საქართველოს მეორე საკლუბო ჩემპიონატი 22 ნოემბერს თბილისში გაიმართება. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია აგრძელებს საკლუბო ძიუდოს განვითარებაზე ზრუნვას და მეორე საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდს 14000 ლარამდე ზრდის.
პირველი საკლუბო ჩემპიონატი ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის შარშან დეკემბერში ჩატარდა და ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 6 ათასი ლარი იყო. შეჯიბრში თერთმეტმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებული კი თბილისის “შევარდენი-2005“ გახდა. ჩატარებულმა ჩემპიონატმა ძიუდოისტთა და მწვრთნელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ტურნირის შემდეგ კიდევ რამდენიმე კლუბი დარეგისტრირდა და 2014 წლის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი უკვე 24-მა კლუბმა გამოთქვა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციას საკლუბო ძიუდოს განვითარება ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარების უმთავრეს ეტაპად მიაჩნია, ამიტომ შეძლებისდაგვარად ეხმარება ახლადდაფუძნებულ კლუბებს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.
საქართველოში ძიუდოში საკლუბო ჩემპიონატის ჩატარების ტრადიცია არ არსებობს, ამიტომ პირველ ეტაპზე ტარდება შეჯიბრებები ნორჩ ძიუდოისტებს შორის.
2014 წლის საკლუბო ჩემპიონატი 1998-1999 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს შორის გაიმართება. შემდეგში კი იგეგმება ჩემპიონატის ჩატარება უფროსი ასაკის ძიუდოისტებშიც.
ჯერ-ჯერობით საქართველოში მხოლოდ 2 კლუბია, სადაც უფროსი ასაკის ძიუდოისტები არიან გაერთიანებული. ორივე კლუბი, „საგარეჯო-FF” და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს კლუბი, რომლებიც ძირითადად საქართველოს ნაკრების წევრებით არის დაკომპლექტებული, ევროპის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობას გეგმავს.