პორტუგალიის საფეხბურთო ლიგა დე ონრას (პირველი ლიგა) 34-ე ტურში, “ოლივეირენსეს” რიგებში თავი ავთო ებრალიძემ გამოიჩინა. “ოლივეირენსემ” გასვლაზე “ბენფიკა 2”-თან 2:2 ითამაშა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30-ე წუთზე, როდესაც “ბენფიკა 2” 2:0-ს იგებდა, ანგარიშში სხვაობა ერთი ბურთით შეამცირა. სტუმრებმა მეორე გოლი 34-ე წუთზე გაიტანეს და საბოლოოდ, ქულა აიღეს. ებრალიძე 78-ე წუთზე შეცვალეს. აქვე გეტყვით, რომ 21 წლის ებრალიძემ მიმდინარე სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. “ოლივეირენსეს” 51 ქულა აქვს და 22 გუნდში მე-8 ადგილზე იმყოფება.
იტალიის სერია B-ს 35-ე ტურში, “ემპოლი” შინაურ კედლებში “კროტონესთან” მხოლოდ ქულას დაჯერდა – 0:0. ლევან მჭედლიძე “ემპოლიში” 86-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ირაკლი შეყილაძე განაცხადში არ იყო. “ემპოლის” 57 ქულა აქვს და 22 გუნდში მეოთხეა.
ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-5 ტურში, “ბანგა” გასვლაზე “კრუოიასთან” 0:4 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში მყოფი ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგენლობაში იყო თამაზ ჩარგეიშვილი, რომელიც 57-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ შეცვალა. ვაჟა ბედოიძე თადარიგში იყო, თუმცა მოედანზე არ შესულა. 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდნენ გიორგი ქავთარაშვილი და ირაკლი ღერკენაშვილი. “ბანგას” 4 ქულა აქვს და 9 გუნდში მეშვიდეა.
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში, “ატირაუმ”, რომელსაც ცოტა ხნის წინ გიორგი ფეიქრიშვილი შეემატა, შინ “ორდაბასის” ვერ მოუგო – 0:0. მასპინძლებში ფეიქრიშვილი 57-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო სტუმართა სამატჩო განაცხადში დავით ჩაგელიშვილი არ იმყოფებოდა. “ატირაუს” 5 ქულა აქვს და 12 გუნდში მეშვიდეა. “ორდაბასი” 2 ქულით ბოლო პოზიციაზეა. ომარ თეთრაძის მიერ გაწვრთნილი “ჟეტისუ” ყარაგანდის “შახტიორს” უგოლოდ გაეყარა. “ჟეტისუ” 4 ქულით მერვეა.
კვიპროსის პირველ დივიზიონში ახნის “ეთნიკოსმა” საკუთარ მოედანზე “ალკისთან” 1:1 ითამაშა. “ეთნიკოსში” ლევან მაღრაძემ თავიდან ბოლომდე იასპარეზა.
მოლდოვის ნაციონალური დივიზიის 25-ე ტურში, კიშინიოვის “ზიმბრუმ” გასვლაზე “აკადემია” 1:0 დაამარცხა. “ზიმბრუში” პირველიდან ბოლო წუთამდე გაისარჯა ბაქარ მირცხულავა. მის მსგავსად, სასტარტოში იყვნენ კონსტანტინე გაბაშვილი და თორნიკე სტეფნიაშვილი. პირველი მათგანი 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე - ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე. “ზიმბრუს” 33 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-8 ადგილზეა.
“შერიფმა”, რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, “ტირასპოლთან” სტუმრად 1:2 წააგო. ამის მიუხედავად, “შერიფი” ჩემპიონატში 61 ქულით ლიდერობს.
რიბნიცის “ისკრა-სტალმა” შინ “ოლიმპიასთან” 0:1 წააგო. მასპინძლებში სანდრო შუღლაძე 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა. “ისკრა-სტალი” 36 ქულით მეექვსეა.
უკრაინის პირველი ლიგის 24-ე ტურში, “სევასტოპოლმა”, რომლის ღირსებასაც მათე ღვინიანიძე იცავს, შინ დონეცკის “მეტალურგს” 3:0 აჯობა. გამარჯვებულებში ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა. “სევასტოპოლი” 18-გუნდიანი სატურნირო ცხრილის სათავეში 50 ქულით იმყოფება.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის ქვედა ექვსეულის მე-3 ტურში, თოვუზის “თურანმა” აზალ-თან სტუმრად 0:2 წააგო. “თურანში” შეუცვლელად ითამაშა ნიკა მაისურაძემ, რომელმაც 50-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. დავით ჯანელიძე მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა. ირაკლი ბერაია სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. თოვუზელებს 23 ქულა აქვთ და ექვს გუნდში მე-5 პოზიციაზე არიან.
უნგრეთის NBI-ის (უმაღლესი ლიგა) 22-ე ტურში, “დიორმა”, სადაც რატი ალექსიძე და გიორგი ქვილითაია ირიცხებიან, “პეჩი” სტუმრად 2:0 დაამარცხა. ქვილითაია სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ თამაში არ მოუწია. ალექსიძე 18-კაციან გაანცხადში არ იყო. “დიორს” 50 ქულა აქვს და 16 გუნდში ლიდერობს.