სტატიები

17:40 | 29.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ედ ვან დერ სარი – საიმედო თამაშის სიმბოლო

გუშინ, ლონდონის “უემბლიზე”, თავისი ბოლო შეხვედრა ჩაატარა თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ ედვინ ვან დერ სარმა. ცხადია, მასაც და “მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგებსაც “ბარსელონასთან” ჩატარებულმა ჩემპიონთა ლიგის ფინალმა გული დაწყვიტა, მაგრამ კონკრეტული ერთი შეხვედრა ჩრდილს ვერ მიაყენებს ისეთი ფანტასტიკური მეკარის კარიერას, როგორიც ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსის”, ტურინის “იუვენტუსის”, ლონდონური “ფულჰემისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი გოლკიპერია. 40 წლის მეკარეს, რომელსაც იუნაიტედელი (“ოლდ ტრაფორზე” ჰოლანდიელმა კიპერმა ექვსი წელი გაატარა და ამ დროის განმავლობაში, ოთხჯერ ინგლისის პირველობა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო) პარტნიორები მინიმუმ ერთი სეზონით დარჩენას სთხოვდნენ, მაგრამ ედმა თავდაპირველი გადაწყვეტილება არ შეცვალა: “ძალიან სასიამოვნოა, როცა თანაგუნდელები ასე გაფასებენ და გეუბნებიან, რომ მათ კიდევ სჭირდები, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ჩემი ფეხბურთიდან წასვლის ჟამიც დადგა”.
მშობლიურ ჰოლანდიაში ვან დერ სარმა ოთხჯერ მოიპოვა ბენილუქსელთა ქვეყნის ჩემპიონობა, სანაკრებო მატჩების რაოდენობით კი, ნიდერლანდელთა რეკორდსმენია. “აიაქსში” ედი ლუის ვან გაალმა მიიყვანა და ახალბედა გოლკიპერმა იმხანად დამწყებ დამრიგებელს იმედი გაუმართლა. ვან დერ სარი ამსტერდამელთა ახალგაზრდული გუნდის განუყრელი ნაწილი გახდა და იმ პერიოდის “აიაქსმა” საერთაშორისო არენაზე საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ გაიბრწყინა. 1995 წელს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მილანი” დაამარცხა, მომდევნო წელს კი ედი და მისი პარტნიორები კვლავ გავიდნენ ამ ტურნირის ფინალში, გადამწყვეტი შეხვედრა კი ტურინის “იუვენტუსთან” დათმეს.
ვან დერ სარმა “მანჩესტერ იუნატედის” სკაუტების ყურადღება ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს მიიპყრო, თუმცა, 1999 წელს ტურინში გადავიდა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში “იუვენტუსის” კარს იცავდა. შემდეგ “ბებერმა ქალბატონმა” ჯანლუიჯი ბუფონი იყიდა და ედიც ჯიჯის დუბლიორის როლით კმაყოფილდებოდა.
შემდეგ იყო “ფულჰემი” (ტურინელთა და ლონდონელთა რიგებში გამოსვლისას, ვან დერ სარმა მხოლოდ ინტერტოტოს თასის ორჯერ დაუფლება მოახერხა) და როდესაც 34 წლისა “ოლდ ტრაფორდზე” მიიწვიეს, ვერც კი წარმოიდგენდა, მანჩესტერში ასეთი თავბრუდამხვევი კარიერა რომ ელოდა. “თავდაპირველად, ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ვფიქრობდი, უბედნიერესი ფეხბურთელი ვიქნებოდი, თუკი ერთხელ მაინც მოვიგებდი ინგლისურ პრემიერლიგას. ამის შემდეგ სიამოვნებით დავასრულებდი კარიერას 36 წლის ასაკში, ან ცოტა ხნით “აიაქსში” დავბრუნდებოდი. საბედნიეროდ, განგებამ სხვაგვარად განსაჯა და ჩემი კარიერაც ისეთი სცენარით განვითარდა, უკეთესს რომ ვერ ვინატრებდი”, - ამბობს ვან დერ სარი.
ჰოლანდიელი, კარიერის ყველაზე საამოდ გასახსენებელ მომენტად 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს თვლის. ლონდონურ “ჩელსისთან” მოსკოვის “ლუჟნიკზე” ჩატარებულმა გადამწყვეტი მატჩის ძირითადმა და დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, პენალტების სერიაში “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონთა ლიგის თასი ედ ვან დერ სარის “სეივმა” მოაპოვებინა: “ნიკოლა ანელკას დარტყმულის მოგერიებამ უდიდესი სიხარული მომიტანა, მაგრამ წარმატება მთლიანად გუნდის თამაშმა განაპირობა. გადამწყვეტ მომენტში თავი გამოვიჩინე, თუმცა, ვიმეორებ, ტრიუმფი მთლიანად გუნდისა და მწვრთნელის დამსახურებაა”.  
21-წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ვან დერ სარს სერიოზული ტრავმა არ მიუღია. ბევრი ამას იღბალს მიაწერს, მაგრამ უმთავრესი მაინც ედის საყვარელი საქმისადმი დამოკიდებულება გახლავთ. ვან დერ სარი ათწლეულების განმავლობაში დაუზარლად შრომობდა და როგორც მისი პარტნიორები ირწმუნებიან, ედი ვარჯიშზე ისეთივე სიამოვნებას იღებდა, როგორსაც უშუალოდ მატჩების მსვლელობისას.  
სამწუხაროა, მაგრამ დრომ თავისი გაიტანა და ვან დერ სარსაც პოსტსაფეხბურთო ცხოვრებაზე დაფიქრების პერიოდი დაუდგა: “ამიერიდან სამყაროს უფრო რეალისტურად უნდა შევხედო. ცოტა ხნით ფეხბურთს უნდა “დავშორდე” და სხვა სფეროში გამოვცადო ჩემი შესაძლებლობები. მაგალიათად, გოლფის თამაშით მსურს გული ვიჯერო. ბედნიერებაა, შვილებთან დიდხნიანი ურთიერთობის საშუალებაც რომ მომეცემა”.
ფეხბურთის გულშემატკივართა მრავალმილიონიანი არმიის გულებში კი, ედ ვან დერ სარი ყოველთვის საიმედო თამაშისა და წარმატების სიმბოლოდ დარჩება, ხოლო თავად მეკარე, საკუთარ ღვაწლს მოკრძალებულად აფასებს: “ერთადერთი, რაც გავაკეთე ისაა, რომ ბოლომდე დავიხარჯე. მოხარული ვიქნები, თუკი მომავალი თაობა ჩემ გამოცდილებას გაიზიარებს და უმთავრეს მიზნად ფეხბურთისადმი უანგარო სამსახურს დაისახავს”.  


გოჩა კაჭარავა

0.151057