უკვე ტრადიციაა ძიუდოისტები ახალი სეზონისთვის მზადებას წლის ბოლოს, საქართველოს ჩემპიონატით იწყებენ. წლეულსაც ასეა – შიდა კონკურენციის ახალი ლიდერები ამ უქმეებზე, სპორტკომპლექს “არენაში” გამოვლინდებიან. ორდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს – 2 ნოემბერს, ტატამები პირველ სამ წონით კატეგორიაში: 60, 66 და 73 კილოგრამში მოჭიდავე ძიუდოისტებს დაეთმოთ.
უმსუბუქეს წონაში პირველ ნომრად ნაკრების გამოცდილი წევრი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი იყო განთესილი. ოქროს მედლის უმთავრესმა ფავორიტმა ოთხი სუფთად მოგებული შეხვედრის შემდეგ ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ახალგაზრდებს შორის საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, ლუხუმ ჩხვიმიანს დაუპირისპირდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ჩხვიმიანმა პაპინაშვილს საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე შესრულებული ვაზარით აჯობა. საჩემპიონო ილეთამდე კი ორი გაფრთხილებით აგებდა. წაგებული ბრძოლა შემოატრიალა ნახევარფინალშიც – იუკოთი დაწინაურებული გიორგი ბროლაშვილი საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ვაზარზე დააგდო. ამ ორ გამარჯვებამდე ლუხუმ ჩხვიმიანმა ბაქარ გულბიანის, ანზორ ნასარიძისა და პაატა მერებაშვილის ძლევაც მოასწრო.
ბრინჯაოს მედლები ბროლაშვილმა და მერებაშვილმა მოიპოვეს. რეპეშაჟის ფინალში ორივეს უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუხდა. ბროლაშვილმა გიორგი მესაბლიშვილს ოქროს დროში, გაფრთხილებით მოუგო. მერებაშვილმა კი ლაშა გიუნაშვილს ასევე შიდოთი მეშვიდე დამატებულ წუთზე სძლია.
სამეულს მიღმა დარჩა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ლერი ჭელიძე. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი პრიზიორი შეჯიბრებას ოთარ კაიდარაშვილმა საწყისი ეტაპიდანვე გამოთიშა.
66 კილოგრამში შიდა კონკურენციას წონის ლიდერი ლაშა შავდათუაშვილი დააკლდა. თუმცა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ახლახან ერთი წონითი კატეგორიით მაღლა აწევა გადაწყვიტა და სავარაუდოდ მომავალ საერთაშორისო ტურნირებზე სწორედ 73 კილოგრამში მოირგებს კიმონოს. 66-ში კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ნაკრების ყოფილი წევრი შალვა ქარდავა ავიდა. ფინალის გზაზე მან ზაზა პირველი, ლუკა ჯაში, ვანო თოთლაძე და ბექა ტუღუში დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი გიორგი ქალდანს ორი ვაზარით აჯობა. ამ წონის მთავარი აღმოჩენა სწორედ ქალდანი გახდა, რომელმაც ფინალამდე ოთხი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. თუნდაც მარტო ვაჟა მარგველაშვილის და ტრისტან ფეიქრიშვილის იპონ-იპონ ძლევა რად ღირს.
მესამე ადგილები კი ფეიქრიშვილმა და გელა კელიხაშვილმა დაიკავეს. სწორედ ამ ორ ძიუდოისტს შორის ჩაატარა საკონტროლო შეხვედრა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის წინ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ, წინასატურნირო დასკვნითი შეკრებისას. მაშინ კელიხაშვილმა იმარჯვა და მსოფლიოს განაცხადში მოხვედრაც დაიმსახურა. დღეს მათი გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა და ფეიქრიშვილმა რევანში ერთადერთი შიდოთი აიღო. აქვე ერთი საინტერესო დეტალიც - ტრისტან ფეიქრიშვილი კვარცხლბეკზე ისე ავიდა, ერთი ილეთიც არ გაუკეთებია. ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და ოთხივე გაფრთხილებებით.
73 კილოგრამში შიდა კონკურენციამ ნაკრების წევრების: ნუგზარ ტატალაშვილისა და ზებედა რეხვიაშვილის გარეშე ჩაიარა. ტატალაშვილმა კიმონო ტრავმის გამო ვერ მოირგო, რეხვიაშვილმა კი ცოტა ხნის წინ პოლიპების ოპერაცია გაიკეთა და ვარჯიში ახალი განახლებული აქვს.
ჩემპიონატი წაუგებლად ფრიდონ გიგანმა ჩაამთავრა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ოქროს აღმართს ზურაბ ოქრუაშვილის ძლევით შეუყვა. შემდეგ ანზორ ხმიადაშვილი ჩამოიშორა. თამაზ კირაკოზაშვილსა და ლევან ნახუცრიშვილს წმინდა გამარჯვებებით გასცდა. ფინალში კი ზურაბ ნოზაძეს 28 წამში მოუმთავრა საქმე. პირველივე შეტევით მეტოქეს იუკო აუღო. რამდენიმე წამში კი სუფთა გდებაც შეუსრულა.
ბრინჯაოს პრიზიორები გიორგი გასიტაშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი გახდნენ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი კირაკოზაშვილის “ბრინჯაოს ფინალი” იყო. 17 წლის ძიუდოისტმა თავისზე ბევრად გამოცდილ არსენა მაჭარაშვილს ერთ წუთში მოუგო. 73 კილოგრამში მოჭიდავეთაგან შალვა მურაჩაშვილის ჭიდაობაც უნდა გამოვარჩიოთ. მართალია იგი საბოლოოდ საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა, მაგრამ ორი ძლიერი სპორტსმენის: გიორგი შოშიაშვილისა და ზვიად ბაზანდარაშვილის დამარცხება კი მოასწრო.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. ტატამზე ნაკრების ლიდერებიც გავლენ. მათ შორის ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ). ასევე ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ).
წინასწარი ეტაპის შეხვედრები 11 საათიდან დაიწყება.
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
2 ნოემბერი
60 კგ
1 ლუხუმ ჩხვიმიანი (ქვემო ქართლი)
2 ამირან პაპინაშვილი (აჭარა)
3 გიორგი ბროლაშვილი (მცხეთა-მთიანეთი)
3 პაატა მერებაშვილი (შიდა ქართლი)
66 კგ
1 შალვა ქარდავა (რაჭა-ლეჩხუმი)
2 გიორგი ქალდანი (სამეგრელო-ზემო სვანეთი)
3 ტრისტან ფეიქრიშვილი (აჭარა)
3 გელა კელიხაშვილი (მცხეთა-მთიანეთი)
73 კგ
1 ფრიდონ გიგანი (ქვემო ქართლი)
2 ზურაბ ნოზაძე (შიდა ქართლი)
3 თამაზ კირაკოზაშვილი (კახეთი)
3 გიორგი გასიტაშვილი (აჭარა)