ძიუდო

12:33 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძირითად ბადეს ქარდავა და ფეიქრიშვილი შემორჩნენ

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე გრან პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალით დაასრულეს. უმსუბუქეს წონაში ქართული დროშის ქვეშ ამირან პაპინაშვილმა, გიორგი ბროლაშვილმა, პაატა მერებაშვილმა და ლუხუმ ჩხვიმიანმა იჭიდავეს. პაპინაშვილი სულაც პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ ყაზახ გაბიტ იესიმბეტოვთან მტკივნეული ილეთით წააგო.

ბროლაშვილი ასევე ყაზახ მეტოქესთან იერკებულან კოსაიევთან ორჯერ დავარდა ვაზარზე. მერებაშვილი ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, რუს არსენ გალსტიანს დაეჭიდა და ორი ვაზარით დამარცხდა. ჩხვიმიანს კი აზერბაიჯანელ ორხან საფაროვთან შეხვედრაში ნახევარფინალში გასასვლელად იუკო არ ეყო.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროსთვის ბრძოლას შალვა ქარდავა და ტრისტან ფეიქრიშვილი განაგრძობენ. ქარდავა მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ნიჯათ შიხალიზადას დაეჭიდება. ფეიქრიშვილი კი უკრაინის სახელით მოჭიდავე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონს გიორგი ზანთარაიას შეხვდება, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი. ამავე წონაში შეჯიბრებას უკვე გამოეთიშნენ გიორგი ქალდანი და გელა კელიხაშვილი.

დღესვე მედლები ქალთა 48, 52 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა გათამაშდეს. საქართველოს ნაკრებს წარმომადგენლები მხოლოდ 57 კილოგრამში ჰყავდა. საქმეში სალომე აბაშიძე, მარიამ ციხელაშვილი და სოფიო ბერიძე ჩაერთნენ, მაგრამ სამივემ პირველივე შეხვედრა წააგო.

სალომე აბაშიძე უნგრელ კატინკა სზაბოსთან შებოჭვაზე მოყვა. მარიამ ციხელაშვილი აზერბაიჯანელ კიფაიატ გასიმოვას იუკოს უგებდა, მაგრამ იპონზე დავარდა. სოფიო ბერიძემ კი რუს ტატიანა ნოსკოვასთან სამ წუთში ოთხი გაფრთხილება მიიღო.

0.208387