ჭიდაობა

17:10 | 24.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს აკადემიაში თავისუფლების დღეები იწყება

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2010 წლის სეზონი ზუსტად იმ შეჯიბრით დაიხურება, რომლითაც გაიხსნა. 25-26 ნოემბერს, დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში ხალიჩები გაიშლება და თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება. შედეგებით კი ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოიკვეთება, რომლიდანაც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი გუნდი უნდა დაკომპლექტდეს.
ორდღიანი პირველობის პირველ დღეს მედლები საწყის-ოთხ წონით კატეგორიაში – 55, 60, 66 და 74 კილოგრამებში გათამაშდება, მეორე დღეს კი ჩემპიონ-პრიზიორები 84, 96 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან.
ფედერაციისა და ნაკრების მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება ნაკრების აბსოლუტურად ყველა წევრისთვის სავალდებულო იქნება და უმიზეზოდ გამცდენი, ევროპირველობის საგზურისთვის ბრძოლას ავტომატურად გამოეთიშება. ახლახან, ანალოგიური პრინციპულობა ძიუდოისტებმაც გამოიჩინეს და ისეთი ტიტულოვანი სპორტსმენებიც კი არ დაინდეს, როგორებიც ზაზა კედელაშვილი და ირაკლი ცირეკიძე არიან. ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მალხაზ ჯორბენაძემ “მსოფლიო სპორტს” განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მსგავსი სანქციებისგან არც მოჭიდავეები შეიკავებენ თავს.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დიღომში გასამართ პირველობას თავისუფალი სტილის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გოგშელიძე დააკლდება. მას ტრავმის დამადასტურებელი ცნობა ფედერაციაში უკვე წარუდგენია. ხალიჩაზე ვერც რევაზ მინდორაშვილი გავა. პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ჯორბენაძის თქმით, კვლავ გერმანიაშია სამკურნალოდ და სანაკრებო შიდა კონკურენციაში სავარაუდოდ ზაფხულიდან ჩაერთვება, ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირით. ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი, თენგიზ ჩოჩიშვილი (60 კგ) კი საქართველოს პირველობას მენისკის ტრავმამ ჩამოაშორა. წინასწარი ინფორმაციით, ამ სამეულის გარდა, ნაკრების ყველა კანდიდატი მწყობრშია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, დანაკლისი აღარ გაიზრდება.
ძიუდოსგან განსხვავებით, ჭიდაობაში თითო წონით კატეგორიაში მონაწილეთა წინასწარ განსაზღვრული ლიმიტი არაა დაწესებული და უმეტეს წონაში ხალიჩაზე 32-ზე მეტი სპორტსმენი გავა. არც ფინალური ბრძოლების პირდაპირი ტელერეპორტაჟია დაგეგმილი და არც უცხოელი მსაჯთა კონსულტანტი მოუწვევია ვინმეს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატის წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11:00 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკის ზუსტი დრო კი უცნობია, რადგან გადამწყვეტი შეხვედრების წინ შესვენება არ გამოცხადდება.

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.116307