ედუარდო ვარგასის გამოხედვაში თავდაჯერებულობა იგრძნობა. ის იმ ადამიანთა რიცხს განეკუთვნება, რომელიც თავს არასდროს ხრის და ნებისმიერ ზეწოლას უძლებს. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც მყარად დგას ფეხზე და ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებისგან, რომელიც ბოლო დროს კარდინალურად შეიცვალა.
ვარგასმა მშობლიური ჩილეს დატოვება გადაწყვიტა და გაემგზავრა უცხო ქვეყანაში, ქალაქში, რომელსაც ფეხბურთთან მიმართებაში ფანატიკურად აღიქვამს. მას ბევრი წინადადება ჰქონდა, მათ შორის მილანის “ინტერიდან” და ლონდონის “ჩელსიდან”, მაგრამ არჩევანი “ნაპოლიზე” შეაჩერა.
- ეს მართალია. შემოთავაზებები მრავლად მქონდა, მაგრამ არჩევანი “ნაპოლიზე” შევაჩერე, რადგან მისი მხრიდან ყველაზე დიდი ინტერესი ვიგრძენი.
- იტალიურ ფეხბურთზე საკუთარი მოსაზრება უკვე ჩამოყალიბებული გექნებათ.
- რა თქმა უნდა. ის ჩილეს ფეხბურთისგან განსხვავებულია. სისწრაფეები უფრო მეტია, ბრძოლაც მეტად გიწევს. მე ეს კარგად მესმის და ვცდილობ, ისეთივე გამორჩეული ვიყო, როგორც “უნივერსიდად დე ჩილეში”. მინდა “ნაპოლის” “ტიფოზები” დავარწმუნო, რაც მათ უნახიათ ჩილეს ჩემპიონატში ჩემი თამაშები, ესაა ჩემი საუკეთესო თვისებები და აქაც იგივეს გაკეთებას ვაპირებ. ვეცდები, საკუთარი გამოცდილება გამოვიყენო და ნეაპოლში ბევრი ახალი თვისებებიც შევიძინო. ეს ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანესი პერიოდია.
- ამბობებნ, რომ თამაშის სტილით თანამემამულე ალექსის სანჩეს გავხართ, რომელიც ახლახანს “უდინეზედან” “ბარსელონაში” გადავიდა. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- ყველას ძალიან ვთხოვ, შეწყვიტეთ ჩემი სანჩესთან შედარება. ეს ყველაფერი უკვე მოსაბეზრებელია. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მე ვარგასი ვარ!
- რა გითხრათ ვალტერ მაცარიმ პირველი შეხვედრისას?
- მითხრა, რომ თვალი მედევნებინა “ნაპოლის” თავდამსხმელების მოქმედებისთვის. პალერმოში გუნდის თამაშს თვალი ტრიბუნიდან მივადევნე და მოხიბლული დავრჩი. მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ძალიან მომეწონა შეტევის ხაზის მოთამაშეების ურთიერთგაგება, როგორ უქმნიდნენ ერთმანეთს საგოლე მდგომარეობებს.
- დებიუტისთვის მზად ხართ?
- მზად ვარ მოედანზე გავიდე. მართალია, ახალ სასაათე სარტყელს ჯერ ვერ მოვერგე, მაგრამ თუ მწვრთნელი მეტყვის, სათამაშოდ მზად ვარ.
- იცით, რომ თქვენზე დიდ იმედს ამყარებენ?
- აქ მხოლოდ გამარჯვებებისთვის მოვედი. გამონაკლისის გარეშე - ყველა თამაში უნდა მოვიგო. ეს გუნდი წარმატებებისთვისაა შექმნილი.
- საკუთარ თავს, როგორც ფეხბურთელს როგორ დაახასიათებთ?
- მომწონს, როდესაც მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე ვმოქმედებ. საკუთარ თავს სწრაფ ფეხბურთელად მივიჩნევ, შემიძლია მცველს გავექცე და კარგად ვმუშაობ, როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე.
- რას გვეტყვით ახალი პარტნიორების შესახებ?
- ადვილად მისახვედრია, რომ უმეტესად სამხრეთამერიკელებთან ვკონტაქტობ. ისინი “ნაპოლის” თამაშის სტილში მარკვევენ, საიდუმლოებებს მიზიარებენ და ადაპტაციაში მეხმარებიან. მეუბნებიან, იმდენი არ მოვინდომო, რომ გადავიწვა. მე მათ ყურადღებით ვუსმენ, არ მინდა ჩემი შანსი ხელიდან გავუშვა. იტალური ფეხბურთი ძალიან მომწონს.
- ქალაქი თუ მოგეწონათ?
- სასტუმოდან იშვიათად გავდივარ. რაც ვნახე იქიდან, ნეაპოლი ძალიან მომწონს. ყველაზე მეტად სტუმართმოყვარე ადამიანები მომწონს. ისე მხვდებიან, როგორც ჩემპიონს. გპირდებით, მათ არ გავაწბილებ.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა