იტალიის ფინანსურმა პოლიციამ სიენას “მონტეპასკის” ყოფილი კალათბურთელების სია წარმოადგინა, რომლებიც გადასახადების დამალვაში არიან ეჭვმიტანილნი. Sportando.com-ის ცნობით, სიაში სულ 25 მოთამაშე ფიგურირებს, თუმცა, მათგან რვის შემთხვევაში, საუბარი მიზერულ თანხებზე იყო, დარჩენილ 17 კალათბურთელს შორის კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძეც მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში შინაპატიმრობა მიესაჯა სიენელთა ექს-პრეზიდენტ და გენერალურ მენეჯერ ფერდინანდო მინუჩის. ჩინოვნიკი, რომელიც 1 ივლისს სერია A-ს მმართველი უნდა გამხდარიყო, მასშტაბურ ფინანსურ მაქინაციებშია ეჭვმიტანილი.
არსებული ინფორმაციით, “მონტეპასკის” ხელმძღვანელობა მოთამაშეებთან კონტრაქტების გაფორმების შემდეგ, თანხებს მათ უცხოურ ანგარიშებზე რიცხავდა, რითაც იტალიური გადასახადებისგან თავის არიდება ხდებოდა. წინასწარი ცნობებით, დაფარული თანხების საერთო ოდენობა 16-17 მილიონ ევროს აღწევს.
ხსენებული 17 კალათბურთელის ნუსხა, რომელშიც ბოლო პერიოდში “სიენაში” მოთამაშე ლამის ყველა ცნობილი მოთამაშე მოხვდა, ასე გამოიყურება: კშიშტოფ ლავრინოვიჩი (2.5 მილიონი ევრო), რიმანტას კაუკენასი, შონ სტოუნრუკი (1.5 მილიონი), რომეინ სატო, ბენჟამინ ეზე, ბო მაკკალები, ჰენრი დომერკანტი, ნიკოს ზისისი, ვლადო ილიევსკი, ბუტსი ტორნტონი, დევიდ მოსი, მალიკ ჰეირსტონი, დევიდ ანდერსენი, დევიდ ჰოუკინსი, მილოვან რაკოვიჩი, ვიქტორ სანიკიძე, იგორ რაკოჩევიჩი.