ჭადრაკი

0:18 | 20.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძეს მე-2 ადგილის დაკავების შანსი გაუჩნდა

ნანა ძაგნიძემ (2550) ხანტი-მანსიისკში მიმდინარე გრან-პრიზე ზედიზედ მე-2 გამარჯვება იზეიმა და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მიმდინარე ტურნირი წარუმატებლად დაიწყო, ფინიშამდე 2 ტურით ადრე, მე-2 ადგილის დაკავების არცთუ ცუდი შანსი გაუჩნდა.

გრან-პრის მე-9 ტურში ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა (2489) დაამარცხა და თავი 5.0 ქულას მოუყარა. ასეთივე მაჩვენებელი გააჩნიათ რუს ალექსანდრა კოსტენიუკს (2498) და სლოვენიელ ანა მუზიჩუკს (2475), დამატებითი მაჩვენებლებით კი, ქართველი მოჭადრაკე მე-5 ადგილზეა და მე-2 პოზიციაზე მყოფ რუს ოლგა გირიას (2450) მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩება.

ხანტი-მანსიისკის ტურნირის ჩემპიონობას ვერავინ შეეცილება ჩინელ იიფან ჰოუს (2618), რომელმაც 7.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტს უკვე 2.0 ქულით უსწრებს.

ბოლოსწინა მე-10 ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით უკრაინელ ანა უშენინას (2501) ეთამაშება, ხოლო 21 აპრილს ნანა თეთრებით ჩინელ ქსუე ჟაოს (2552) დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ძაგნიძეს, რომელსაც ტურნირზე დახმარებას პერსონალური მწვრთნელი, საერთაშორისო ოსტატი ხვიჩა სუპატაშვილი უწევს, აქამდე 2 ეტაპზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

ნანამ ჟენევაში (შვეიცარია) III-IV ადგილები გაინაწილა, ხოლო დილიჟანში (სომხეთი) – II-III. ამჟამად, საერთო ჩათვლას ინდოელი ჰამპი კონერუ ლიდერობს 320 ქულით, ხოლო მეორე ადგილზე 290 ქულით ქართველი ბელა ხოტენაშვილი იმყოფება.

ცნობისთვის, თითოეულმა მოჭადრაკემ ოთხ-ოთხ ტურნირში უნდა მიიღოს მონაწილეობა. საერთო ჩათვლაში კი, სამი საუკეთესო შედეგი ჯამდება.

გრან-პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი – 60 000 ევროს შეადგენს.

I ადგილი – 10 000 ევრო (120 ქულა+40 ბონუსი)

II – 8 250 (110+20)

III – 6 750 (100+10)

IV – 5 750 (90)

V – 5 000 (80)

VI – 4 500 (70)

VII – 4 250 (60)

VIII – 4 000 (50)

IX – 3 250 (40)

X – 3 000 (30)

XI – 2 750 (20)

XII – 2 500 (10)

ცნობისთვის, 2014 წელს დარჩენილ ორ გრან-პრის თბილისი (18 ივნისი-2 ივლისი) და მონღოლეთის ქალაქი ერდენეტი (24 აგვისტო-7 სექტემბერი) უმასპინძლებენ.

0.114713