ძიუდო

13:16 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობენ

ბრაზილიიდან პირდაპირი ტრანსლაციებიც იქნება


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, რომელიც უკვე მე-5 დღეა ბრაზილიაში იმყოფება, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ წლის მთავარი მოვლენა რიო დე ჟანეიროში 26 აგვისტოს დაიწყება და 1 სექტემბრამდე გასტანს.

ამჯერად, ქართველი ძიუდოისტების ვარჯიშის ამსახველ ფოტოებს და ვიდეოს გთავაზობთ, რომელიც ძიუდოს ფედერაციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. მათგან ერთ ფოტოს გამოვარჩევთ, რომელზეც ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილი კვლავ ტატამზეა გასული და საწვრთნელ პროცესში უშუალოდ გახლავთ ჩართული.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ბრაზილიაში ასეთი შემადგენლობა იახლა: 60 კგ. – ამირან პაპინაშვილი, 66 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი, 73 კგ. – ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, 81 კგ. – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური, 90 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი, 100 კგ. – ლევან ჟორჟოლიანი, +100 კგ. – ადამ ოქრუაშვილი. ისიც ვთქვათ, რომ გუნდს საკუთარი ხარჯით ნოდარ მეტრეველიც (100) დაემატა, რომელიც გუნდურ პირველობაში იასპარეზებს.

და ძიუდოს ქომაგისთვის ერთი სასიხარულო ინფორმაციაც. პირველად ქართული ძიუდოს და ტელევიზიის ისტორიაში გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ “GMG სპორტი 1”-ის ეთერში თვალი ადევნონ მსოფლიოს ჩემპიონატის სრულ მიმდინარეობას – როგორც ფინალურ, ისე წინასწარ შეხვედრებს.

ორთაბრძოლები ყოველდღიურად თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება, 16:30-დან კი პირდაპირ ეთერში წამყვანი ზურაბ უსუფაშვილი სტუდიაში მოწვეულ სტუმართან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ ისაუბრებს.

http://www.youtube.com/watch?v=Dg-j7goYBZY&feature=youtu.be

0.109343