გიბრალტარის პრესტიჟულ ტურნირზე მოთამაშე ნანა ძაგნიძემ (2535) პირველი მარცხი განიცადა და ლიდერთა ჯგუფს ჩამოშორდა. ქართველ მოჭადრაკეს 5.5 ქულა შერჩა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-19 ადგილზე იმყოფება.
მე-8 ტურში ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ტურნირის რეიტინგ-ფავორიტ რუს პიოტრ სვიდლერს (2749) დაუპირისპირდა და 43-ე სვლაზე თავი წაგებულად აღიარა. ნანას მომდევნო მეტოქე ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (2699) იქნება, რომელსაც ასევე 5.5 ქულა გააჩნია.
გიბრალტარის ფესტივალზე მოთამაშე დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა მდგომარეობა ასეთია: 52. ლელა ჯავახიშვილი (2454) – 5.0; 70. ნინო ხურციძე (2444) – 4.5; 80. სალომე მელია (2398) – 4.5; 196.შალვა კაკულია (2133) – 3.0;
ტურნირის სენსაციურ ლიდერად ქალთა შორის მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი იიფან ჰოუ (2605) იქცა, რომელმაც ვიეტნამელი ლიემ ლე ქუანგი (2714) დაამარცხა და ასევე 6.5 ქულის მქონე ინგლისელ მაიკლ ადამსს (2724) დამატებითი მაჩვენებლებით გაასწრო.
შეგახსენებთ, რომ გიბრალტარის ტურნირი შვეიცარიული სისტემით, ათ ტურად მიმდინარეობს და 2 თებერვალს დასრულდება, საპრიზო ფონდიდან (155 ათასი გირვანქა) კი თანხები ასე გადანაწილდება: I ადგილი – 20 ათასი გირვანქა, II – 12 ათასი, III – 10 ათასი, IV – 8 ათასი, V – 5 ათასი, VI – 3 500, VII – 3 ათასი, VIII – 2 500, IX – 2 ათასი, X – 1 000, XI – 1000, XII – 1000. ქალთა შორის გამარჯვებული 10 ათას ევროს მიიღებს, მეორე-მესამე ადგილოსნები კი შესაბამისად, 7 და 5 ათასით დაჯილდოვდებიან.