ინტერვიუები

17:33 | 7.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ედვინ ვან დერ სარი: “ოლდ ტრაფორდზე” ასპარეზობისას იდეალური კარიერა მქონდა”

ჰოლანდიელი მეკარე ედვინ ვან დერ სარი “მანჩესტერ იუნაიტედს” გასული სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობა და ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსია. ლეგენდარული კიპერის თქმით, იგი “მშვიდ ცხოვრებას” დიდხანს არ აპირებს და მწვრთნელად დაიწყებს მუშაობას. ინგლისელ ჟურნალისტებთან საუბრისას კი ვან დერ სარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ოლდ ტრაფორდიდან” წასვლის შემდეგაც “იუნაიტედის” ქომაგია.

- გახსოვთ, როგორ მოხვდით ამსტერდამის “აიაქსში”?
- იმ პერიოდს რა დამავიწყებს! 18 წლისა გახლდით, ჰოლანდიის ერთ-ერთი პატარა ქალაქის გუნდის ღირსებას ვიცავდი და ჩვენმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალს ჩემი საქმეში ხილვა ურჩია. “აიაქსის” მაშინდელმა დამრიგებელმა არ დაიზარა, ჩვენი გუნდის თამაშს დაესწრო და “აიაქსში” ვარჯიში შემომთავაზა. ცოტა ხანში ვან გაალმა თავის გამოჩენის საშუალება მომცა. ამსტერდამელთა შორის მატჩი ჩავატარე და მის მეორე დღეს ოფიციალური კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს. უკვე 19 წლისა ვიყავი და გარკვეულწილად, პროფესიონალი ფეხბურთელი გვიან გავხდი. უნდა ვაღიარო, რომ სიყრმეში საფეხბურთო ნიჭის მქონე მოთამაშედ გამოცდილი სპეციალისტებიც კი ნაკლებად მთვლიდნენ, თუმცა, გულის სიღმეში ყოველთვის მჯეროდა, წარმატებული სპორტული კარიერა რომ მექნებოდა. დაუღალავი შრომის ფასად, საწადელი ავისრულე.
- რა აქვთ საერთო “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “აიაქსს”?
- ორივე კლუბი აქცენტს ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების მოძიებასა და მათ აღზრდაზე აკეთებს. “აიაქსში” ეს უფრო სწრაფად ხდება, რადგან ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატი ინგლისის პრემიერლიგას კლასით ჩამოუვარდება და მასტერდამელები უფრო ადრე და იოლად აწინაურებენ ძირითად შემადგენლობაში დამწყებ მოთამაშეებს. “იუნაიტედში” განსხვავებული მდგომარეობაა. ავიღოთ, თუნდაც, დენი უელბეკისა და ტომას კლევერლის მაგალითი. ეს ბიჭები “მანჩესტერის” წევრები კარგა ხნის წინათ გახდნენ. დენის დებიუტი ძირითად გუნდში სულაც 3 წლის წინ ჰქონდა. მაგრამ ისინი შედარებით დაბალი დივიზიონის გუნდებში გაანათხოვრეს, შემდეგ დაიბრუნეს და ამის შემდეგ იჯარით უკვე პრემიერლიგის კლუბებში გაუშვეს. უელბეკმა და კლევერლიმ სათანადო გამოცდილება შეიძინეს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდნენ “მანჩესტერ იუნაიტედის” სრულუფლებიანი წევრები. “აიაქსში” 5-6 მატჩის შემდეგ თუკი არ გაიხსენი, შესაძლოა, კლუბი დაგატოვებინონ, “იუნაიტედში” კი განვიტარებისთვის მეტ დროს გაძლევენ.
- 1995 წელს ჩემპიონთა ლიგა იმ “აიაქსთან” ერთად მოიგეთ, რომელიც ამსტერდამული კლუბში აღზრდილი ფეხბურთელებისგან შედგებოდა. რა გრძნობა დაგეუფლათ პრესტიჟული თასის დაუფლების მომენტში?
- დაუვიწყარი გრძნობა და ემოცია დამეუფლა. “აიაქსის” იმ თაობის ფეხბურთელები მეგობრები ვართ და მათთან ხშირი კონტაქტი მაქვს. წარმოუდგენელია, შეკავშირებულ კოლექტივში მოთამაშეები ერთმანეთს ახლობლებად არ მოეკიდონ. მათ ხომ გასახსენებელი ბევრი აქვთ და წარმატებაც დამეგობრების ხელისშემწყობი წინაპირობაა. როდესაც 1999 წელს “მანჩესტერ იუნაიტედმა” მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მის რიგებს კლუბის აკადემიაში დაფრთიანებული 7 თუ 8 ფეხბურთელი იცავდა. გარი ნევილი, პოლ სქოულზი, ნიკი ბატი, რაიან გიგზი, დევიდ ბექჰემი სიცოცხლის ბოლომდე მეგორებად დარჩებიან.
- როდესაც ამსტერდამის “აიაქსიდან” წახვედით, გული არ დაგწყდათ, ლამის საშინაო გარემოს რომ ტოვებდით?
- თქვენ წარმოიდგინეთ, არც ისე. ტურინის “იუვენტუსში” შეგნებულად წავედი, რადგანაც კარიერაში წინსვლისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი გახლდათ. ასევე გამართლებული გახლდათ ჩემი ტურინიდან ლონდონში, “ფულჰემში” გადასვ;ა, საიდანაც საოცნებო კლუბში, “მანჩესტერ იუნაიტედში” მოვხვდი. საერთოდ, ნებისმიერი პროფესიონალი ფეხბურთელი იტალიის, ესპანეთის, ინგლისის ან გერმანიის უპირველეს ლიგებში გამოსვლისკენ უნდა მიისწრაფოდეს. ამ ჩემპიონატებში ასპარეზობის დროს არა მარტო ტალანტს ავითარებ, არამედ საკუთარ შესაძლებლობების ზღვარსაც ავლენ.
- “მანჩესტერ იუნაიტედში” ყველაზე წარმატებული კარიერა გქონდათ?
- “ოლდ ტრაფორდზე” ასპარეზობისას იდეალური კარიერა მქონდა. მანჩესტერში ფანტასტიკური დრო გავატარე და უამრავი ტიტულიც მოვიხვეჭე. სამწუხაროდ, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალიც წავაგე, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომის “სტადიო ოლიმპიკოზეც” და ლონდონის “უემბლიზეც” “ბარსელონა” ჩვენზე ძლიერი იყო. მთლიანობაში კი, “მანჩესტერ იუნაიტედში” დაუვიწყარი საფეხბურთო კარიერა მქონდა.  
- მიმდინარე სეზონში თქვენი ყოფილი გუნდის ბევრი მატჩი იხილეთ?
- ჰოლანდიაში ინგლისურ პრემიერლიგას კარგად აშუქებენ და პრაქტიკულად ნებისმიერი მატჩის ტრანსლაციისთვის თვალის მიდევნებაა შესაძლებელი. მე, ცხადია, “იუნაიტედის” შეხვედრებით ვინტერესდები. შინ ერთ-ერთ ოთახში დიდი ტელევიზორი დავდგი და შვილებთან ან მეგობრებთან ერთად, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის ასპარეზობას ინტერესით ვუმზერთ. “მანჩესტერს” მძიმე სეზონი აქვს. ტრავმებისა და თაობათა ცვლის გამო მწვრთნელს იძულებითი ცვლილებების განხორციელება უწევს. ეს მტკივნეული პროცესია. ამის მიუხედავად, “იუნაიტედი” ჩემპიონობისთვის იბრძვის და ჩემი მხრიდან, გუნდს წარმატებას ვუსურვებ.


მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 

0.124405