ინტერვიუები

9:27 | 17.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ძალიან გახარებული ვარ!” - ქეცბაიამ ყენია ალბანეთთან მატჩისთვის გამოიძახა

სასიხარულო ინფორმაციაა ქართველი ქომაგებისთვის: ლევან ყენია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება! თემურ ქეცბაიამ ალბანეთთან 29 თებერვალს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველი, რომელსაც 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ, ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია. ეს სასიხარულო ინფორმაცია “მსოფლიო სპორტმა” სანდო წყაროდან შეიტყო და შემდეგ ყენიას დაუკავშირდა გერმანიაში:
ლევან ყენია: დიახ, ქეცბაიამ დამირეკა და მკითხა, თუ შევძლებდი ჩამოსვლას. მითხრა, მსურს, რომ ნაკრებთან ერთად იყოო. დიდი სიამოვნებით მივიღე მოწვევა.
- “შალკე” ხელს ხომ არ შეგიშლით?
- არა, უკვე გავარკვიე “შალკესთან”. ხელს არ შემიშლიან, ასე რომ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჩამოვალ.
- ძალიან გახარებული იქნებით...
- რა თქმა უნდა. ძალიან მომენატრა ნაკრებში თამაში. ძალიან... სიტყვებით როგორ ავხსნა, არ ვიცი.
- ალბათ, თბილისში ჩამოსვლამდე “შალკეში” თამაში არ მოგიწევს.
- არა, ჯერ მართლაც ვერ მომიწევს. ის კი არა, ალბანეთთან შევძლებ თუ არა თამაშს, ზუსტად ვერ გეტყვით. ალბათ, 15-20 წუთით მაინც ვითამაშებ.
- ქეცბაიას პოზიცია გასაგები და მისასალმებელია: სურს, რომ ნაკრები ისევ იგრძნო და შეეგუო.
- ასეა და ყველანაირად ვეცდები, ვითამაშო კიდეც.
შეხსენებისთვის, ლევანს კოჭი საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა და სამჯერ გაუკეთეს ოპერაცია. მან წლეულს, იანვრის მიწურულს დაიწყო გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში და ახლაც ინტენსიურად განაგრძობს.
“ვარჯიშებზე თავს კარგად ვგრძნობ. მხოლოდ ამდენი ხნის უთამაშებლობაა პრობლემა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამას მოევლება”, – გვითხრა ყენიამ.
ყენიას, 2007 წელს, უკრაინასთან საშინაო მატჩში ჰქონდა დებიუტი ეროვნულ ნაკრებში და მალევე ერთ-ერთი საუკეთესო გახდა “ჯვაროსნებში”. მას ეროვნულ გუნდში 3 გოლი გაუტანია – ესტონეთთან, უელსთან და ირლანდიასთან მატჩებში.    

ილია ნანობაშვილი

0.14297