ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი შვიდი მედლით დაასრულეს. ერეკლე არხოზაშვილისა (55 კგ) და გიორგი კაციაშვილის (60 კგ) ოქროებს, თამაზ კირაკოზაშვილისა (73 კგ) და იესო კვირიკაშვილის (81 კგ) ვერცხლებსა და სიმონ მამარდაშვილისა (66 კგ) და მარიამ ჯანაშვილის (52 კგ) ბრინჯაოებს დღეს თავისი ვერცხლი გიორგი ძებისაშვილმა (+90 კგ) მიამატა.
საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მძიმეწონოსანმა უტრეხტულ ტატამზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა. ლიტველ მარტინას ვასკოვიჩუსს წუთსა და 20 წამში მოუმთავრა საქმე, რუმინელ მირჩეა ალექსანდრუ კროიტორუს 3 წუთში შეუსრულა იპონი, ხოლო ჰოლანდიელ ჟურ სპიკერსს – 2 წუთსა და 20 წამში.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის შანსი ძებისაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში, რუსეთის ნაკრების წევრ რუსლან შახბაზოვთან დაკარგა. ამ უკანასკნელმა მესამე წუთის მიწურულს, ორი ვაზარით გაინაღდა ჩემპიონის ტიტული.
დღესვე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი გველესიანიც ჩაერთო, მაგრამ საწყის ეტაპზევე ვაზარით დამარცხდა ბრიტანელ ჯონ ჯეინთან.