

გაძევება: როდრიგესი (56)

არში დარტყმა: 5 (1) – 9 (2) ჯარიმა: 18 - 14 კუთხური: 0 - 7 თამაშგარე: 0 - 7 ბურთის ფლობა: 37% - 63%

 

პამპლონა. „ელ სადარი“. 15000

ოსასუნა - სევილია 1:2 (0:2)

ოსასუნა: ფერნანდესი, ბერტრანი, არიბასი, ლოტიესი, დამია (ლობატო 59), ლოლო (აკუნია 66), სეხუდო, სილვა, არმენტეროსი (ლოე 84), ტორესი, რიერა.

მწვრთნელი: ხავი გრასია

სევილია: ბეტუ (ვარასი 46), კოკე, ფასიო, პარეხა, ნავარო, მბია, იბორა, ტროხოვსკი (ფერნანდესი 84), მაჩინი, სამპერიო, ბაკა (გამეირო 75).

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 სამპერიო (27), 0:2 ბაკა (45), 1:2 აკუნია (90)

გაფრთხილებები: სეხუდო (41), არმენტეროსი (74), სილვა (88) - კოკე (59)

არში დარტყმა: 18 (3) – 10 (3) ჯარიმა: 13 - 22 კუთხური: 7 - 1 თამაშგარე: 1 - 6 ბურთის ფლობა: 65% - 35%

 

ვალენსია. „მესტალია“. 37800

ვალენსია - ვილიარეალი 2:1 (2:0)

ვალენსია: ალვესი (გუაიტა 20), მატიე, ბარაგანი, რუისი (ვეზუ 46), პერეირა, კეიტა, ფუეგო, პარეხო, ბერნატი, კარტაბია (ვარგასი 83), ალკასერი.

მწვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი

ვილიარეალი: ასენხო, იოკიჩი, მუსაკიო, დორადო, ჰაუმე, კანი (გომესი 79), სორიანო, პინა, ოლივერი (აკინო 62), უჩე (პერბე 69), დოს სანტოსი.

მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი

გოლები: 1:0 ფუეგო (35), 2:0 ფუეგო (44), 2:1 დოს სანტოსი (83)

გაფრთხილებები: პერეირა (45), კარტაბია (77) - პინა (35), კანი (45), ოლივერი (61)

არში დარტყმა: 14 (5) – 4 (1) ჯარიმა: 16 - 18 კუთხური: 7 - 1 თამაშგარე: 0 - 5 ბურთის ფლობა: 55% - 45% 

0.213628