ხანტი-მანსიისკში მიმდინარე ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატზე 28 აპრილს დასკვნითი 5 ტურის პარტიები შედგება, ჩემპიონობის საუკეთესო შანსი კი სლოვენიელ ანა მუზიჩუკს და ქართველ ნანა ძაგნიძეს გააჩნიათ, რომელთაც 15-15 ქულა მოაგროვეს და პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ.
შეგახსენებთ, რომ ბლიცში ასპარეზობა 15 ტურად მიმდინარეობს, ოღონდ, რაპიდისგან განსხვავებით, მეტოქეები დაწყვილებულ შეხვედრებს მართავენ (თეთრებით და შავებით).
აღსანიშნავია, რომ ძაგნიძემ ბატჩიმეგს (მონღოლეთი), მარია მუზიჩუკს (უკრაინა), ჟაოს (ჩინეთი), კრუშს (აშშ), ჩაროჩკინას (რუსეთი) და ლაჰნოს (უკრაინა) ორივე პარტია მოუგო, სტეფანოვას (ბულგარეთი), გუნინას (რუსეთი) და ტატიანა კოსინცევას (რუსეთი) დაუზავდა, ხოლო ორივე პარტია მხოლოდ ანა მუზიჩუკთან (სლოვენია) დათმო.
20 შესაძლებლობიდან 10.5 ქულა მოაგროვა ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე ბელა ხოტენაშვილმა, რომელსაც 13 ქვეყნის 34 მოჭადრაკეს შორის მე-16 პოზიცია უკავია.
მე-11 ტურში ძაგნიძე ინდოელ დრონავალი ჰარიკას დაუპირისპირდება, ხოლო ხოტენაშვილის მეტოქე უკრაინელი ინა გაპონენკო იქნება.